"ჩემი ნება რომ იყოს, მანდილის გარეშე ქართველ ქალებს ავუკრძალავდი გამოსვლას" - კვირის პალიტრა

"ჩემი ნება რომ იყოს, მანდილის გარეშე ქართველ ქალებს ავუკრძალავდი გამოსვლას"

თავსაფარი, რასაც ჰქვია, მანდილი - ჩემი ნება რომ იყოს, ამის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" იმ კანონპროექტის განმარტებისას განაცხადა, რომელიც ისეთი თავსაბურავის ტარებას კრძალავს, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ეს კანონპროექტი უსაფრთხოების სტანდარტებს აამაღლებს. დეპუტატი განმარტავს, რომ კანონპროექტი არ კრძალავს თავსაფრის ტარებას, არამედ კრძალავს მთლიანი სახის დაფარვას.

"უამრავი მუსულმანური სახელმწიფო ვიცით, სადაც ჩადრით მაინც და მაინც არ დადიან. თავსაფარი დასაშვებია, მაგრამ ჩადრი სხვა რამაა. მე მქონდა საუბარი ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოსდა მათ აეკრძალებათ თავსაფრის ტარება, რაც არასწორია. თავსაფარი, რასაც ჰქვია, მანდილი - ჩემი ნება რომ იყოს ამის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, ისე უხდება ქალს მანდილი. ჩადრი, ნიქაბი და ბურკა, რომლებიც სახეს მთლიანად ფარავს, საზღვარზე ადამიანის იდენტიფიცირებას ხელს უშლის", - აღნიშნა კვიციანმა.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის განხილვა კომიტეტებზე ჯერ არ მომხდარა, თუმცა მას იმედი აქვს, რომ აღნიშნულ ინიციატივას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

"ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოიწვევს, ვინც გამოჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი თავსაბურავით, რომელიც მთლიან სახეს ფარავს, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 1500 ლარი იქნება", - დასძინა ემზარ კვიციანმა.

იხილეთ ვიდეო