"სახელმწიფო მიდის ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციის გზით... არ მსურს, საქართველო ნარკოკარტელად იქცეს" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო მიდის ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციის გზით... არ მსურს, საქართველო ნარკოკარტელად იქცეს"

სამარცხვინოა, სახელმწიფო დაკავებული იყოს მარიხუანათი ვაჭრობით - არ მსურს, საქართველოს სახელმწიფო მსხვილ ნარკობარიგად ან ნარკოკარტელად იქცეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განუცხადა.

დავითაშვილის შეფასებით, მომზადებული კანონპროექტი არის გაუაზრებელი, დანაშაულებრივი და ის პარლამენტში არ უნდა გავიდეს.

"მესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა. დღეს სიგარეტის მოხმარების რეჟიმი უფრო მკაცრია, ვიდრე მარიხუანას მოხმარების რეჟიმი, რაც მიუღებელი და დაუშვებელია, მაგრამ თუ შს სამინისტრო და მთავრობა თვლის, რომ ამ მიმართულებით მის მიერ წარმოდგენილი რეგულაციებით საკითხი მოგვარდება, ასეთ შეფასებას არ დავეთანხმები. მიმაჩნია, რომ ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული დამღუპველი გადაწყვეტილების ლეგალიზაცია პარლამენტის მხრიდან. თუკი შს სამინისტრო გვთავაზობს, რომ მარიხუანას მოხმარება სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარების მსგავსს რეჟიმში მოვაქციოთ, ეს ნიშნავს კანონით მარიხუანას ლეგალიზაციას და არა მკაცრი რეგულაციების შემოღებას. ამ პოზიციას ამყარებს კანონპროექტის მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მარიხუანას მოყვანას, კულტივაციასა და ვაჭრობას ჯერ ქვეყნის გარეთ და მერე, როდესაც მოსახლეობა მოითხოვს, რომ ეს რა კარგი ყოფილა, თუ ქვეყნის გარეთ ყიდით, აფთიაქებში ჩვენც მოგვყიდეთო, ალბათ, შემდეგი ეტაპი უკვე ეს იქნება. სახელმწიფო მიდის ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციის გზით. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ - სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობს, მორალური უფლება არა აქვს, ეს საქმიანობა სხვას დაუშალოს. როდესაც ვისმენ ლიბერალურ კრიტიკას, რომ თუ კანაფითა და მარიხუანათი სახელმწიფომ უნდა ივაჭროს, რატომ არ უნდა ჰქონდეს მოყვანისა და ვაჭრობის უფლება სხვა რიგით მოქალაქე-ბარიგას, ბუნებრივია, ეს ლოგიკა დასაშვებად და მისაღებად მიმაჩნია. არ მსურს, საქართველოს სახელმწიფო იქცეს მსხვილ ნარკობარიგად ან ნარკოკარტელად - ასე ფიქრობს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი და საქართველოს საპატრიარქო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კობა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, თუ ვინ უზრუნველყობს კანაფის ნათესებისა და მარიხუანას წარმოების უსაფრთხოებას და რამდენად არ მოხვდება ის ქვეყნის შიგნით.

"იმაზე თუ ფიქრობს ვინმე, რუსეთმა რომ ჩათვალოს, რომ საქართველოში არსებული ნარკონათესებიდან გაჟონილი ნარკოტიკული საშუალებები მისი ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, წამლავს მის მოსახლეობას და ამის აღსაკვეთად შემოიყვანოს ჯარი, არსებული საერთაშოროსო ვითარებიდან გამომდინარე, ასეთ შესაძლებლობას გამოვრცხავთ?! მიმაჩნია, რომ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა არის გაუაზრებელი, დანაშაულებრივი და ის პარლამენტში არ უნდა გავიდეს", - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.