"არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ "ბარიგებად" - ჩვენი ქართული იმიჯი შეილახება" - კვირის პალიტრა

"არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ "ბარიგებად" - ჩვენი ქართული იმიჯი შეილახება"

ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ ასე რომ ვთქვათ "ბარიგებად", ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე,- ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი მარიხუანას შესაძლო ექსპორტირებას საზღვრებს გარეთ. როგორც მეუფე ანტონმა კონფერენციაზე "ნარკოპოლიტიკა საქართველოში გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" განაცხადა, საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახება მსოფლიო საზოგადოებაში.

მეუფე საპარლამენტო უმრავლესობას სთხოვს, "რაღაცნაირად ამაზე უარი თქვან".

"საერთოდ, ჩვენ ეკლესიის დანიშნულება ვიცით, როდესაც ეკლესიას შეადარებ ადამიანის ორგანიზმს, ის ასრულებს იმუნური სისტემის როლს, რომელიც უცხო ბაქტერიისგან იცავს ორგანიზმს. ფაქტობრივად, ეს არის ეკლესიის დანიშნულება. ჩვენ მართალია გამიჯნულები ვართ და ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილები არიან, მაგრამ საზრუნავი ერთი და იგივე გვაქვს. ამიტომ, ჩვენ აზრს ყოველთვის გამოვხატავთ. ერთმნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკი ზემოქმედებს ადამიანზე და მის ჩამოყალიბებაზე. მრჩება ასეთი აზრი, რომ ყველა ცალ-ცალკე თანახმა ვართ, მაგრამ რაღაცის მძევალი ვართ. თვითონ შევქმენით რაღაც, რასაც ვერ ვახტებით. ჩვენ მთლიანად წაგვლეკავს ეს. ეს არ გვშვენის ქართველებს. ჩვენი ქართული იმიჯიც, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს, დამერწმუნეთ, შეილახება. ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ ასე რომ ვთქვათ, "ბარიგებად". ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის თხოვნაა მაქსიმალურად პარლამენტის უმრავლესობამ მოძებნოს გზა და რაღაცნაირად ვთქვათ ამაზე უარი",-განაცხადა მეუფე ანტონმა.

"ინტერპრესნიუსი"