"სავარაუდოდ, შიმშილობას შევწყვეტ" - ზაზა სარალიძემ კლინიკა დატოვა - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, შიმშილობას შევწყვეტ" - ზაზა სარალიძემ კლინიკა დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, ის შიმშილობას სავარაუდოდ, შეწყვეტს.

"სავარაუდოდ, შევწყვეტ შიმშილობას. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მედგრად ვებრძოლო ამ ნაძირლებს", - განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

"აქციები გრძელდება, ვიდრე ეს მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება ჩვენს ქვეყანას. იქამდე ვიბრძოლებთ ვიდრე ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. წეღან "ფაისბუქზე" ვნახე, რომ ბავშვები დაუჭრიათ, გვიჩეხავენ და გვიკლავენ მომავალს. გამოძიება კი არ უნდათ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.

"პირდაპირ მეუბნებიან, რომ ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ. მტკიცებულებები არ არსებობსო. მტკიცებულებები როგორ იარსებებს, „შეჭამეს“ პროკურორებმა და გამომძიებლებმა. იმ პროკურორებს და გამომძიებლებს უნდა მოეთხოვოს პირველ რიგში პასუხი, რომ მტკიცებულებები გამოჩნდეს", - განაცხადა სარალიძემ.

"ინტერპრესნიუსი"