"ვიბრძოლებთ ბოლომდე, ნუ ეგონებათ, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ" - კვირის პალიტრა

"ვიბრძოლებთ ბოლომდე, ნუ ეგონებათ, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ"

15 სექტემბერს, გვიან ღამით, სასულიერო პირები საპატრიარქოში შეიკრიბნენ, მოვიანებით კი თბილისის საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისი აღავლინეს. მათი შეკრების მიზეზი გახდა ხელისუფლების ინიციატივა, რომლის თანახმადაც შესაძლოა ქვეყანაში ნებადართული გახდეს კანაფის მოყვანა ექსპორტის მიზნით.

ისინი ასევე აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა.

სასულიერო პირების ლოცვას საკრებულოსთან მრევლიც შეუერთდა. "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ, რომ ისმინოს ჩვენი ლოცვები და ხელისუფლებამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს შფოთი, რაც არის შემოტანილი უკანონო გადაწყვეტილებებით, გაუქმებული იქნას", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ, რომელმაც საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მიმართა, რომელშიც ვკითხულობთ: "გაუგებარია, რატომ მოხდა მარიხუანის კულტივაციის თაობაზე კანონ-პროექტის საიდუმლოდ მომზადება და არ მოეწყო საჯარო განილვა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მას მაინც გაიტანენ, რაც მიუღებელია".

სასულიერო პირების თქმით, არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას კაზინოებით და ნარკოტიკებით შემოსული ფული და სასულიერო პირები, მრევლთან ერთად ამას არ შეეგუებიან.

"ვიბრძოლებთ ბოლომდე, ნუ ეგონებათ, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ", - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

იხილეთ ასევე: "პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ"