იმ "საგიჟეთიდან" ამ "საგიჟეთში" - კვირის პალიტრა

იმ "საგიჟეთიდან" ამ "საგიჟეთში"

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომწყვდეული ოცნებები

აქ არავინ ფიქრობს ამ ადამიანების ნისლისფერი სამყაროს დაშლას

მაშინ, როდესაც გაუსაძლისი ღამეების სიგრძე ცას გასწვდა, მთვარე კი დამტვერილი მიწის ცქერით დაიღალა, შეურაცხადად შერაცხილმა დიდი სიხარული იგრძნო. მერე გაბედა, გარისკა, გადალახა და... იმ ღამით სურამის ალ. ქაჯაიას სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან პაციენტმა ტერენტი კვირკველიამ "ფრთა შეისხა და გაფრინდა". ჰო, სხვა ოცნების არეში გადაინაცვლა.

გიჟი იყოო. გრანელივით ახლაც ბევრი "გიჟის" ოცნებაა გამომწყვდეული ამ საავადმყოფოში.

რა არის სიგიჟე?

ან ვინ არის შეურაცხადი - ჩვენ თუ ისინი?

რატომ ვუწოდებთ მათ გიჟებს? აგრესიული პროტესტის გამო მკაცრი რეალობის მიმართ? თუ იმიტომ, რომ ამქვეყნიურ "საგიჟეთში" ვერ მოახდინეს ადაპტირება?

ან იქნებ იმის გამო, რომ სწორედ იქ გაჩერდნენ, სადაც სილაღე იგრძნეს, თავის გადარჩენა შეძლეს?!

აქ არავინ ცდილობს ამ ადამიანების ნისლისფერი სამყაროს დაშლას. მათთვის დრო გაჩერებულია. ყველას საკუთარი დროება აქვს. თითოეული მათგანი სამყაროა ამ სამყაროში. აქ სხვაგვარი გარემოა - გარედან უცხო, შეუვალი, მკაცრი და საშიშიც.

სურამში შვილთან ერთად დასასვენებლად ჩასულმა მრავალჯერ ჩავუარე საავადმყოფოს ერთი და იმავე ფიქრით. გვირილა რომ მჭეროდა ხელში, ამ კითხვით დავფურცლავდი, - "შევიდე, არ შევიდე"... მანამდე, ვიდრე არ შემრჩებოდა - "შევიდე".

შევალ. ხვალ...

ფართო ბილიკი უცნობი სამყაროსკენ მიმიძღვის. ეზოში არავინ მხვდება.

- გოგონა, დამეხმარე! - ქალის ხმა მწვდება. ფულს მთხოვს, სიგარეტი უნდა იყიდოს.

მერე მადლიერი, საავადმყოფოსკენ მიმიძღვის და მიყვება: - მოწევა აქ დავიწყე... აქ კი იმიტომ მოვხვდი, რომ გიჟი ვგონივარ.

სკამზე ვსხდებით. სახელებს ვცვლით. თავის ამბავს ჰყვება - ტრაგიკულს, შემზარავს...

- თათარი ვარ, კახეთიდან. მეთერთმეტე კლასი დავამთავრე თუ არა, უცხო მამაკაცს მიმათხოვეს. ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, - ამბობს მერი, - მერე, ოჯახის წევრები ავარიაში მოხვდნენ და ამოწყდნენ.

მერე კი... მერე გადაწყვიტეს, რომ მერი გაგიჟდა. ახლა აქაა.

- მოგწონს აქ?

სახეზე ღიმილი გადაეფინა, ხელები ისე გაშალა, თითქოს გაფრენას აპირებსო და... კი, ძალიანო.

- სალომე, - ისევ მომიჯდა გვერდით და ჩუმად განაგრძო, - რაულ უსუფოვი ხომ იცი, ზურაბ ჟვანიასთან ერთად რომ მოკლეს? ჩემი ახლო ნათესავი იყო.

- რა იცი მაგ მკვლელობაზე?

- ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ჩუუუუუ...

ვემორჩილები. მერე მერი მეხმარება და მისაღებისკენ მიმიძღვის.

გია ჯობაძე ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია სამკურნალო დარგში. ვიზიტის მიზეზს ვამცნობ. ფოტოაპარატით აღჭურვილს მთხოვს, არ გადაიღოთ, ამ ადამიანების უკან ოჯახები დგანანო.

ვილაპარაკოთ? ჰო, მაგრამ ჯერ მთავარ დირექტორს უნდა შევუთანხმდეთ.

სატელეფონო შეთანხმება მიღწეულია, - მე ამ სამყაროში მოგვიანებით დავბრუნდები. მაშინ, როდესაც ორივე დირექტორი ადგილზე იქნება და... დავბრუნდი. კვლავ ფოტოაპარატითა და ამანათით, - სიგარეტი, ტკბილეული... გია ექიმი განყოფილებაში შემიძღვა.

ორსართულიანი აგურისფერი შენობის პირველ სართულზე ქალთა სამყაროა. კარი იღება. 48 ქალის ოხვრით გაპოხილი ჰაერი მძიმედ მხვდება სახეში. ყველა ჩემკენ გამორბის. არ მეშინია. მათი მზერა თბილია. სიყვარულს ვხედავ და ინტერესს უცხოს მიმართ, მოწიწებასა და კეთილგანწყობას. რაც მთავარია, მე ვარ გზავნილი გისოსებსმიღმიერი სამყაროდან, ამიტომ ყველა ცდილობს, შემეხოს.

- რა მომიტანე? - მეკითხებიან.

სიგარეტსა და ტკბილეულს ვარიგებ. იმაზე მეტად უხარიათ და აოცებთ, ვიდრე ბავშვებს თოვლის ბაბუის საჩუქარი.

მელაპარაკებიან. არაფერი მესმის. როგორც ჩანს, ემოცია სათანადოდ ვერ მოვთოკე.

გიჟივით გამოვვარდი საქალეთიდან და გია ექიმთან ერთად კიბეს საკაცეთისკენ ავუყევი.

49 მამაკაცის წყვილი თვალი ჩემკენ გამოემართა, მერე კი იმ პარკისკენ, რომელიც ხელში მეჭირა. 49 წყვილი ხელი გამომიშვირეს. სიგარეტს ვარიგებ.

განყოფილებას ვტოვებთ. შენობასაც. ეზოს ფართო ბილიკს ჩრდილამდე მივყავართ და სამლოცველოს წინ იმ ხის ძირში ვსხდებით, სადაც რამდენიმე დღის წინ მერი გავიცანი.

ბევრს ვსაუბრობთ. მთავარზე - არა. საავადმყოფოს მთავარი დირექტორი ვერ ჩამოვიდა და...

მეორე დღეს უკვე მესამედ მივდივარ მათთან.

ფართო ბილიკს უზარმაზარი ფუთით ხელში ძლივს მივარღვევ. ტანსაცმელი და საჩუქრები მიმაქვს, ჩემმა მასპინძელმა გამომატანა. ჰო, ისევ აქაურები თუ დაეხმარებიან, თორემ არც ერთხელ არავინ დახმარებია სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს. არც ერთ აღდგომას კვერცხები არავის უჩუქებია, არც ერთ ახალ წელს არ გასჩენია რომელიმე შეძლებულ "თოვლის ბაბუას" სურვილი, გაეხარებინა ისინი.

ფიქრებიდან ქალების კივილმა გამომარკვია: "კუკლა დაბრუნდააა! სალომეეეე! სალომეეეეეეეეეე!""

სადილობის დროს შევესწარი - ქათმის წვნიანს შეექცეოდნენ. ზოგი უღიმღამოდ ილუკმებოდა, ზოგი ცრემლებით ასველებდა ულუფას. ერთიც ისტერიკულად ტიროდა. ზოგი გამეხებული იყო, რამდენიმე - დარცხვენილი, ზოგიერთი კი გვერდიდან არ მშორდებოდა და მკოცნიდა.

გვერდით მედგა საავადმყოფოს მთავარი დირექტორიც ვახტანგ ამირანაშვილი.

არასდროს დავიჯერებდი სხვის მონათხრობს და გადამეტებულადაც კი ჩავთვლიდი იმას, რაც თავად ვიხილე.

ვახო ექიმი უყვართ. ელიან. ენდობიან. ვახო ესიზმრებათ. ეფერებიან. უყვებიან ყველაფერს და რჩევას ეკითხებიან. წერილებს უგზავნიან. სთხოვენ, რაც სურთ. ვახოც ყველას ეფერება. უსმენს. რჩევას გულუხვად არიგებს, თუ რომელიმეს ემღერება, ხმას უწყობს და დროდადრო სახინკლეშიც კი მიჰყავს ისინი. ვახო ზოგისთვის მშობელია, ზოგისთვის - იმედი, ვისთვის - მეგობარი, ვისთვის - ერთადერთი გულშემატკივარი და პატრონი. არადა, აქ ბევრნი არიან. არ გინდა, დაიტიო და გაიზიარო ყველას სიხარული, ტკივილი?

გია ჯობაძე და ვახტანგ ამირანაშვილი ისე ელაპარაკებიან თითოეულ პაციენტს, მართლა ვერ მიხვდები, ვინ არის ფსიქიკურად აშლილი, ისინი თუ შენ, ვინც ამ ყველაფერს უსმენ და გიკვირს.

მზიას სიმღერა უყვარს. მიმღერის, თან ისე გრძნობით... სულში ჩამიძვრა. ცრემლს ყელში ვიგუბებ და ვუღიმი.

აქ ფრანგული ენის სპეციალისტიც მხვდება. საფრანგეთი და ევროპა აღარ არსებობსო, განიცდის და ფრანგულად მელაპარაკება.

კუთხეში მიხეილ ჯავახიშვილის "სიდონიასაც" ვამჩნევ. ნამდვილი სიდონიაა - შავოსანი შვილმკვდარი დედა, რომელიც არავის ელაპარაკება. თავიდან არ იჯერებდა, რომ შვილი მოუკვდა. მერე ვინმე ფრიდონ დორაშვილისმაგვარმა დააჯერა, გაამეხა და... გონს მოსულს შვილი დასამარხად აღარ ემეტებოდა. მერე ძალა დაატანეს. მერე კი აქ აღმოჩნდა - იმ "საგიჟეთიდან" ამ "საგიჟეთში".

მერი უკრავს... ძალიან კარგად, მაგრამ ახლა ვერ მომასმენინებს - პიანინო მძიმე მანიაკური შეტევისას დალეწეს. თანაც, სამჯერ. ნამცეცებად აქციეს არაერთი რადიო და ტელევიზორი. მერე ვახოს ახალს სთხოვენ. ვახოც გულს არ სწყვეტს და კიდევ ერთხელ მოაქვს. ცოტა ხნით გაიხარებენ, მერე კი... ისევ იგივე.

როდესაც რომელიმე მათგანს მდგომარეობა უმწვავდება, შეურაცხადთათვისაც კი შეურაცხადი ხდება -  ერთმანეთს ერჩიან, მომსახურე პერსონალის სიცოცხლესაც მრავალჯერ შეექმნა საფრთხე.

აი, სიყვარული კი... ო, როგორი სიყვარული შეუძლიათ! იყო შემთხვევა, როდესაც აქ მცხოვრებ შეურაცხად ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი შეუყვარდათ - ზუსტად ისევე, როგორც ხდება ხოლმე, გიჟურად და არანორმალურად. დაქორწინდნენ...

ყველაზე მეტად 2008 წლის აგვისტომ დაასევდიანა აქაურები. მამაკაცთა განყოფილებაში წარმოშობით ოსი სტალინი ჰყავთ, რომელმაც ომამდე იწინასწარმეტყველა, რუსები ყოფას გვიტირებენო. როგორც ექიმები მიყვებიან, იმ ცხელი აგვისტოს შემდეგ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა.

ღვთის წყალობით ავადმყოფებს მედიკამენტები ყოველთვის აქვთ - სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება კვება, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები, მომსახურე პერსონალის ხელფასები, სადღესასწაულო "სიამოვნებანი" და მრავალი სხვა... ის, რაც აუცილებელია.

- რა გაჩერებთ აქ? - გულწრფელად ვეკითხები.

- ერთხელ რომ მოხვალ, თავს ვეღარ დააღწევ. უკვე ცამეტი წელია, ერთ ოჯახად ვცხოვრობთ. ყოველ ახალ წელს ერთად ვხვდებით. ყოველ შაბათ-კვირას მენატრებიან. ამდენი წლის განმავლობაში თბილისიდან ტრასას ყოველ სამუშაო დღეს მათი სიყვარულით ვტკეპნი, თორემ... ანაზღაურება? მიზერული გვაქვს.

ფართო ბილიკს იმ გზაზე გამოვყავარ, რომელმაც მათთან შემაღწევინა. ათობით ხმა შიგ გულში მიძვრება: "კუკლაააა! სალომეეე! სალომეეეეეეე! ხომ დაბრუნდები? ხომ მომიტან?" - ჩამონათვალი ვრცელია.

ვპირდები. არ ვიცი, როდის მივალ ისევ მათთან, არც ის ვიცი, ყველას მივუტან თუ არა ოცნებადქცეულ ნივთებს, მაგრამ ბილიკის დასასრულს ვგრძნობ, რომ სავსე ვბრუნდები ფერადი სამყაროდან ნაცრისფერ საზოგადოებაში.