"გაჩალიჩებული" ავტოკოლაფსი - კვირის პალიტრა

"გაჩალიჩებული" ავტოკოლაფსი

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის ცენტრალური უბნების ერთდროულად გადათხრამ თბილისელების ცხოვრების რიტმი და ნერვული სისტემა შეიწირა. ქალაქის ქუჩებში შექმნილმა სიტუაციამ საცობებს შეჩვეული თბილისელებიც კი გააღიზიანა. ქალაქიდან დასასვენებლად გასული მოსახლეობა შინ ბრუნდება და მანქანების გრძელ ნაკადს კიდევ უფრო გრძელი ნაკადი ემატება. ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდება სწავლის დაწყების დღეს.

ირაკლი იზორია, ფონდ "საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი: - სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს, რაც დიდ პრობლემას უქმნის ქალაქს. მაგალითად, სააკაძის მოედნამდე მთლიანი გზის მონაკვეთია გადათხრილი, არადა, ეს არტერიული გზაა, რომელიც საბურთალოსთან აკავშირებს ავტომობილების ნაკადს, შესაბამისად, ვერ ხერხდება ავტომობილების სწრაფად მიმოსვლა და საცობი იქმნება. რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ეს პრობლემა უფრო გამწვავდება, ვინაიდან დასასვენებლად ქალაქიდან გასული მოსახლეობა თბილისს დაუბრუნდება. შესაბამისად, ავტომობილების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნის.

სამუშაოები რომ მიმდინარეობს, მივესალმებით, თუმცა აჯობებდა, ეტაპობრივად წარმართულიყო. საკვანძო ადგილებსა და მაგისტრალებზე, რომლებიც ავტომობილების ძალიან დიდ ნაკადებს ემსახურება, სამუშაოები ზაფხულში უნდა დაწყებულიყო და ზაფხულშივე დასრულებულიყო. შესაძლებელი იყო უფრო მეტი კომპანია დაექირავებინათ და ყველაფერი უფრო სწრაფად გაკეთდებოდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, როგორც საკვანძო, ისე მეორეხარისხოვან და დანარჩენ გზებზეც ერთდროულად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დასრულებას პირი არ უჩანს. წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი 10-12 დღეში დამთავრდეს და, ალბათ, თვის ბოლოსთვის ძალიან დიდი საცობები და კოლაფსი შეიქმნება თბილისში.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ აუცილებელია მოძველებული კომუნიკაციების შეცვლა, უმეტესობის აზრით კი კომუნიკაციების განახლება ეტაპობრივად ჯობდა, რადგან გაძნელებული მიმოსვლა, მტვერი თუ საცობებში მდგარი ავტომობილების გამონაბოლქვი დიდ პრობლემას უქმნის ქალაქს.

- მოსახლეობა იმასაც აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მგზავრთა ნაკადი რომ დაეთვალათ, შესაძლოა გაცილებით უკეთ მომხდარიყო დაგეგმარებაო.

- მგზავრთა ნაკადის დათვლა მერიას არ გაუჭირდება, ვინაიდან მგზავრთა ნაკადებს ითვლიან მაშინ, როცა დგამენ შუქნიშნებს, ამონტაჟებენ საგზაო ნიშნებს... რა თქმა უნდა, უნდა გაეთვალათ მგზავრთა ნაკადების ცვალებადობა, დაანგარიშებულიყო, რამდენ ხანში ავტომობილების რა რაოდენობა გატარდებოდა ამა თუ იმ წერტილში. როგორც ცენტრალური, ისე გვერდითი ქუჩებიც გადათხრილია, ამიტომაც ავტომობილების ნაკადი მხოლოდ ერთ ზოლშია მოქცეული და ხალხს საათობით საცობში ლოდინი უწევს. გამოსავალი, ალბათ, ის იქნება, რომ დაწყებული სამუშაოები მალე დამთავრდეს, დასაწყები კი გათვლილად დაიგეგმოს.

- საზოგადოების ნაწილი მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

- შეიძლება პროფესიონალები არიან გზის დაგებასა და კომუნიკაციების მოწყობაში, სამაგიეროდ, აშკარად იკვეთება მენეჯმენტის პრობლემა. ვიცით, რომ თბილისში ძალიან ბევრი რამე შესაცვლელი და გასაკეთებელია, თუმცა ყველა სამუშაოს ერთდროულად დაწყება კატასტროფაა ქალაქისთვის.

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე: - ინფრასტრუქუტურული ცვლილებები საშური საქმეა, მაგრამ დიდი დისკომფორტიც მოაქვს, რაც ისედაც არ გვაკლდა საცობების სახით. აჯობებდა ეტაპობრივად წარმართულიყო სამუშაოები, რათა თავიდან აგვეცილებინა ქაოსური ვითარება. თუმცა არის საკითხები, რაშიც მხარს ვუჭერთ ქალაქის ხელმძღვანელობას, იქნება ეს რადიკალური მიდგომები თუ გაბედული ნაბიჯები და განცხადებები, რაც ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქალაქს, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც უნდა დავფიქრდეთ, რათა ეს ყოველივე მოქალაქეებისგან უარყოფით ტალღად არ დაგვიბრუნდეს. თუ შესაძლებელი იყო ყოველივეს უმტკივნეულოდ გაკეთება, მაშინ სხვანაირად უნდა დაეგეგმათ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

- სწავლის დაწყებისთვის, რა სურათს უნდა ველოდოთ დედაქალაქში?

- შეიძლება სატრანსპორტო კოლაფსი იყოს, მაგრამ, თუ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილებაზე გააკეთებენ აქცენტს, შეიძლება თავიდან ავიცილოთ ქაოსი.

- ამ ვითარებაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

- ვინც ეს სამუშაოები დაგეგმა და დაიწყო. ეს არ არის გაუაზრებლად გადადგმული ნაბიჯი. იქნებ ჯობდეს, რომ ეტაპობრივად გარემონტდეს სხვადასხვა უბანი. არჩევანი ხელისუფლებაზეა, თუმცა ვხედავთ, რა არჩევანიც არის გაკეთებული - სწრაფი და რადიკალური მიდგომა.

ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერის მოადგილე: - 15 სექტემბრისთვის ყველა ცენტრალურ საკვანძო ადგილებზე ასფალტის პირველი ფენა დაგებული იქნება და მოძრაობა სრულად აღდგება. ვიცით, რომ 15 რიცხვის შემდეგ დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობა რადიკალურად იზრდება. ამის გათვალისწინებით სამუშაოები სავალ ნაწილზე ღამის 24-დან 6 საათამდე იწარმოებს, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილებაში. მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, ასევე სანათი სისტემების შეცვლა და ა.შ. ამის გათვალისწინებით 15 რიცხვის შემდგომ დღის განმავლობაში მხოლოდ ტროტუარზე იქნება სამუშოები.

სამუშოების დასრულების შემდეგ კოსტავასა და შარტავაზე ველობილიკები მოეწყობა, ე.წ. ბასლაინები. დაგეგმილი გვაქვს დამატებითი ხემცენარეების ჩარგვაც, როცა ამის პერიოდი დადგება. ველოდით, რომ იქნებოდა შეფერხებები. დედაქალაქის მერმა მოსახლეობასაც სთხოვა, რომ ყველაფერს გაგებით მოჰკიდებოდნენ. ეს ქუჩები არ კეთდება ერთი უწყებისთვის, კეთდება მთელი დედაქალაქისთვის.

"კომპიუტერულ თამაშებში რომაა, რომ მიდიხარ და რომ არ იცი, საიდან გამოხტება დაბრკოლება, ისეა ახლა თბილისის ქუჩებშიც"

საათნახევრიან საცობში დგომის შემდეგ წერეთლის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან იოსებიძის ქუჩამდე გზას ფეხით გამოვუყევი. საცობის სქელი ზოლი გზამკვლევივით მომყვებოდა. ვახუშტის ხიდთან გაცხარებული ტაქსის მძღოლის საუბარი მესმის: "ამ ქალაქში ბარდაკია. ხალხზე არავინ ფიქრობს. მანქანაში ტურისტები რომ მიზიან, სულ "პრობლემ, პრობლემო" გაიძახიან. უკვე 6 თვეა აეროპორტიდან სამგორის მეტრომდე გზა გადათხრილია. ცენტრალურ ქუჩებზე შესასვლელებში, მე-3 მასივისა და ვარკეთილისკენ, ხრეში ისეა დაყრილი, რომ 2 წუთში მისასვლელ ადგილამდე 2 საათში მიდიხარ. ასეა სხვა მონაკვეთებზეც, ერთსა და იმავე ფირმებს აკეთებინებენ სამუშაოებს და მოგება, ცხადია, ზემოთ მიდის".

გზას მივუყვები, ხიდის შუაგულში მანქანიდან ქალის ხმა ისმის: "კატასტროფაა, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება. მესმის, რომ რაღაც ჩვენც უნდა მოვითმინოთ, მაგრამ უკვე მეტისმეტს ითხოვენ - კალაძე თავს გავიდა!" "

მის გაცხარებას ღიმილით ეხმიანება უკან მდგომი მანქანის მძღოლი: "დღე-დღეზე მამა გავხდები, ტელეფონი რომ მირეკავს, სულ მგონია, რომ მეუღლეა და სამშობიაროში ვარ გასაქცევი. მერიის იმედი არა მაქვს, იქნებ ბავშვმა მაინც გათვალოს დრო, რომ საცობში გაჩხერილ "სასწრაფოს" მანქანაში არ მოუხდეს დაბადება".

ამოვუყევი სააკაძის მოედნისკენ მიმავალ აღმართს. სამსახურში მისვლამდე გვარიანად გავირუჯები... "ახლა თუ 2 საათი მოვუნდი ვახუშტის ხიდის გადავლას, ფანტაზიაც აღარ მყოფნის წარმოვიდგინო, რა მოხდება სწავლის დაწყების შემდეგ", - ისმის გოგონას ხმა ერთ-ერთი მანქანიდან.

"ამ ხალხის ვერ გამიგია - კეთდება, რატომ კეთდებაო! არ კეთდება და, რატომ არ კეთდებაო!" - თავის პოზიციას ახმოვანებს მის გვერდით მდგომი ხნიერი მძღოლი.

"კომპიუტერულ თამაშებში რომაა, რომ მიდიხარ და რომ არ იცი, საიდან გამოხტება დაბრკოლება, ისეა ახლა თბილისის ქუჩებშიც. შეიძლება იარო, იარო და მიადგე ორმოს, მე შენ გეტყვი, ან საგზაო ნიშანი იქნება დაყენებული, ან ინფორმირებული ხარ... მერე სათადარიგო გზის ძებნას მთელი დღე უნდა მოანდომო", - ხუმრობის ხალისი შერჩენია წითელ მანქანაში მჯდომს.

აი, სამსახურამდეც მოვედი. 46 წუთი გასულა. მთავარია, მონდომება... მჯერა, მომდევნო დღეებში შედეგს გავაუმჯობესებ...

ეკა სალაღაია