სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში?! - კვირის პალიტრა

სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში?!

რატომ სწავლობს სუს-ი C ჰეპატიტის პროგრამას

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, შესაძლოა, ჯანდაცვის უწყებაში დიდი სკანდალის საფუძველი გახდეს - პროგრამას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მკურნალობისთვის საჭირო ძვირად ღირებული მედიკამენტები ჩამოწერა. საქმე ეხება ექვსი ათას კოლოფ "ჰარვონის", რომლის ერთი კოლოფის ფასი 25 ათასი აშშ დოლარით იწყება. მწარმოებელი კომპანია მას საქართველოს საჩუქრად უგზავნის.

ეს პროგრამა "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველო ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა დიდი რაოდენობისა (დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ვირუსი აქვს მოსახლეობის 7.7%-ს) და ქვეყნის მასშტაბის გამო შეირჩა - პატარა ქვეყნისთვის ძვირად ღირებული პრეპარატი შედარებით მცირე რაოდენობით იყო საჭირო. მეორე მხრივ, მწარმოებელი კომპანიისთვისაც და "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვისაც" მნიშვნელოვანია შედეგი - C ჰეპატიტით დაავადებულთა განკურნება მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა განაცხადა თანხმობა, რომ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები. ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 50 000-ზე მეტი პაციენტი. მათგან 44 000-ზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათი განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

ოფიციალური ვერსია

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჯანდაცვის უწყებამ შემოსავლების სამსახურს ძვირად ღირებული წამლების ჩამოწერა სთხოვა. საკითხის მოკვლევა ერთდროულად ორმა უწყებამ დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში მოკვლევას შემოსავლების სამსახური ატარებს. პარალელურად გამოძიება დაიწყო სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომაც.

სუს-ის განცხადებით, კითხვები მედიკამენტების განაწილების პროცესში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, გამოძიება პრევენციული ხასიათისაა და საქმე ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა.

"გამოძიება ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ექვსი წლის განმავლობაში არ მახსოვს, კონტროლი არ ყოფილიყო. ეს მუდმივად არის, მათ შორის - ანტიკორუფციული სამსახურის," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რატომ გახდა საჭირო მედიკამენტების ჩამოწერა?

სწორედ იმიტომ, რომ პაციენტების რაოდენობა განსაზღვრულია და გაწერილია წამლის დოზის მიღების გრაფიკი, ჩნდება კითხვა: რატომ დარჩა წამლები გაუხარჯავი?

ქვეყანაში საჭირო მედიკამენტების რაოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით. საბჭოში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ფარმაცევტული კომპანია "გილეადის" წარმომადგენლებიც არიან. მრჩეველთა საბჭოს მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, ელიმინაციის შედეგისთვის დაგეგმილ ვადებში რომ მიეღწიათ, თვეში 3500 პაციენტისთვის უნდა მიეწოდებინათ საჭირო მედიკამენტები. დღეის მდგომარეობით პროგრამაში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 პაციენტი ერთვება.

როგორც ჩანს, ეს არ არის წამლების დაძველებისა თუ მოჭარბების პირველი შემთხვევა და დავით სერგეენკოც სწორედ ამას ამბობს: "ორჯერ დაგვრჩა ზედმეტი მედიკამენტები. ერთხელ ორი წლის წინ, როდესაც ახალი გენერაციის მედიკამენტზე გადავედით და ეს წამლები დონაციის პრინციპით გადავეცით სხვა ქვეყნებს; მეორედ კი ახლა, აპრილში, როცა გარკვეული რაოდენობა მედიკამენტებისა შეკვეთილი იყო თვეში 3500 ადამიანისთვის, მაგრამ ნაკადი იყო ნაკლები. თუმცა ამით სახელმწიფოს ზარალი არ მისდგომია, რადგან ეს დონაციაა, ამ მედიკამენტებს გვჩუქნიან, პაციენტებს კი საფრთხე არ შეჰქმნიათ - ამ 1000-მა კაცმა ვადიანი წამლებით იმკურნალა."

კორუფცია, თუ მენეჯმენტის პრობლემა

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ჯანდაცვის საკითხებს სწავლობს, აცხადებს, რომ ამ წლების განმავლობაში მას კორუფციის საფრთხეზე სმენია, მაგრამ კორუფციის ერთი ფაქტიც კი არ აქვს: "როდესაც ასეთ ძვირად ღირებულ პრეპარატზეა ლაპარაკი, ცხადია, ჩვენი მეზობელი ქვეყნების დაინტერესებაც იქნება, მით უმეტეს, რომ დაავადებულთა რაოდენობა აზერბაიჯანშიც ძალიან ბევრია, სომხეთშიც და რუსეთშიც, მაგრამ ამ წლების განმავლობაში კორუფციის არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ გამოვლენილა და ამიტომ მგონია, რომ ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა."

სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი: "რატომ დაინტერესდა სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური და რა ეჭვი აქვთ, ძნელი სათქმელია, მაგრამ არა მგონია, ეს პრეპარატი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიეყიდათ. ეს უფრო ადმინისტრირების ხარვეზი მგონია, პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს იმ ადამიანების მოძიებას და ამ პროგრამაში ჩართვას, ვისაც ეს სჭირდება. დათვლილია, რომ გვყავს 150 ათასი ინფიცირებული და 120 ათასზე მეტი პროგრამის დასრულებისას განკურნებული უნდა იყოს. ამ შედეგს ვერ ვაღწევთ იმიტომ, რომ პროგრამა, სამწელიწად-ნახევარია, დაიწყო, განკურნებული კი მხოლოდ 40 ათასია! ცხადია, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და სწორედ ამაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვისაც საჭიროა, - როგორც ის განმარტავს, წამლის გარდა, C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ჩართვისთვის საჭიროა ძვირად ღირებული კვლევები, რომლებიც პაციენტების თანადაფინანსებით ტარდება, ბევრს კი ეს თანხა არ აქვს და პროგრამაში ჩართვაზეც უარს ამბობენ."

ხმაურის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება მცირდება. გენოტიპის ანალიზს ამიერიდან სახელმწიფო დააფინანსებს, რაც კვლევების ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. ამასთან, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევებს სახელმწიფო 70%-ით დააფინანსებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ამიერიდან რეგისტრაცია შესაძლებელია პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში.

"მუშაობის ონლაინფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც შეამცირებს პაციენტთა ლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან შვიდ დღეში შეძლებენ, ნაცვლად ერთი თვისა," - ნათქვამია განცხადებაში.

რუსა მაჩაიძე