"ჩვენი ხმების საგანძური" "შინიდან" იწყება - კვირის პალიტრა

"ჩვენი ხმების საგანძური" "შინიდან" იწყება

"მხოლოდ თბილისში კონცერტების ჩატარება არ არის შოუბიზნესი, ამას ფულის კეთება ჰქვია"

20 აგვისტოს ბათუმში ჯგუფი "შინ" კონცერტს გამართავს ახალი მუსიკალური პროექტის, "ჩვენი ხმების საგანძურის" წარსადგენად. ამ პროექტის წყალობით ქართველ მსმენელს უნიკალური მუსიკალური კოლექციის შეგროვების შანსი ეძლევა. რადიო "პალიტრის" წარმომადგენელი და პროექტის მენეჯერი ნინო მურღულია აცხადებს, რომ ეს იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო და გრძელვადიანი სიურპრიზი, რომელიც მედიასახლმა "პალიტრამ" აგვისტოდან ჟურნალ "ბომონდთან" ერთად დაიწყო.

ნინო მურღულია: - "მედიასახლი "პალიტრა" უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია უკვე ძალზე პოპულარული "ქართული პროზის საგანძური", - ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოიცემა ქართველი მწერლების საუკეთესო ნაწარმოებები. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემის ტირაჟი არცთუ მცირეა, ჟურნალისა და წიგნის შოვნა სულ პრობლემაა, გამოსვლისთანავე იყიდება. ამას განაპირობებს წიგნის ძალზე ხელმისაწვდომი ფასიც.

მედიასახლში არსებული რადიო "პალიტრა" FM 103,9-ის ეთერში სპეციალურად გამოყოფილ დროში გადავცემთ ქართულ სიმღერებს, მათ შორის არის ბევრი თავის დროზე ძალიან პოპულარული, მაგრამ ახლა დავიწყებული კომპოზიცია, რომელთა მნიშვნელობა, როგორც ხელოვნების ნიმუშებისა, ამ ხნის განმავლობაში ერთიორად გაიზარდა. მოკლედ, შეიქმნა ფონდი, რამაც გვიბიძგა ახალი საინტერესო პროექტის დაწყებისკენ.

ამას განაპირობებს ისიც, რომ ქართველი შემსრულებლებისა და ჯგუფების დისკები საქართველოში ნაკლებად იყიდება. ალბათ, ეს იმის ბრალიც არის, რომ მათი ფასი არც ისე ხელმისაწვდომია. ამიტომაც მედიასახლმა "პალიტრამ"

გადაწყვიტა, ჟურნალ "ბომონდთან" ერთად გაიყიდოს "ჩვენი ხმების საგანძური". აგვისტოს ნომერთან ერთად უკვე გამოვიდა ჯგუფ "შინის" ალბომი. რაღა თქმა უნდა, ჟურნალთან ერთად ის საჩუქარია. ალბომში შესულია საუკეთესო კომპოზიციები ჯგუფის ყველა ალბომიდან.

რატომ მაინცდამაინც ჯგუფი "შინ"? იმიტომ, რომ გვსურდა პროექტის დასაწყისი შთამბეჭდავი ყოფილიყო. მოხარული ვართ, რომ ჯგუფის წევრებმა პროექტის პრეზენტაციისთვის საქართველოში ჩამოსვლა მოახერხეს და 20 აგვისტოს ბათუმში გამართავენ კონცერტს. გვინდოდა, პროექტი გაგვეხსნა თანამედროვე ქართული ჯგუფით, რომლის რეპერტუარში მთავარი ადგილი ქართულ ფოლკლორს ეთმობა. ამიტომაც მოსწონს ეს ჯგუფი ყველა ასაკის მსმენელს. "ჩვენი ხმების საგანძურში" გაერთიანდება ბევრი ცნობილი შემსრულებელი, მათ ვინაობას ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებთ.

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრამ" კონცერტის დაწყების წინ პროექტის მნიშვნელობისა და ჯგუფის შემოქმედებაში სიახლეების შესახებ ერთ-ერთ "შინ"-აურთან, ზურაბ გაგნიძესთან ისაუბრა:

- პროექტი "ჩვენი ხმების საგანძური" ძალიან საინტერესოა. ასეთი პროექტები მუსიკალური გემოვნების დახვეწასა და კულტურის ამაღლებას უწყობს ხელს. ალბომი, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოიცა, ისტორიულია, რადგან მასში იმდროინდელი ნაწარმოებებიც კი არის შეტანილი, როდესაც მხოლოდ ჩემი და ზაზა მიმინოშვილის დუეტი არსებობდა.

- თქვენ აფხაზურ მუსიკალურ პროექტზეც მუშაობდით, დაასრულეთ?

- მიუხედავად აქტუალურობისა, დროებით შეჩერებულია. დასრულდება მაშინ, როდესაც ქართველი და აფხაზი ერთად იმუშავებენ მის სრულყოფაზე. კონცერტებში შეტანილი გვქონდა პროექტის ნაწილი - "შარათინი," აფხაზური საქორწილო, რომელსაც განსხვავებული დატვირთვა მივეცით. კომპოზიციაში შემოდის ომის სცენა და კიდევ ბევრი სხვაც. ეს ნაწარმოები მთავარ პროგრამაში არა გვაქვს, მაგრამ ერთხელ უცხოეთში შევასრულეთ და აფხაზი გოგონები მადლიერების ნიშნად მოვიდნენ ჩვენთან. ვფიქრობ, დიდი რეზონანსი მოჰყვება ამ პროექტს.

- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, როდესაც ქვემეხები ქუხს, მუზები არ უნდა დუმდნენო. ორი წლის შემდეგაც ასე ფიქრობთ?

-  მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება ძალზე დაძაბულია და პოლიტიკოსები მის განტვირთვას არ ან ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, ამის ერთადერთი საშუალება ხელოვნებაა. ხელოვანი არასდროს უნდა გაჩერდეს. დაპირისპირება უარყოფით ენერგიას ქმნის, თუ მისი დასაბალანსებელი არ წარმოიქმნა, სამყარო დაინგრევა. ვცდილობთ, "შინმა" ხალხის გაერთიანებაში წვლილი შეიტანოს.

- შარშან ლატვიაშიც ისეთივე პოპულარული გახდით, როგორიც საქართველოში ხართ.

- ერთი წლის წინ ლატვიელებთან ერთად ჩავწერეთ ალბომი, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს მოულოდნელი იყო. ლატვიურ და ქართულ ფოლკლორს თითქოს საერთო არაფერი აქვს, მაგრამ პროექტი შედგა და თანაც ძალიან წარმატებით.

"შინი" შობს იდეას, ქმნის კომპოზიციას და უკეთებს არანჟირებას. შესრულების დროს ჩვენ სხვა მუსიკოსებსაც ვიმატებთ. ამჯერად კონცერტებზე კვლავ გვეყოლება მოცეკვავე ლექსო ჭუმბურიძე და ახალგაზრდა მომღერალი ბუბა მურღულია.

- რას შეასრულებთ ბათუმში?

- ქართულ პროექტს "შავი ზღვის ცეცხლი", რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია. ჩვენი მიზანი და ნატვრა ის არის, საქართველოს რაც შეიძლება ბევრ მხარეში გავმართოთ კონცერტი.

- მაგრამ საქართველოში არის შოუბიზნესის განვითარებისთვის საჭირო გარემო?

- განვითარებულ შოუბიზნესს აწყობილი სისტემა უნდა ჰქონდეს. მთელ საქართველოში - სვანეთში, ხევსურეთში უნდა შეგვეძლოს ერთი და იმავე ხარისხის კონცერტების გამართვა. მხოლოდ თბილისში კონცერტების ჩატარება არ არის შოუბიზნესი, ამას ფულის კეთება ჰქვია. ნახეთ, ქართველები მთელ მსოფლიოში როგორი ცნობილი ხელოვანები არიან. საქართველო არის სამჭედლო, სადაც ვარსკვლავები იბადებიან, კი არ გამოჰყავთ, იბადებიან. აბა, ჩამოთვალეთ, ამ ერთი ციდა ქვეყნის რამდენი ხელოვანი, თუნდაც მხოლოდ მუსიკოსი, არის ცნობილი მსოფლიოში.

ყველა ერის ფოლკლორი საინტერესოა, თუნდაც - ლატვიელების. ჩვენთვის მოულოდნელი იყო მისი მრავალფეროვნება, მაგრამ ქართული სულ სხვაა. მახსოვს, სტუდენტობისას გურიაში ვიყავი ქორწილში. საგანგებოდ მოწვეული მუსიკოსები თანამედროვე ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, გურული პოლიფონია არსად ისმოდა.

მეორე დღეს ვიკითხე, გურიაში ქართული სიმღერა ხომ არ დაგავიწყდათ-მეთქი. შემოირტყეს თავში ხელი და უცებ გააჩინეს ორი მოხუცი, იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ ფოლკლორს ქმნიდნენ. სანამ სიმღერას დაიწყებდნენ, ერთმა თქვა, ჩვენი მესამე ხმა ავად არის და ვერ შეძლო მოსვლაო.

თუ შეგიძლიათ, რომელიმე აგვყევითო. შევშინდი, ამათთან რა უნდა ვიმღერო-მეთქი. მოკლედ, დაიწყეს "ხასანბეგურა", მე ბანი ვიმღერე. რომ დავასრულეთ, მხარზე დამარტყეს ხელი, შეძლებ, ბიძია, შენ, შეძლებო. ეს იყო დიდი შექება, რომელმაც უდიდესი ბიძგი მომცა.

სექტემბერში კორსიკაზე დავუკრავთ ევროპაში ძალზე პოპულარულ კორსიკულ ანსამბლთან ერთად ქართულ-კორსიკულ კომპოზიციებს, რომელმაც უკვე მოიპოვა წარმატება დორტმუნდის ფესტივალზე. შესანიშნავი ჯგუფია "აფილეტა". მგონი, "ქართულ ხმებთან" ერთადაც შეუსრულებიათ სიმღერები.

ქართული მუსიკა ისე უყვართ, რომ თითო ალბომში ერთი-ორი ქართული სიმღერა აქვთ. სხვათა შორის, კორსიკული და სარდინიული ხალხური სიმღერები ოდნავ ჰგავს ქართულ პოლიფონიას. ალბათ, ამიტომაც გამოიწვია დიდი რეზონანსი ამ ჯგუფთან ერთად შესრულებულმა კომპოზიციებმა.