"ჩემი გვარი სომხურია, მირევია პოლონური სისხლი, უკრაინული და ბელორუსული და ღმერთმა იცის კიდე რა. თავს ქართველად მივიჩნევ, მაგრამ..."
"ჩემი გვარი სომხურია, მირევია პოლონური სისხლი, უკრაინული და ბელორუსული და ღმერთმა იცის კიდე რა. თავს ქართველად მივიჩნევ, მაგრამ..."
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 25 წლის კრისტინა დუდი ავსარქისოვა ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


კრისტინა დუდი ავსარქისოვა, 25 წლის, თბილისი


"ყველაფრი იმით დაიწყო, რომ 6 წლის ვიყავი და მეუბნებოდნენ, რომ არც სმენა მქონდა და არც ხმა. ეს საშინლად მაბრაზებდა. მაგრამ ერთი თვისება მაქვს, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. მუსიკა სულ მომწონდა, ამიტომ ძალიან მწყინდა, როდესაც მასწავლებელი მეუბნებოდა, არ შეგიძლია და შეეშვიო. ერთი პატარა მონაკვეთი მქონდა სამღერი, ეტყობა, ცუდად ვიმღერე და ამიტომ დამისვეს
ასეთი “დიაგნოზი”. მახსოვს, ძალიან ბევრი ვიტირე იმ საღამოს. ოჯახიც ჩემს განვითარებაზე უფრო სპორტის კუთხით ზრუნავდნენ: ტანვარჯიშზე მატარეს, ჩოგბურთზე მატარეს. იმას კი არ ვამბობ, რომ ეგ ცუდი იყო - პირიქით, ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ ეს ამბავი მჭამდა: მიყვარდა მუსიკა და ჩემთვის ყოველთვის ვმღეროდი.

11 წლის
ვიყავი ბევრი სხვადასხვა დისკი რომ მქონდა შეგროვებული. მახსოვს, ლინკინ პარკის სიმღერას In the end-ს რომ მოვუსმინე და შოკი მივიღე. მაშინ პირველად დიდი ემოციური კავშირი და ბმა ვიგრძენი მუსიკის მიმართ. ინგლისური წესიერად არ ვიცოდი, მაგრამ ყველა სიმღერას ვიზეპირებდი და ეს ენის სწავლაშიც დამეხმარა.

ვცხოვრობდი ბებიასთან და ბაბუასთან იმიტომ, რომ დედაჩემი ბორტგამცილებელი იყო და სამუშაოს არაადამიანური გრაფიკი ჰქონდა. ერთხელ მივედი ბაბუაჩემთან და ვუთხარი, რომ გიტარაზე მინდოდა სიარული. უარი მითხრა იმიტომ, რომ ტანვარჯიში მიაგდე, ჩოგბურთი მიაგდე და ამასაც მიაგდებო. მაგრამ არ მოვისვენე. გიტარის გაკვეთილებზე სიარული რომ დავიწყე, ისეთი მასწავლებელი მყავდა ინსტრუმენტი შემაზიზღა: სულ მიყვიროდა, მეჩხუბებოდა და ა.შ. მერე ჭიაკოკონობაზე ცეცხლში ჩავვარდი, საკმაოდ სერიოზულად დავიწვი ხელები და მომიწია გამოსვლა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემით დავიწყე მუსიკის აწყობა და შექმნა და მივედი იქ, სადაც ახლა ვარ. მუსიკის მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი, ამას ის დაემატა, რომ FLEX-ის გაცვლითი პროგრამით წავედი ერთი წლით ამერიკაში. იქიდან რომ ჩამოვედი გადავწყვიტე, რომ მუსიკის განხრით მინდოდა ჩაბარება. მაგრამ სად უნდა ჩამებარებინა? კონსერვატორიის იქით არაფერი იყო აქ იმ დროს. მე კიდევ ერთადერთი გიტარაზე ვიცოდი რამდენიმე აკორდი, ეს იყო და ეს.

საბოლოოდ, რადგან სხვა არჩევანი არ მქონდა დიდად, ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში. ხუთი წელიწადი ვიტანჯე. უბრალოდ, მალევე მივხვდი რომ არ მაინტერესებს რა ეგ ამბავი და ამიტომ, რთული იყო იმის სწავლა, რაც არ იყო ჩემი ინტერესის სფეროში.

მუსიკის შექმნა

უნივერსიტეტში ერთი ბიჭი გავიცანი - ტატო, რომელთან ერთადაც დავიწყე მუსიკაზე მუშაობა. ჰიპ-ჰოპ ბითებს წერდა და მისგან გავიგე, რომ შესაძლებელი იყო კომპიუტერში სიმღერების აწყობა. პატარა დემო მაჩვენა და 15 წამში მისამღერი დავუწერე, რომელიც ძალიან მოეწონა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვემუშავა. უნივერსიტეტში ერთ-ერთ აუდიტორიაში ვწერდით და ვმუშაობდით ხოლმე - მე გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი, ის დანარჩენ ნაწილს აწყობდა. რამდენიმე indie-სიმღერა გამოვუშვი, საუნდქლაუდზე მეგდო, იუთუბზეც. გამოხმაურება რამდენად მადარდებდა მაგ დროს არ ვიცი. მთავარია რაღაც შედეგი მივიღე და მომეწონა სამუშაო პროცესი. მანდ უკვდე მივხვდი, რომ ეს საერთაშორისო ურთიერთობები საერთოდ მკიდია და მუსიკაა ის, რაც მინდა რომ ვაკეთო.

2014 წელს ფსიქოდელიური ბენდივით გვქონდა. პროექტი იყო, რომელსაც ერქვა The Lowdown. ჩვემი მიზანი იყო სიმღერების წერა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე. ტექსტები ინგლისურ ენაზე იყო: ქართული ცუდად ვიცოდი - უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სასკოლო პროგრამა დავიზეპირე. უბრალოდ ჩემებს ყოველთვის ეგონათ, რომ საცხოვრებლად რუსეთში ან უკრაინაში გადავიდოდით (რაც დიდად არასოდეს მხიბლავდა) და მაგიტომ არ მიმიყვანეს თავის დროზე ქართულ სკოლაში. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ქვეყანაში თუ რჩები ელემენტარული პატივისცემის ამბავია, რომ იმ ქვეყნის ენაც იცოდე კარგად, ამიტომაც ქართულის სწავლა მაშინ დავიწყე, როდესაც მივხვდი, რომ აქ დარჩენა მინდოდა.

ჩემი გვარი სომხურია, მაგრამ მირევია პოლონური სისხლი, უკრაინული და ბელორუსული და ღმერთმა იცის კიდე რა. თავს ქართველად მივიჩნევ, მაგრამ, ცოტა მეუცნაურება ამ თემის ღრმად განხლვა: ეთნიკურად ქართველი არ ვარ, მაგრამ აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ, სხვა დანარჩენს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მგონია, რომ “მსოფლიოს მოქალაქე” ვარ, რაღაც კუთხით. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და 22 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ვიყავით ერთად, ამიტომ სადაური ხარ და მსგავსი კითხვები არ იყო. ყველა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი იყო. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მანდ გავიგე და გამიკვირდა ეს კუთხური ხუმრობები. თურმე, რაჭაზე ღადაობენ, მეგრელებზე ხუმრობენ, სვანებზე და ა.შ.
The Lowdown-ისთვის ტექსტებს ვწერდი ძირითად მე. ტატო წერდა ინსტრუმენტალს და მიგზავნიდა, მერე მუსიკაზე რა ასოციაციაც მებადებოდა, ამაზე დაყრდნობით ვწერდი ტექსტებს. უმეტესწილად ომზე გვქონდა, რასიზმზე, ქსენოფობიაზე, ჰომოფობიაზე. და ლირიკაც, შესაბამისად იგივენაირი იყო. თუ გახსოვთ, აგრარულს აკრედიტაციას რომ ართმევნდნენ, მაგ დროს დავწერეთ სიმღერა „მე არ ვიყიდი დიპლომს“. ძალიან აგრესიული და კარგი ტექსტი იყო.

უბრალოდ საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე ინგლისურად სიმღერა ცოტა არაპრაქტიკული იყო და, საბოლოოდ, ჩვენი პროექტიც დასრულდა და ჩვენს გზას გავყევით.

მაისი იყო

ზოგადად ჩემს ცხოვრებაში მაისი, რატომღაც, ყოველთვის ძალიან რთულია. მაისიდან იწყება ხოლმე და რაღაცები მიდის. მოკლედ მივხვდით, რომ სხვადასხვა ინტერესები გვქონდა. ნუ რა უნდა ქნა. დავრჩი ნახევარი ალბომით და გიტარით ხელში. რთული თვე იყო, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ისიც ვიფიქრე, ხომ არ მივატოვო ეს ყველაფერითქო. როცა სწავლობ უნივერსტეტში და მერე კიდევ სტაჟირება გაქვს და მერე კიდევ სახლში რაღაც უნდა გააკეთო - რთულია. მაგრამ ერთ საღამოს აღმოვაჩინე გერმანელი ელექტრონული მუსიკოსი იან ბლომქვისთი და მივხვდი, რომ მისმა მუსიკამ ბევრი სხვადასხვა ემოცია გამოიწვია ჩემში. მივხვდი, რომ ელექტრონული მუსიკა სულ სხვა ჟღერადობის და გრძნობის შეიძლება იყოს, ვიდრე მე აქამდე მეგონა. იმას, რასაც მე ვწერ, ბედნიერებასთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო, და რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ელექტრონული მუსიკა იყო მხოლოდ “გართობისთვის” და მაგ ჟანრში ჩემს ემოციებს ვერ გამოვხატავდი.

ამასთან ერთად, ელექტრონულ მუსიკას აქვს ერთი დიდი პლიუსი: შეგიძლია წერო მარტო, და მხოლოდ საკუთარ თავზე იყო პასუხისმგებელი. მაგრამ იმისთვის, რომ რამე გამეკეთებინა, მჭირდებოდა კარგი ლეპტოპი. ვიპოვე სამუშაო ქოლცენტრში ღამე. საღამოს შვიდიდან ღამის ორამდე ვმუშაობდი. პლიუს უნივერსიტეტი. ვცხოვრობ ვაზისუბანში, უნივერსიტეტი მაქვს დიღომში, ყველაზე გვიან რვის ნახევარზე ვდგებოდი. სახლიდან უნივერსიტეტში მიდიხარ, ათიდან ოთხამდე ან ექსვსამდე გაქვს ლექციები, შვიდზე გეწყება სამსახური ღამის ორ საათამდე. მერე ტრანპსორტირება სამსახურიდან კი იყო, მაგრამ მთელ ქალაქს სანამ მოივლი, მე ბოლო ვიყავი და ორ საათზე მოვდიოდი სახლში. თან პრობლემაა, როცა ღამე მუშაობ მერე ვერ იძინებ. ერთი საათი მინიმუმ გჭირდება უბრალოდ რომ დაიძინო. ხუთზე ვიძინებდი და რვის ნახევარზე ვდგებოდი. ურთულესი პერიოდი იყო ჩემთვის.
საბოლოოდ, ბაბუაჩემმა მითხრა, რომ მასესხებდა რაღაც თანხას, მე შევპირდი რომ დავუბრუნებდი. ხუთი თვე ვიმუშავე და ეს თანხა კი მოვაგროვე, მაგრამ არ გამოურთმევია ჩემთვის. კი არ მეძინა და საშინელ დღეში ვიყავი, მაგრამ რაღაც მომენტში სასიამოვნოც არის, რომ რაც თქვი იმას აკეთებ.

ასე ვიყიდე ჩემი პირველი მაკბუქი.

პირველი ტრეკი 2014 წლის რვა აგვისტოს დავდე. მაისში ჩემი ცხოვრება დაინგრა, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. აგვისტოს დასაწყისში ახალი მუსიკა დავდე და მანდ მივხვდი, რომ არავინ მჭირდება ცხოვრებაში საკუთარი თავის გარდა.

ელექტრონულ მუსიკაზე მუშაობის დაწყებიდან წელიწადზე ნაკლები იყო გასული, რომ პირველი ლაივი დავუკარი. ეგეც საინტერესო ამბავი იყო. ამერიკის მერე საერთოდ სცენაზე არ ვმდგარვარ. ტრეკებს ვდებდი საშუალოდ რამდენიმე თვეში ერთხელ. მაისამდე მქონდა დადებული ხუთი ტრეკი. ხალხი მამატებდა ფეისბუქზე და მწერდნენ, რომ ჩემი მუსიკა მოსწონდათ. ორ წელიწადში უკვე კვირაში 4-ჯერ ვუკრავდი ხოლმე სხვადასხვა ადგილას, რთული იყო, თან სწავლა, თან მუსიკა, თან მუშაობა, თუმცა, მიღირდა.

ერთი პერიოდი ფრუსტრაცია მქონდა იმიტომ, რომ მე ლაივ მუსკოსი ვარ. კი, საცეკვაო მუსიკას ვუკრავ და რაღაც მომენტში შეიძლება რთული იყოს იმის გაგება, რომ არ ვარ დიჯეი. ანუ ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ინდუსტრიაში ეგ არის, რომ ვარ ლაივ მუსიკოსი და არა დიჯეი, რომელსაც ხუთი საათის განმავლობაში შეუძლია დაუკრას.

ჩემთვის ჩემი მუსიკა არის გამოძერწვა. უბრალოდ ლუპზე რაღაცას არ ვუშვებ და სემფლებს არ ვაწყობ. თვითონ სემფლებში და ლუპებში ცუდი არაფერია, თუმცა ტრეკი ეგრე რომ ავაწყო, მერე ვერ დავიძინებ და ვერ მოვუსმენ მაგას. ჩემს ძველ ჩანაწერებს რომ ვუსმენ, ყველგან გეტყვი სადაც შემეშალა ერთი სუნთქვაც კი და სად რა უნდა გამეკეთებინა სხვანაირად. ახლა ჭკუა ვისწავლე და არაფერს არ ვაქვეყნებ, სანამ არ ჩავთვლი, რომ უნაკლო ნამუშევარია.
მწყინს, რომ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ შემიძლია, რომ მხოლოდ ეს ვაკეთო. არ მადარდებს საერთაშორისო ურთიერთობები, არ მადარდებს ტრამპმა ვის რა უთხრა, არ მადარდებს ფეხბურთი ან სხვა თემები, მუსიკა არის ჩემი სამყარო, ჩემი ყოველდღიურობა, დასაწყისი და დასასრულიც."

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან
მკითხველის კომენტარი (3)
ჰაჰა
15 სექტემბერი 2018 12:35
მაგარი გოგოა. პროექტიც კარგია.
პ.ს. ისე რა პომტია 21-ე საუკუნეში გვარის მიხედვით მსჯელობა? თუ უნდა იყოს ქართველი, რა არის ამაში ცუდი ან სასაცილო???
ნუნუ
12 სექტემბერი 2018 10:27
,,ფლექს''-იდან მახსოვს ეს გოგონა
ნინო
12 სექტემბერი 2018 08:47
საინტერესოდ წერ.წარმატებებს გისურვებ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები