"უკვე ხუთი წელია, მარტო ვზრდი ექვს შვილს..." - ელექტროჯიხურში მცხოვრები ექვსშვილიანი ოჯახი შიმშილს ებრძვის - კვირის პალიტრა

"უკვე ხუთი წელია, მარტო ვზრდი ექვს შვილს..." - ელექტროჯიხურში მცხოვრები ექვსშვილიანი ოჯახი შიმშილს ებრძვის

"უკვე ხუთი წელია, მარტო ვზრდი ექვს შვილს. 12 წელია, სასაფლაოებს ვალაგებ. ხან ბინების დასალაგებლად მეძახიან, ხან - ეზოების. ქუჩაში ჯართს ვაგროვებ, ვთევზაობ კიდეც"

თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ზღაპრებში, თუმცა დღემდე კეთილ დასასრულს ელიან 19 წლის შოთა, 18 წლის ვახო, 17 წლის ნიკა, 8 წლის ლუკა, 5 წლის საბა და 4 წლის დემნა. ექვს შვილზე ერთი გმირი დედა ზრუნავს. დედა, რომელსაც ხან ანკესი უჭირავს ხელში, ხან სასაფლაოებს ასუფთავებს და ხანაც - ვიღაცის ბინებსა და ეზოებს... მიზერული თანხა თუ იშოვა 39 წლის ირინამ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დღეს ონკოლოგიურ ავადმყოფ უფროს შვილს წამალი აქვს, დანარჩენებს - საჭმელი... ყველა ერთად კი რუსთავში, ე.წ. კუზიანი ხიდის მიმდებარედ, გაუქმებულ ელექტროჯიხურს აფარებს თავს.

დედამ თითქმის ორი წელი საავადმყოფოში, შვილის სასთუმალთან გაატარა. სანამ უფროსი შვილი შოთიკო კლინიკაში იწვა, მისი ორი ძმა სოციალურმა მუშაკებმა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამი შვილის მამამ ოჯახი სწორედ მაშინ მიატოვა. მარტოხელა ქალმა მამაკაცი გაიცნო და ცოლად მხოლოდ იმის გამო გაჰყვა, რომ ბავშვებზე ზრუნავდა, სხვის შვილებს პატრონობდა. წყვილს სამი შვილი შეეძინა, თუმცა საკუთარი შვილების სითბომ "სხვისი შვილები"დაავიწყა და ერთ დროს მზრუნველი მამინაცვალი მოძალადედ იქცა. ამის გამო მეორე ოჯახიც დაინგრა და უკვე ექვსი ბიჭის დედამ მარტომ დაიწყო უმძიმეს ცხოვრებასთან ჭიდილი.

შვილის გადასარჩენად გამწარებულმა დედამ ხმა ხალხს მიაწვდინა. შოთიკოს არაერთი ორგანიზაცია დაეხმარა. როცა ათი წლის იყო, ექიმები ერთი თვის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ. მერე, კეთილი ადამიანების დახმარებით, ერთი წლით გერმანიის კლინიკაში აღმოჩნდა და ახლა მისი სიცოცხლისთვის ისევ აუცილებელია მედიკამენტი, დედას კი ხან აქვს წამლის ფული, ხან - არა...

ჯიხურში ხან წვიმს, ხან დარია. ხან გაუსაძლისად ცხელა, ხანაც აუტანლად ცივა. ოჯახს რამდენიმე თვე საკუთარი სახლი ჰქონდა. მართალია, პატარა, მაგრამ მაინც საკუთარი, მაგრამ საავადმყოფოს კართან მისულებს სამკურნალოდ დიდი თანხა დასჭირდათ და სახელმწიფოს ნაჩუქარი ერთადერთი თავშესაფარი იპოთეკარს დარჩა... თუმცა შოთიკო გადარჩა...

ირინა გაბინაშვილი: - კასპის რაიონიდან ვარ. მეუღლე რაჭიდან იყო. ჯარისკაცი. მომიტაცა და იმის გამო, რომ სოფელში სახლი ჰქონდა, ჩემმა ოჯახმა დამტოვა. 1998 წელს შოთიკო შეგვეძინა. ჩემი დედამთილისთვის არ ვიყავი სასურველი რძალი და მეორე შვილი ვახო რომ შეგვეძინა, გვარის მიცემის უფლება აღარ მისცა ჩემს მეუღლეს. ამიტომაც სხვადასხვა გვარი აქვთ ბავშვებს: შოთიკო ჯოხაძეა, მომდევნო ორი - გაბინაშვილი. პირველი მშობიარობა მძიმე მქონდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვს ექიმების დაუდევრობით ანგიოფიბრომა განუვითარდა ყელ-ხახის არეში. საშინელ მდგომარეობაში იყო, ხახაზე ბუშტი გამოებერა და ენამდე ჩამოვიდა. 2007 წელს გაურთულდა მდგომარეობა და ონკოლოგიურში იწვა. წელიწად-ნახევარი იქ გავატარეთ. გაუკეთდა ქიმიოთერაპია, ყელში სტომა ჩაუდგეს. მაშინ პატარები, სოციალური მუშაკების გადაწყვეტილებით, ბავშვთა სახლში წაიყვანეს...

როცა ექიმებმა ფარ-ხმალი დაყარეს, დედამ რკინის ქალამანი ჩაიცვა და შვილის გადარჩენის გზის ძებნა დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაციის დახმარებით, შოთიკო დიუსელდორფის კლინიკაში წაიყვანეს. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა, განმეორებით წაყვანა ვეღარ მოხერხდა. მას შემდეგ პირის ღრუსა და ცხვირის არიდან მუდმივად სისხლი სდის. სისხლის შესასქელებელი წამალი სჭირდება.

- ექიმებმა მითხრეს, ერთ თვესაც ვეღარ იცოცხლებს და აზრი არ აქვს საზღვარგარეთ წაყვანასო. ამის შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მივედი. საჭირო მედიკამენტები უცხოეთიდან ჩამოგვიტანეს და გვითხრეს, მოამზადეთ საბუთები გერმანიაში წასასვლელადო. მასთან ერთად კიდევ 16 ბავშვი გაემგზავრა სამკურნალოდ. მთელი წელი დიუსელდორფში იყო. მომდევნო წელსაც უნდა წაგვეყვანა, მაგრამ ვერ შევძელით. სოციალურად დაუცველებს სახელმწიფომ სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად, ბინა გადმოგვცა. შოთიკოს სამკურნალოდ ნაჩუქარი ბინა იპოთეკაში ჩავდე და დავკარგე. ჩემი მეუღლე ერთხელაც არ მოსულა შვილის სანახავად, არც დაურეკავს. ბავშვთან მხოლოდ ჩემი დედამთილი მოვიდა. რაც მოუტანა, ღირებულება დათვალა და მითხრა, ჩემი ვალი გაქვთ, 323 ლარი უნდა დამიბრუნოთო. გავიჭირვე, შევაგროვე და დავუბრუნე... შოთიკოს ყოველთვის სჭირდება სისხლის შესასქელებელი საშუალება. თუ წამალი ვერ მიიღო, მუდმივად სისხლს ანთხევს...

...მალე გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემს შვილებზე ზრუნავდა, ქირასაც გვიხდიდა. მეორედ მხოლოდ იმიტომ გავთხოვდი, რომ შვილები გადამერჩინა. როცა შვილი შეგვეძინა, ეს სამი ბავშვი უყურადღებოდ დარჩა. მერე კიდევ ორი შვილი შეგვეძინა. ამის შემდეგ პირველი ქორწინებიდან შეძენილ ბავშვებს სცემდა. მე ვიცავდი მათ და ამის გამო მეც მცემდა. მეექვსე ბავშვზე ოთხი თვის ორსული ვიყავი, როცა დავშორდი. უკვე ხუთი წელია, მარტო ვზრდი ექვს შვილს. 12 წელია, სასაფლაოებს ვალაგებ. ხან ბინების დასალაგებლად მეძახიან, ხან - ეზოების. ქუჩაში ჯართს ვაგროვებ, ვთევზაობ კიდეც, საჭმელი და წამალი რომ არ მოვაკლო შვილებს. აქამდე კეთილი ადამიანების დახმარებით მოვედით...

ნაქირავები ბინიდან გამოგდებული ექვსი შვილის დედა ელექტროენერგიის გადამცემ ჯიხურში შესახლდა.

- ხუთი თვის ქირა მქონდა გადაუხდელი და გამომიშვა მეპატრონემ. ერთხელ, ბავშვებს ეზოში რომ ვასეირნებდი, ეს ნანგრევები შევნიშნე და ღამის გათენება გადავწყვიტე. მას შემდეგ ჩვენი სახლი გახდა. რუსთავის მერიამ ფანჯარა და კარი ჩაგვისვა. მერე კედელი აგვიშენეს, სახურავიც მოგვიტანეს, თუმცა წყალი მაინც ჩამოდის. მერე ერთმა კაცმა ფიცრები მოგვცა და ჩემი ხელით იატაკი დავაგე. საპირფარეშო არ გვქონდა... ჩემი შვილის ნათლიამ მილები განვადებით გამოგვიტანა და კანალიზაცია ასე გავაკეთეთ. ქალებმა ფული შეაგროვეს და მაცივარი გვიყიდეს. შესანახი არაფერი გვაქვს, მაგრამ ცივ წყალს მაინც ვსვამთ... გვაჩუქეს კარადა და საწოლი. რვა თვის განმავლობაში სოციალური დახმარებაც მოხსნილი გვქონდა, ძლივს ჩავერთეთ ხელახლა. მერიამ წყალი შემოგვიყვანა. გაზი არ გვაქვს, მაგრამ მთავარია, წყალი გვაქვს. ბავშვს ცხვირ-პირიდან სისხლი სდის და სულ სარეცხი მაქვს. შოთიკოს ნევროზიც აქვს და ექიმმა დამამშვიდებელი მედიკამენტები გამოუწერა... როცა შეუძლია, ყველანაირად მეხმარება - ნივთებს აკეთებს და ყიდის, ცდილობს, ძმებზე იზრუნოს... ზამთარში ხანძარი გაჩნდა, ნაჩუქარი ლეიბი და საბნები დაგვეწვა - აგურს ვაცხელებდი ხოლმე ელექტროქურაზე, ნაჭერში ვხვევდი და ამით ვათბობდი ბავშვებს. სათევზაოდ ვიყავი, შესცივნიათ ბავშვებს და უფროსს ძალიან გაუცხელებია აგური...

ბისერებით"სამკაულებს ვაკეთებ გასაყიდად. თუ კარგი ამინდია, ვთევზაობ, ვყიდი და მერე საფლავების დასასუფთავებლად გავრბივარ. გასულ თვეს დიდი წვიმები რომ იყო და მდინარე ადიდდა, ყელამდე ვიდექი მტკვარში და ვთევზაობდი.

ლუკა ხშირად კრუნჩხვაში ვარდება. ბავშვმა ისე დაამთავრა პირველი კლასი, ვერც წერა-კითხვა ისწავლა და ვერც - თვლა... წელს ვახო 18 წლის გახდა, ნიკოლოზი - 17-ის. მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარება აღვადგინეთ, ჩვენი შემოსავალი მრავალშვილიანობის 90 ლარია და სოციალური დახმარება 250 ლარი.

შვიდ საფლავს ვუვლი, თითოს - ხუთ ლარად. უფასო სასადილოში დავდივართ. მადლიერი ვარ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ამხელა ოჯახისთვის. ამწუთას არც პროდუქტი გვაქვს, არც - შოთიკოს წამალი. ანემია მაქვს, მაგრამ არც მახსოვს ჩემი მდგომარეობა, როცა ბავშვებს შიათ... მეშინია სასწავლო წლის დაწყების - ბავშვისთვის ერთი რვეულის ყიდვაც ვერ შევძელი. ჩემს ცხოვრებას ცხოვრება ჰქვია?

P.S. სანამ ზღვის ტალღებთან მოთამაშე გარუჯული ბავშვები სახლებს უბრუნდებიან, ამ ოჯახის ექვსი შვილი გალესილ კედლებზე, საჭმელზე, სასკოლო ნივთებზე, შოთიკოს წამალსა და საწოლებზე ოცნებობს... სადღაც მოზარდები უდარდელად ატარებენ არდადეგებს, რუსთავში, კუზიანი ხიდის მიმდებარედ, ელექტროჯიხურში კი შიმშილს ებრძვიან... მათ იმედი გადაეწურათ, ახლა მათი ხმა ხალხმა უნდა გაიგოს. "კვირის პალიტრა" სწორედ ამას ცდილობს...

ექვსი შვილის დედა კეთილ ადამიანებს ელის. სჯერა, რომ ჩვენი მკითხველი ისევ გაუწვდის დახმარების ხელს, ისევ გაერთიანდება ხალხი და ისევ დავამტკიცებთ, რომ ერთად ყველაფერი შეგვიძლია...

თორნიკე ყაჯრიშვილი