"მამა ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა" - კვირის პალიტრა

"მამა ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა"

"მამა დედაზე 21 წლით უფროსი იყო. ეს ულამაზესი წყვილი ყველას პატივისცემას იმსახურებდა"

შალვა მაღლაკელიძე ერთადერთი იყო გერმანელების მხარეს მებრძოლ ქართველთაგან, ვისაც ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა

ლბათ, ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც ინდოეთში დაიბადა. დედამ რომის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, დაიცვა ხარისხი, მაგრამ არ იყო იტალიის მოქალაქე და იტალიაში მუშაობის უფლება არ ჰქონდა. ზუსტად ამ პერიოდში ინგლისს დასჭირდა ტროპიკული დაავადებების სპეციალისტი ექიმები. დედამ დამალა, რომ ორსულად იყო და ინდოეთში სამუშაოდ წავიდა. რამდენიმე თვეში მე"დავიბადე", - იგონებს თამარ მაღლაკელიძე, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაურის, გენერალ-მაიორ შალვა მაღლაკელიძის ქალიშვილი.

გენერალი ერთ კატლეტში პიჯაკს ცვლიდა

"მამა ჩემს დაბადებას არ დასწრებია. იმ დროს პაკისტანის არმიის გენერალ აიუბ-ხანის სამხედრო მრჩევლად მუშაობდა. პაკისტანში ჰქონიათ ასეთი წესი -თუ ფანჯარაში ქვა ისროლეს, გაფრთხილებენ, რომ მათთვის არასასურველი ხარ და უნდა დატოვო ტერიტორია. აიუბ-ხანმა პირადად უშუამდგომლა მამას გენერალ ადენაუერთან და 1953 წლის დასაწყისში ის დასავლეთ გერმანიაში ჩავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დედას მოსწერა, რომ გერმანიაში ჩავსულიყავით. ასეც მოვიქეცით, მაგრამ ადამიანი, რომელიც მამამ ჩვენს დასახვედრად გამოგზავნა, ღამით მოკლეს, ამიტომ სხვა პიროვნება დაგვხვდა. მამა დასავლეთ გერმანიაში გველოდა, ჩვენ კი აღმოსავლეთში ჩავედით და ვეღარ შევძელით მამასთან გამგზავრება. მალე მამა დაიჭირეს და ყველანი ერთად მოსკოვში გაგვამგზავრეს.

მოსკოვში ჯერ კარგ სასტუმროში დავბინავდით, შემდეგ უფრო და უფრო ცუდ პირობებში მოგვიხდა ცხოვრება, არც ტანსაცმელი გვქონდა წამოღებული, არც საბჭოთა ფული. ფაქტობრივად, ჩვენ საბჭოთა აგენტურამ მოგვიტაცა. ყოველდღე მოდიოდნენ და მცირე თანხას აძლევდნენ ჩემს მშობლებს. ერთხელაც არ მოიტანეს და საკვები ვერ ვიყიდეთ. მამამ რესტორნის მიმტანს სთხოვა, ამ პიჯაკს მოგცემ და ერთი კატლეტი მომეცი ბავშვისთვისო. სამწუხაროდ, უარი უთხრეს, ალბათ, მიმტანი გაფრთხილებული ჰყავდათ. გავიგონე, როგორ უთხრა დედამ მამას, ჯერ ბავშვი გადავაგდოთ და შემდეგ ჩვენ გადავხტეთო, მათ თავის მოკლვა ჰქონდათ გადაწყვეტილი. მოსასმენი აპარატები იყო ყველგან და როგორც კი ეს ითქვა, 5 წუთში მოვიდნენ, მოიბოდიშეს, გაუგებრობა მოხდაო და დღიური თანხა მოგვიტანეს. ეს ფაქტი საშინელ მოგონებად დამრჩა, დედასთან მარტო დიდხანს ვერ ვრჩებოდი, სულ მეშინოდა, რომ გადამაგდებდა. მახსოვს, როგორი ბედნიერები იყვნენ ჩემი მშობლები, ზამთარი რომ დადგა, ფული მოგვცეს და გვითხრეს, პალტოები იყიდეთ, ოღონდ ძალიან თბილი არ გინდათო. მაშინ მივხვდით, რომ ციმბირში არ გვასახლებდნენო."

თამარ მაღლაკელიძე

შალვა მაღლაკელიძისა და მარიამ ცოტაძის სიყვარულის ისტორია

"დედა, მარიამ ცოტაძე, პირველი ქართველი რკინიგზის ინჟინრის, იოსებ ცოტაძის ქალიშვილი იყო. ბაბუას ხშირად გზავნიდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში რკინიგზის გასაყვანად. ერთხელაც ვლადივოსტოკში გაემგზავრა. სწორედ იქ შეიტყო ნოე ჟორდანიას დეპეშით, რომ საქართველოს გზის მინისტრად ნიშნავდნენ, მაგრამ ტიფი დაემართა და გარდაიცვალა. მის მეუღლეს, ჩემს პოლონელ ბებიას, სამი შვილი დარჩა გასაზრდელი და პოლონეთში დაბრუნება გადაწყვიტა, რაშიც ძალიან დაეხმარნენ ვლადივოსტოკში მცხოვრები ქართველები.

წლების შემდეგ პოლონეთში ქართველთა საზოგადოება შეიქმნა, რომელსაც ჩემი ძმა (მამაჩემის პირველი ცოლის შვილი) გაიოზ მაღლაკელიძე მეთაურობდა. დედამ ქართველთა საზოგადოების არსებობის შესახებ რომ გაიგო, მივიდა და გამოაცხადა, ქართველი ვარ და თქვენთან ყოფნა მინდაო. ასე დაიწყო ჩემს ძმასთან მუშაობა. მოგვიანებით დედა იგონებდა, როგორ უყვებოდა გაიოზი მამამისის შესახებ, როგორი გადასარევი მამა ჰყავდა, ჯენტლმენი, კეთილშობილი. დედას ბევრჯერ უთქვამს, ეს კაცი ნანახი არ მყავდა და უკვე მიყვარდაო. მამა დედაზე 21 წლით უფროსი იყო. ერთ დღესაც მამა ვარშავაში ჩავიდა და შვილს მიაკითხა. მამა იმ დღეს ასე იხსენებდა: შევდივარ ოთახში, წამოხტა ვიღაც თეთრწინდებიანი გოგო და მეუბნება, "თქვენ ბატონი შალვა ხართ?" ვიფიქრე, ვინაა ეს გოგო, რა უნდა ჩემგან-მეთქი."ასე დაიწყო დიდი რომანი, ეს ულამაზესი წყვილი ყველას პატივისცემას იმსახურებდა."

ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ

"მამა სოფელ დიხაშხოში დაიბადა, მდიდარი გლეხის ოჯახში. ბაბუას უთქვამს,"ჩემი შვილი ან გენერალი გამოვა, ან ადვოკატიო"და თურმე თავადებმა დასცინეს, გლეხის შვილი არ შეიძლება გენერალი გახდესო. ჩემი შვილი გახდებაო, დაუჟინია ბაბუას და ყველაფერი გააკეთა, რომ მამას კარგი განათლება მიეღო ჯერ ქუთაისის კერძო ქართულ გიმნაზიაში - ეს სასწავლებელი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად საქართველოში საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა - შემდეგ კი ყაზანის უნივერსიტეტსა და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1918-1921 წლებში მამა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა გახლდათ. ჰქონდა ქართული არმიის პოლკოვნიკის წოდება, მსახურობდა ქუთაისის მაზრის კომისრად, შემდეგ ტფილისის გუბერნიის კომისრად. მოგვიანებით დაინიშნა ტფილისის გენერალ-გუბერნატორად. საბჭოთა რუსეთის ჯარების მიერ თბილისის აღებამდე იყო აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორი და ბოლოს, 1921 წლის 23 თებერვალს, აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად რუსეთის Iმე-11 არმიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.

აფხაზეთიდან სამ კვირაში წამოვიდა, რადგან მენშევიკური მთავრობა უკვე ბათუმში იყო და საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა. მასაც შესთავაზეს ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ უარი თქვა და პირველ მეუღლესთან, მარია გრასისთან და შვილთან, გაიოზთან ერთად მშობლიურ სოფელს შეაფარა თავი. მამისეულ სახლში დიდხანს არ გააჩერეს. 1921 წლის 13 მაისს რევკომის გადაწყვეტილებით დააპატიმრეს და ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი მეტეხის ციხეში ამყოფეს. ციხიდან გათავისუფლების მერე მოახერხა ემიგრაციაში წასვლა და ცოლ-შვილთან ერთად დასახლდა ლატვიაში, ცოლის ნათესავებთან. 1934 წელს შალვა მაღლაკელიძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრანტულ პატრიოტულ ორგანიზაციებს: ""ორნატი", ""თეთრი გიორგი"" და "ქართლოსი".

1941 წლიდან ის გერმანულ არმიაში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. მთავარი იდეა ის იყო, რომ ბოლშევიკებისგან გაეთავისუფლებინა საქართველო. იცით, რამდენი ტყვე ჰყავთ გადარჩენილი მამას და ჩემს ძმას? პირდაპირ შედიოდნენ ბანაკებში და ქართველები გამოჰყავდათ. ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრები გადაურჩენიათ.

1943 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა ქართული ლეგიონი 7 ბატალიონის შემადგენლობით, რომელთაც მიენიჭათ სახელები ""შალვა მაღლაკელიძე"", "გიორგი სააკაძე", "მეფე ერეკლე"II", "დავით აღმაშენებელი", "თამარ მეფე", "შოთა რუსთაველი", "ილია ჭავჭავაძე"... 1944 წელს, დაბადების 50-ე წლისთავზე, მამას ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. სხვათა შორის, გერმანელების მხარეს მებრძოლ ქართველთაგან სხვას არავის ჰქონია გენერლის წოდება.

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა მოსთხოვა ამერიკელებს რამდენიმე გენერლის, მათ შორის მამაჩემის გადაცემა. ამერიკელებმა დააპატიმრეს, მაგრამ შვილისა და მეგობრების დახმარებით მან მოახერხა შვეიცარიაში და შემდეგ რომში გადასვლა, სადაც სამხედრო მრჩევლად მსახურობდა.

მამა 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისში ცხოვრობდა. ჩვენი ოჯახი მუდმივად კა-გე-ბეს თვალთვალის ობიექტი იყო. სახლის ერთ კუთხეში დაყენებული იყო აპარატურა, თუ მიუახლოვდებოდი, ექო ისმოდა.

მახსოვს, სტუდენტი ვიყავი, დასარეკად ყურმილი ავიღე და მესმის საუბარი. ხმა მეცნო, მივხვდი, რომ ჩემი კურსელები იყვნენ. უცებ გოგომ გაიცინა და ჩემი ხმა ვიცანი. რაღაც შეეშალათ, ჩემი რამდენიმე დღის წინანდელი საუბარი მომასმენინეს. იცით, რა საშინელი შეგრძნება იყო? როდესაც გამსახურდია და კოსტავა დაიჭირეს, დამიბარეს, რადგან ისინი ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან სახლში, მაგრამ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს ჩემგან, ამიტომ სასამართლოზე ჩვენი გვარი არ უხსენებიათ."

გენერლის ბურუსით მოცული სიკვდილი

"მამამ გარდაცვალების წინ თქვა: "მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებისთვის ვიბრძოდი და არ დამიფასდაო". ძალიან გულნატკენი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილა, მაგრამ ზვიად გამსახურდია და მისი თანამოაზრეები ხშირად მოდიოდნენ მასთან სახლში... მამა ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა. სრულიად ჯანმრთელი იყო. 84 წლისას საოცარი სმენა ჰქონდა, არანაირი სკლეროზი, არც სათვალეს ატარებდა. უცბად დაეწყო ავადმყოფობის უცნაური ნიშნები, რომელიც ექიმებმა ვერ გაარკვიეს. საქართველოში ვერც ერთმა ექიმმა ვერ დასვა დიაგნოზი.= წითელი ჰქონდა ხახა, ყელი და ვერ ჭამდა. ამბობდა, მომწამლესო, იმიტომ, რომ ჩემთან ახალგაზრდებმა დაიწყეს სიარულიო. მამა ბოლომდე მუშაობდა, იყო მწერალთა კავშირის იურისკონსულტანტი. იქ რუსი მდივანი მუშაობდა. მამას სამსახურში მისვლისთანავე ჩაის სთავაზობდა, თურმე რამდენჯერმე ძალით დაალევინა, მამა ფიქრობდა, რომ სწორედ მან მოწამლა." ფრონტის წინა ხაზზე

მეორე მსოფლიო ომის დროს გენერალი შალვა მაღლაკელიძე თავის ვაჟთან, გაიოზთან ერთად, გერმანულ არმიაში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. იგი ხელმძღვანელობდა მესამე რაიხის ქართულ ლეგიონს, რომელიც 1941 წელს ქართველმა პატრიოტებმა ჩამოაყალიბეს საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად. ეს იყო ერთადერთი ქართული ლეგიონი, რომელსაც უფლება მისცეს ქართული დროშა ჰქონოდა. ყველა სხვა ლეგიონი ფიცს დებდა ფიურერის წინაშე, ქართული ლეგიონი კი ფიცს ქართული დროშის წინაშე დებდა. ლეგიონში 30 300 ქართველი იბრძოდა. 1943 წელს მაღლაკელიძის ბატალიონი უკვე კავკასიონთან იმყოფებოდა. ლეგიონის საქართველოში შემოსვლისთანავე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. გერმანელებმა საბჭოთა ჯარის დამარცხება ვერ შეძლეს.

ნინო წიფურია