"პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ" - კვირის პალიტრა

"პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ"

პატრიარქის პოზიცია ზუსტად ასეთია, რომ ეს კანონპროექტი არ შეიძლება იყოს მიღებული. ამის თაობაზე პატრიარქი კვირას თავის ქადაგებაში იტყვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.

მამა შალვას თქმით, კვირას, მრევლი იკრიბება სამების ტაძარში, სადაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და "ამის შემდეგ დაანონსდება ყველაფერი".

"როდესაც ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, პატრიარქმა განაცხადა, რომ ეს არის დიდი ბოროტება, მტრობა ქვეყნისა. ანუ ოთხმა ადამიანმა, რომლებმაც ეს მიიღო, ეს იყო ქვეყნის მტრობა. წარმოიდგინეთ, არანაირი რეგულაციები არ იყო დაწესებული, ისე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ ჯერ კანონი მიიღეს და მერე იწყებენ საუბარს, რა რეგულაციები მიიღონ. ეს ხომ მძიმე მდგომარეობაა", - განაცხადა მამა შალვამ.

მისივე თქმით, მოსახლეობის 90%-ს ამ კანონპროექტის მიღება არ უნდა.

"თბილისის სამღვდელოების ნაწილი სამებაში შევიკრიბეთ. მრევლი გვესაუბრება, თუ რა პოზიცია გვაქვს მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით და დაგვიდგებით თუ არა გვერდზე? ჩვენ მოსახლეობას მხარდაჭერას ვუცხადებთ, მოსახლეობის 90%-ს ამ კანონის მიღება არ უნდა. არ უნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მარიხუანას კულტივაცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა სამედიცინო მიზნით იქნება თუ იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსავალი შემოვა. ასეთი შემოსავალი არ გვჭირდება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეკლესია არ ამბობს, რომ ადამიანები უნდა დაიჭირონ მარიხუანას გამო. ამის გამო არ შეიძლება იჭერდნენ ადამიანებს და ციხეში სვამდნენ. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები. რა მოხდა ამ კანონის მიღების შემდეგ - პირიქით, გამრავლდა ამ ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა. როდესაც მეტადონის პროგრამა დაწესდა ჩვენს ქვეყანაში პირობა იყო, რომ მეტადონის პროგრამა შეაცირებდა ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობას. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პროგრამას, თუ მეტადონის პროგრამაში თავიდან 500 კაცი შევიდა, დღეს ამ პროგრამაში არის 50 000 ადამიანი, ანუ ემატება მომხმარებელთა რაოდენობა", - განაცხადა მამა შალვამ.

იხილეთ ასევე: "ვიბრძოლებთ ბოლომდე, ნუ ეგონებათ, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ" - სასულიერო პირების პროტესტი