რას ამბობს პრემიერ-მინისტრი მარიხუანას წარმოება-ექსპორტის საკითხზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს პრემიერ-მინისტრი მარიხუანას წარმოება-ექსპორტის საკითხზე?

რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერმა დღეს იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც შსს-მ მოამზადა. მისი თქმით, გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის.

"მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავდექით ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე - მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. როგორც კი გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ, მე დავავალე შს სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს.

იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან", - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, "კანონპროექტის მიხედვით მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს".

"ასევე, ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მოზარდებში მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენის გამო ასევე დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა ამავე დროს მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. მარიხუანას გასაღება რჩება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად და ის არის დასჯადი.

რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც ამავე დროს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი",- განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.