გადაკეტილი ავტობანი და დამატებით გამოძახებული პოლიციის ჯგუფები - რა მოხდა გორთან? - კვირის პალიტრა

გადაკეტილი ავტობანი და დამატებით გამოძახებული პოლიციის ჯგუფები - რა მოხდა გორთან?

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ დამატებითი ჯგუფები გამოიძახა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდგომ, კი პროტესტის ნიშნად ავტობანის ცალმხრივი გზა გადაკეტეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე თითქმის 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო.

სამართალდამცველები მოძრაობის აღდგენას ცდილობდნენ და გარდაცვლილის ახლობლებს ავტომაგისტრალის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ამ დროისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. აქციის მონაწილეები კი ფეხით გორის ცენტრისკენ, ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გაემართნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე მერებაშვილს სოფელ ხელთუბანთან ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავების ვერსიით, ახალგაზრდა მოკლულია, დღემდე კი ბრალდებული არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"