"თუკი მარიხუანას შემცველი რომელიმე კომპონენტი შეიძლება სამკურნალო საშუალებად ჩაითვალოს, ასეთ შემთხვევაში, როგორც ექიმს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"თუკი მარიხუანას შემცველი რომელიმე კომპონენტი შეიძლება სამკურნალო საშუალებად ჩაითვალოს, ასეთ შემთხვევაში, როგორც ექიმს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა..."

თუკი დადასტურდება, რომ მარიხუანას შემცველი რომელიმე კომპონენტი შეიძლება სამკურნალო საშუალებად ჩაითვალოს, ასეთ შემთხვევაში, მე როგორც ექიმს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ასეთი რამ დადასტურებული არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა მირიან წიკლაურმა განუცხადა.

"სამედიცინო თვალსაზრისით მოხმარებისათვის გარკვეული ნარკოტიკული საშუალებები არსებობს და ისინი გამოიყენება, თუმცა მარიხუანას ძირითად კომპონენტზე - ტეტრაჰიდროკანაბიოლზე დამზადებული პრეპარატების ეფექტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. გამომდინარე აქედან, ვერ გეტყვით აღნიშნული პრეპარატები შეიძლება თუ არა იყოს გამოყენებული და შეიძლება თუ არა ამისათვის წარმოების აწყობა, მათ შორის საქართველოში საექსპორტოდ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ მირიან წიკლაურმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპოსტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონსკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.

"საქართველოს მთავრობა, აკი, "ბარიგობა" ტეხავსო? მარიხუანის გაყიდვას რომ აპირებთ, აბა, მაგას რა ქვია?!" - რას წერენ "ფეისბუკში"?

საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს "ინტერპრესნიუსი"