რა ხდება "იბერიაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "იბერიაში"?

უკვე რამდენიმე დღეა ტელეკომპანია "იბერია" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

"იბერიას" ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო, კომპანია - "ომეგა ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია "იბერია". ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია დაიხუროს ტელეკომპანია "იბერია" და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "ომეგა ჯგუფზე" ხდება ზეწოლა, რათა შემდეგ ხელში ჩაიგდონ ტელეკომპანია. კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება "ომეგა ჯგუფს". მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს არხმა მაუწყებლობა",-განაცხადა "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა.

ამასთან, "რუსთავი2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

ტელეკომპანია "იბერიის" მეპატრონე თამბაქოს მაგნატი ზაზა ოქუაშვილია. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, "იბერიას" ზაზა ოქუაშვილის შვილების კომპანია ფლობს. ზაზა ოქუაშვილის ძირითადი ბიზნესი საქართველოში თამბაქოს იმპორტი და წარმოებაა. არის "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი. გარდა ამისა, ის "პატრიოტთა ალიანსიდან" აჭარის უზენაესი საბჭოს წევრია. მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე კი ამავე პარტიიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.

"იბერიას" ჟურნალისტების განცხადებებს გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო. უწყების ოფიციალური განცხადების მიხედვით, "ომეგა ჯგუფი" ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე".

"ომეგა ჯგუფში" შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს "ოჯთ"-ს (ომეგა ჯგუფის თამბაქო) საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე. თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ ორჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერხებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით მინიჭებული ღონისძიებები" - ნათქვამია სამინისტროს 7 სექტემბრის განცხადებაში.

ამ წუთებში არხის თანამშრომლები ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტს ხვდებიან.

"როცა ქვეყანაში პროკურატურას სძინავს, როცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ერევიან, როცა ხელისუფლება გამოდის და აი, ამ სისულელეს აპრავებს, ერთადერთი გზა, ვისაც შეიძლება შევჩივლოთ და ვისთანაც შეიძლება ჩვენი პრობლემა მივიტანოთ, ეს ქვეყნის პრეზიდენტია. მოვედით, რათა მას ვუთხრათ, როგორ ებრძვის ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. მას მივაწვდით ინფორმაციას და ვთხოვთ დახმარებას, რომ არ დაიხუროს ტელეკომპანია.

პირდაპირ ეთერში გავიდა ჩანაწერები და არ უნდა დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება? ამიტომ ვიძახი, რომ სძინავს", - ამის შესახებ ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ამ საკითხზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ღიმილისმომგვრელია ბრალდებები, რომ ხელისუფლება სურს თითქოს, რომელიმე ტელევიზიის მითვისება.

"ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა და რესურსი შეგვექმნა ახალი მედია, განგვევითარებინა ის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეთიკის საკითხია, რომ სახელისუფლებო გუნდს არ ჰქონდეს თავის საკუთარი მედია, ამიტომ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მედიათავისუფლების, გვჭირდება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია", - განაცხადა თალაკვაძემ.

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: "მე როგორც ვიცი, საუბარია რაღაც 5 წლის წინანდელ ჩანაწერზე. გამიჭირდება ამაზე ვისაუბრო. მე ეს ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მითხრეს, რომ წლების წინანდელ ჩანაწერზეა ლაპარაკი. საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნებია, დარწმუნებული ვარ, ამას მიაქცევენ ყურადღებას".

ტელეკომპანია "იბერიას" საქმეზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, გადასახადიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ და ვერ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ...

საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

იხილეთ ჩანაწერი