"პასუხი ვერ გაგვცეს...როგორ შეიძლება ცოდვა დაკანონდეს ?" - კვირის პალიტრა

"პასუხი ვერ გაგვცეს...როგორ შეიძლება ცოდვა დაკანონდეს ?"

ჩვენ ხელისუფლების კომპეტენტურ პირებს როდესაც შევხვდით, მათ საკითხის ირგვლივ პასუხი ვერ გაგვცეს, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაუშვებელია ცოდვის დაკანონება და აუცილებელია მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტზე გატანას ეხება, შედგეს საუბარი და მსჯელობა. შალვა კეკელიას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ შეხვდა მათ ხელისუფლებიდან.

"ხელისუფლება გვეუბნება, რომ გადაწყვეტილი აქვს მარიხუანას კულტივირება. ისინი არ გვესაუბრებიან ჩვენ, მხოლოდ ამბობენ, რომ სამკურნალოდ უნდათ. ამაზე გვესაუბრება ჩვენ შსს და არა ჯანდაცვის სამინისტრო. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაა ცვლილებები, მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს რატომ არ ეკუთვნის ინიციატივა?! როგორც ჩანს აქ საქმე არ გვაქვს სამედიცინო მოხმარებასთან. აქ არის დიდი გეგემები. მათ, როგორც ჩანს, სურთ ჰქონდეთ მაღაზიები და ვიღაცის ბიზნესსფეროდ გადაიქცეს.

როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ კომპეტენტურ პირებთან, მათ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცეს. ჩვენ საუბარი გვქონდა მთავრობის კომპეტენტურ პირებთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. ჯერ საჭიროა დიალოგი დავიწყოთ. ჯერ გავარჩიოთ საკითხი. ჩვენ დავდგებით ჩვენი საზოგადოების გვერდით. როგორ შეიძლება ცოდვა დაკანონდეს?", - განაცხადა შალვა კეკელიამ.

"ინტერპრესნიუსი"