"მარიხუანას ლეგალიზაცია გამორიცხულია, კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია, აბსოლუტურად სხვა რამეს ითვალისწინებს"
12-09-2018
"მარიხუანას ლეგალიზაცია გამორიცხულია, კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია, აბსოლუტურად სხვა რამეს ითვალისწინებს"
მარიხუანას მოხმარების თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტი არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის, მარიხუანას ლეგალიზაცია გამორიცხულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მარიხუანას მოხმარების თაობაზე, შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ რეალურად პროცესები მარიხუანას ლეგალიზაციისკენ მიდიოდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველმა გუნდმა ამ ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავალი იპოვა.

"იყო ჭორები მარიხუანას ლეგალიზების თაობაზე, თუმცა რეალურად, კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია, აბსოლუტურად სხვა რამეს ითვალისწინებს. არის საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ლიბერალიზაციისკენ ამ სფეროში. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია იმისა, რასაც ჰქვია მარიხუანას მოხმარება. მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული მარიხუანას მოხმარება იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე უახლოეს დღეებში ოფიციალურად. ამასთან, საუბარია სხვადასხვა მიზნით და
მიზანი რეალურად ორია - ეს არის ექსპორტის მიზანი და ექსპორტიც არსებითად მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ. მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით მოხდება, ეს გათვალისწინებულია კანონპროექტით და მეორე ეს არის სამეწარმეო მიზნები. როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება ამ მცენარის გამოყენება. საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, თუმცა გამორიცხულია ლეგალიზაცია. რეალურად პროცესები აქეთკენ მიდიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე კატეგორიულად გამორიცხავს მარიხუანას ლეგალიზების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არასწორი მიმართულებით პროცესების განვითარებას.

"მე ვნახე გამოხმაურებები. არის ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები, თუმცა კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის - ეს თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ბუნებრივია, მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს დამოკიდებულება გასაგებია. ჩვენ არ დავუშვებთ არასწორი მიმართულებით ამ პროცესების განვითარებას. ლეგალიზაცია დაუშვებელია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



"ინტერპრესნიუსი"



gamo-------li
12 სექტემბერი 2018 19:59
კანონპროექტი მომზადებულია ხალხი ტყემალზე ზის.
qocnacta samtavro
12 სექტემბერი 2018 19:37
რატომ დადგა აუცილებლობა ჯერ ლეგალიზაციის(,რა შეფუთვაც არ უნდა გაუკეთოთ ლეგალიზება ხდება}მერე კიდე წარმოება-ექსპორტირების(შეფუთულად ესეც სამკურნალოდ,პარფიუმერიაში და ასე შემდეგ)აუცილებლობა ვინ ან რამ გამოიწვია?ვინმემ გადაწყვიტა ოქროს შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფულის საკეთებელი ბიზნესი დაიწყოს და ლეგარული ესკობარი გახდეს საქართველოდან?თუნდაც საქართველოს განადგურების ხარჯზე?ეს რაქნეს ამ ცოდვის შვილებმა...

რედაქტორის რჩევით