მეუფე იაკობი: "დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება - ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა" - კვირის პალიტრა

მეუფე იაკობი: "დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება - ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა"

ვფიქრობ, დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება. შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საერთოდ არ უფიქრიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განუცხადა.

მისივე თქმით, მარიხუანას წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა.

"ჩვენთან არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი ნდობის ხარისხი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ. ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინაპირობა იყო იმის, რომ შემდეგ პლანტაციების საკითხი დაეყენებინათ. შევხედოთ და ვნახავთ. ფაქტები თავისთავად მეტყველებენ რაღაცაზე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ხალხის ნებაც უნდა გაითვალისწინონ.

"ქართველ კაცს ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ ერთხელაც შეიძლება გაიღვიძოს და სხვა რეალობაში აღმოჩნდეს ბევრი. ჯერ ინიციატივა გაჟღერდა. ალბათ, მოთელვასავით არის. არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ", - დასძინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კითხვაზე, კონკრეტული ნაბიჯები რა იქნება საპატრიარქოს მხრიდან, მეუფემ განაცხადა, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება.

"მარტო ქადაგება არა. საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენ სახელმწიფოს ნაწილი ვართ. ცალკე არ განვიხილავთ ჩვენ თავს. ყოველთვის დავუდგებით სახელმწიფოს ძლიერებას. არავის არ დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მეუფემ.

ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა გარკვეული ზომები უნდა არსებობდეს, რათა მარიხუანას მოწევა არ ხდებოდეს სამუშაო ადგილებზე და არსებობდეს შეზღუდვები.

"ვინც იმას საუბრობს, რომ ლიბერალიზაცია საჭიროა, მახსოვს, ცოლებს ცვლიდნენ ნარკოტიკებში. ბევრი დაიღუპა მაგ სენით. ოჯახები გააუბედურეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.