"ბევრჯერ ვინანე, საქართველოდან რომ წავედი. ალბათ, ჯობდა, ჩემებთან ერთად ვყოფილიყავი... თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები" - კვირის პალიტრა

"ბევრჯერ ვინანე, საქართველოდან რომ წავედი. ალბათ, ჯობდა, ჩემებთან ერთად ვყოფილიყავი... თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები"

საქართველოდან დიდი ხნის წინ გაემგზავრა ევროპაში - 1992 წელს, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება აირია, გართულდა, უცხო მხარეში ახალი ცხოვრების დაწყება კი, თითქოს, საინტერესოც იყოს და, შესაძლოა - იმედის მომცემიც. მართალია, არც ენა იცოდა და არც სამსახური ელოდებოდა, მაგრამ მაინც გარისკა - 20 წლის ასაკში რისკი ვერაფერი დაბრკოლებაა. ერთხანს ბელგიაში ცხოვრობდა, შემდეგ - საფრანგეთში, პარიზში, საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ახლობლების მოსანახულებლად...

ხელოვანი იყო, თვითნასწავლი მხატვარი. ბელგიაში ჩასულმა, ერთ-ერთ სოფელში შეგროვებულ ბრტყელ ქვებზე იაფფასიანი ზეთის საღებავებით ქართული პეიზაჟებისა და ეკლესიების ხატვა დაიწყო და ბაზრობებზე ჰყიდდა...

დღეს უკვე ბელგიის მოქალაქეა; ცხოვრებაში წარმატებაც ჰქონდა და ლამაზი დღეებიც; სიყვარულიც, სიხარულიც და, ალბათ, სევდაც, მაგრამ...

ნიკა ვეშაპიძესთან ინტერვიუს ჩაწერას ერთი წლის წინ ვაპირებდი, მას შემდეგ, რაც ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით ინტერნეტში მისი ნახატები და მაკეტები დავათვალიერე და აღვფრთოვანდი, მაგრამ მისმა მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმხანად ჩვენი ინტერვიუ გადაავადა... მეგონა - ცოტა ხნით, მაგრამ... ნიკა დღესაც საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის კვლავ იმ ქვეყანაში, რომელმაც მიიღო და შეიფარა; სადაც ყველაფერი საუცხოოა და მშვენიერი, მაგრამ... ის მაინც არ არის სამშობლო... ნიკა ვეშაპიძე

როგორ იცხოვრა, რა შექმნა, რას ნანობს და რას გააკეთებდა, თუკი საშინელ სენს დაამარცხებდა? - ერთი ძალიან ნიჭიერი, სამკვიდროს მოშორებული ქართველის ამბავი, ქართველი თუ უცხოელი მეგობრებისა და ახლობლების სულიერი თანადგომით იმედს რომ ჩასჭიდებია და სწამს, გაუმართლებს.

ნიკა ვეშაპიძე:

- სკოლა რომ დავამთავრე, მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი მშობლები იყვნენ წინააღმდეგი. მაინცდამაინც "ზოოვეტში" უნდოდათ, ჩამებარებინა - მათემატიკა არ ვიცოდი, იქ კი ეს საგანი არ ბარდებოდა და - იმიტომ. არადა, არც თეატრალურ ინსტიტუტში ბარდებოდა მათემატიკა, მაგრამ... დღემდე განვიცდი, ოცნება რომ ვერ ავისრულე და ახლაც თან მაქვს ოდესღაც საქართველოდან წამოღებული უძვირფასესი ავტოგრაფი, რომელიც ქუჩაში შემთხვევით გადაყრილმა ჩემმა უსაყვარლესმა ლეილა აბაშიძემ მომცა... მერე ცოლი შევირთე და ბელგიაში გავემგზავრეთ, ბრიუსელთან ახლოს, პატარა ქალაქში ძალიან იაფად ვიშოვე საცხოვრებელი. ჩემს მოხატულ ქვებს ვყიდდი და იმ თანხით ვირჩენდი თავს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, თანხის დაგროვებაზე მეტად ის მახარებდა, ჩემი ნამუშევრები ხალხს რომ მოსწონდა. შემდეგ ქვებიდან ტილოებზე გადავედი... მეუღლეს დავცილდი და იგი პატარა ვაჟთან - გიორგისთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, მე კი იქ დავრჩი. ნიკა ვეშაპიძის ნახატი

მალე ბელგიის მოქალაქეც გავხდი, სხვათა შორის - ძალიან იოლად და უკვე ოფიციალურად მუშაობის საშუალებაც მომეცა. ერთხანს კურიერად ვმუშაობდი - გარეცხილი თეთრეული მანქანით დამქონდა საავადმყოფოებში, მერე თაბაშირით მაკეტების კეთება დავიწყე... ბოლოს, 10 წლის განმავლობაში დაცვის სამსახურში ვმუშაობდი, ვიდრე ავადმყოფობა მომერეოდა...…

- მგონი, ბავშვობაში ღობეებზეც ხატავდით? - (იცინის) დიახ. ხაშურში გავიზარდე და ბავშვობაში ჩვენი ქუჩის ეზოებს იმჟამინდელმა მთავრობამ ერთნაირი რკინის ღობეები გაუკეთა. თბილისიდან ჩამოსულმა მხატვარმა ერთ-ერთი ოჯახის ღობე შიგნიდან "ჩხიკვთა ქორწილის" ეპიზოდებით მოხატა. იდეა მომეწონა და ჩვენი ღობის მოხატვაც გადავწყვიტე. ფუნჯები არ მქონდა და თითებით ვხატავდი მთებს, მდელოებს და მდინარეებს. მერე მეზობლებსაც მოუნდათ და მიკვეთავდნენ. ასე მოვხატე მთელი ბორჯომის ქუჩა. ჩვენს დასახლებას ჭალა ერქვა და მადლიერმა მეზობლებმა "ჭალელი ფიროსმანი" შემარქვეს... სხვათა შორის, მაკეტების კეთებაც ხაშურში დავიწყე. ავტოსახელოსნოს მაკეტი

უნდა გამოვტყდე: მეზობლის მიტოვებულ სახლიდან 25-კილოიანი ცემენტის ტომარა დაუკითხავად ავიღე. მთელ უბანს ვუთხარი და არ გამბრაზებიან, რადგან სილაში არეული ამ ცემენტით, აგურებად დატეხილი ბებიაჩემის კრამიტებით, ფიცრებითა და მავთულებით მთელი სოფელი "გავაკეთე", 4-მეტრი ჰქონდა სიგრძე, პატარა, ორ-სართულიანი აივნიანი სახლებით. "ეზოებში" ნამდვილი ბალახი დავაფინე და დილაობით ვრწყავდი. მარტომ დავიწყე, მერე უბნის ბავშვებიც შემომიერთდნენ და "აიშენეს" სახლები. სოფლის ბირჟაც გავაკეთე, ხის ტოტებითა და ადამიანებით, ეკლესიაც იყო, მთებიც... და ყველაფერი გავანათე. ჩემი სოფლის სანახავად მთელი უბანი დადიოდა. საღამოობით ბავშვებზე მეტად მშობლებს მოუხაროდათ განათებული სოფლის ნახვა, ჩამოსხდებოდნენ გრძელ სკამებზე და გვიანობამდე უყურებდნენ. ის ოჯახიც კი ჩამოვიდა სანახავად, ვისი ცემენტითაც ავაშენე. სამწუხაროდ, მაშინ არც ვიდეო გვქონდა და არც ფოტოაპარატები, ამიტომ სოფელი მხოლოდ მეხსიერებას შემორჩა... მაკეტი: ავტოსაგაზო შემთხვევა პარიზში

მოგვიანებით მაკეტების კეთება ბელგიაში განვაგრძე, ძირითადად, გარაჟებსა და პროფილაქტიკებს ვაგებდი და მანქანებსა და ადამიანებს ვძერწავდი. ბავშვობიდან ვაგროვებდი მანქანების მოდელებს და, ალბათ, ის გატაცება დიდობაშიც გამომყვა. ჩემი მაკეტები 1990-იანი წლების ბოლოს ბრიუსელის სავაჭრო ცენტრში მიმქონდა გასაყიდად, სადაც თვეში ერთხელ გერმანია-ჰოლანდია-საფრანგეთის კოლექციონერები იყრიდნენ თავს და პატარა მანქანების გამოფენა-გაყიდვა ეწყობოდა. ჩემი ნამუშევრები ძალიან მოსწონდათ და ყიდულობდნენ კიდეც. მერე უკვე შეკვეთებსაც მაძლევდნენ და თემატიკაც მრავალფეროვანი იყო... იქნებ, ღმერთმა "ერთი სიცოცხლეც" მაჩუქოს და ერთი კაცის შეკვეთა დავასრულო - თავისი დაკრძალვის მაკეტი უნდა ეკლესიით, ჩასასვენებლით, მანქანით და ა.შ. ადამიანებს რას გაუგებ! (იღიმის)...

- ნიკა, ევროპაში რას ხატავდით? - აბსტრაქციების ხატვა არ მიყვარდა, ძირითადად, მაინც პეიზაჟებსა და თბილისის ხედებს ვხატავდი, ასევე - პორტრეტებსაც და კიდევ, ყველაფერს, რასაც მიკვეთავდნენ ბელგიასა და საფრანგეთში. საკმაოდ დიდ ტილოებსაც ვასრულებდი, 4-მეტრიანსაც. ხანდახან დამკვეთებთან შინაც ვმუშაობდი. სამწუხაროდ, იმ ნახატების ფოტოებიც კი არ დავიტოვე, არც - ქვებზე ნამუშევრების... გამოფენებიც მქონდა ბელგიაში - რამდენჯერმე. ყველაზე მეტი რა ნახატში გადამიხადეს? - 3 მეტრის სიგრძის ტილო იყო. მასზე მუქ ფერებში ჩემი ცხოვრების სევდიანი ეპიზოდი შევიტანე. იქვე გამოვსახე ეკლესია, რომელსაც გახლეჩილი ჰქონდა უკანა კედელი, საიდანაც მე გამოვდიოდი, თეთრებში. ალბათ, ამით უკეთესი ცხოვრების იმედს ვიტოვებდი... არ ვიცი... ამ სტილის ნახატი საფრანგეთში ბევრს მოეწონა და ერთმა, "პარიზის დედოფლადა" და "მის პარიზად" წოდებულმა ტრანსვესიტმა შემიკვეთა, ოღონდ პირვანდელზე გაცილებით დიდი, იმავე შინაარსის ტილო და 2000 ევროზე მეტი გადამიხადა. ამით შევიტანე საგარანტიო თანხა ბინის დასაგირავებლად, არადა, ნეტავ იცოდეთ, მყიდველისთვის თანხის დასახელების როგორ მერიდებოდა, მრცხვენოდა ჩემი ნახატებისა და მაკეტების გაყიდვისას ფულზე ლაპარაკი. ახლა, ლეიკემია ძალიან რომ გამიმწვავდა და ურთულეს ფორმაში მაქვს, ვიფიქრე, რაიმე რომ მომივიდეს, ჩემს ნამუშევრებს ვინ მიხედავს-მეთქი, თანაც, ბოლო წუთამდე მინდა, ხალხს პატივი ვცე. ამიტომ მცირე ზომის რამდენიმე მაკეტი დავიტოვე, ხოლო ხისგან დამზადებული 10 მოზრდილი მაკეტი ქუჩაში დავაწყე. 5 წუთში ყველა წაღებული ჰქონდათ. მიხარია, რომ ადამიანებს ვასიამოვნე. ნიკა ვეშაპიძე შვილთან ერთად

- ყველაფერს მაინც ნუ გააჩუქებთ, ვფიქრობ, კარგად გახდებით და თავად ჩამოიტანს საქართველოში... - არ ვიცი... არ ვიცი... ექიმებსაც აღარ აქვთ იმედი და... თუმცა... საქართველოში 25 წლის გიორგი მყავს, ადრე უფრო ხშირად ვურთიერთობდით, მაგრამ... თავისი ცხოვრება აქვს, დაკავებულია. მთავარია, კარგად იყოს და ცუდი არაფერი მოიწიოს. ჩემი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, დამირეკა... დედაჩემი 6 წელიწადია, არ მინახავს. ბევრჯერ ვინანე, საქართველოდან რომ წავედი. ალბათ, ჯობდა, ჩემებთან ერთად ვყოფილიყავი... 25 წელიწადი დავკარგე... თუ გადავრჩი და კიდევ მომიმართა ღმერთმა ხელი, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში და დავრჩები.

ირმა ხარშილაძე