ჩემი თაობის "გამარჯობა" მენატრება - კვირის პალიტრა

ჩემი თაობის "გამარჯობა" მენატრება

არ ვიცი, იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე დავით დვალიშვილის რომელიღაც როლი მქონდა მეხსიერებაში ჩაბეჭდილი და იმ როლის ზეგავლენით განვსაზღვრავდი, თუ მისი გარეგნობა მიტოვებდა ამ შთაბეჭდილებას,  - ყოველთვის კმაყოფილი და უზრუნველი კაცი მეგონა.

ადამიანის გასაცნობად არც  გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, არც მის ნათამაშებ როლებს, არც იმას, რას ამბობს და როგორ... არსებობს სულ სხვა - პატარა ნიუანსებისაგან აგებული სამყარო, მძივების მარცვლებივით ერთმანეთზე აკინძული მოგონებები და ეს სურათები წარსულიდან ქმნიან ადამიანს. სწორედ ისინი არიან ნამდვილი ვითარებანი...

ჩემი გარიჟრაჟი

ჩემს მამისეულ სოფელში - სულორში, ეზოში ერთი კარალიოკის ხე იდგა.  უზარმაზარი მეგონა. ახლა რომ ვუყურებ, ერთი პატარა ხეა და მაშინ ხომ კიდევ უფრო პატარა იქნებოდა... მაგრამ მაშინ ის ხეც დიდი მეჩვენებოდა და ჩვენი პატარა სახლიც...

ამ სოფელში ცხოვრობდა მამიდაჩემი - ნინა. 1895 წელს იყო დაბადებული. საოცარი ქალი იყო...

ზამთარში დიდი თოვლი მოდიოდა, ლამაზი ფიფქებით თოვდა. გამოგვიტანდა ტაბლას სახლიდან. გადავაბრუნებდით, დავსხდებოდით და იმითი ვსრიალებდით ფერდობზე. ოთხთავი იცოდა ზედმიწევნით კარგად.  დამისვამდა ახლოს და სახარებას მაკითხებდა. მერე მეკითხებოდა, - აბა, რა გაიგეო. ძნელი იყო ჩემთვის სახარების გაგება... ის იჯდა და მიხსნიდა, რა რას ნიშნავდა. ახლა მე მაქვს შინ ის წიგნი, 1888 წელს გამოცემული ოთხთავია...

მამაჩემს ერთი ძმა ჰყავდა და ოთხი და. ძმა ომში დაიკარგა. მამიდებს შთამომავლობა არ დარჩენიათ. მარტო მამას ჰყავდა შვილები  და ოთხივე მამიდა ჩვენზე იყო თან გადაყოლილი.

ორი უფროსი დედმამიშვილი ადრევე გარდამეცვალა, დავრჩით სამნი, ორი ძმა და ერთი და. სამწუხაროდ, ახლა ძმებიღა შევრჩით ერთმანეთს.

მამაჩემს ერთი სასაცილო ამბავი შემთხვევია ჩემს დაბადებამდე, 1935 წელს. ნასვამი მიდიოდა შინ, ვანის რაიონში. დაინახა, - საბჭოს წინ ლენინის სურათს კიდებენ. უკან, კიბეზე დგას ვიღაც და ჩაქუჩი უჭირავს ხელში. მამაჩემი ხალისიან გუნებაზეა თურმე, თან ცოტა "მარიაჟობს" კიდეც, როგორც ახლა ამბობენ. ამას აქ რა უნდაო, - დაავლო თურმე ლენინის სურათს ხელი და მდინარეში არ მოისროლა! არიქა, სანდრო, უშველე ახლა თავს, თორემ ცუდადაა შენი საქმეო, - მიაძახეს. გაიქცა თურმე ტყიბულში. იქ მაღაროში დაიწყო მუშაობა. ასე ჩაძვრა მიწაში... ასე გავჩნდი ტყიბულში 1948 წლის 1-ელ მაისს...

ორი წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა სამტრედიაში სახლი იყიდა და იქ გადავედით საცხოვრებლად. იქ დავამთავრე სკოლა. მეხუთე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი, მერე ერთი გოგო შემიყვარდა, დავიწყე იმაზე ფიქრი - თავი როგორ მოვაწონო-მეთქი. სწავლასაც მოვუკელი და სიგარეტიც მოვწიე. სხვათა შორის, მამამ დამინახა ერთხელ, რომ ვეწეოდი. დედასთვის უთქვამს, - შენს შვილს თავის სიგრძე პაპიროსი ეჭირა და ეწეოდაო.

მახსოვს ის გოგონაც, ვინც მიყვარდა... ქერა და ლურჯთვალება, საოცარი გოგო იყო.

ჩემი დილა

წესიერი ბავშვი ვიყავი, არაფერს ვაშავებდი, მაშინ, საერთოდ, ცოტა ვინმე აშავებდა რამეს... ერთი შემთხვევა მახსოვს, ჩემმა მეგობარმა მეორე მეგობარს დანა უჩხვლიტა - სულ ოდნავ ეტყობოდა ნაკაწრი. გადაირია ყველა, - ეს რა მოხდაო! იარაღის ხმარება სირცხვილი იყო.

სკოლაში ერთი მასწავლებელი მყავდა, ანდრო კანდელაკი. კეთილშობილი კაცი იყო, ძალიან არტისტული... უნდა გენახათ, ჟურნალს რომ დაიკავებდა ხელში და თეთრ თმას უკან გადაიყრიდა... მარტო გაკვეთილს კი არ გვიხსნიდა, ცხოვრებას გვასწავლიდა. მოსწონდა როგორ ვკითხულობდი... მითხრა, - ეცადე, იქნებ მსახიობი გახდეო... მაგრამ მე იმის გამო არ შევსულვარ თეატრალურ ინსტიტუტში...

ყველაფერი სიყვარულმა გადაწყვიტა. ერთი გოგო მომწონდა. თავისი მეგობრისთვის ეთქვა, - თუ გავთხოვდი, მხოლოდ მსახიობს გავყვები ცოლადო. ჰოდა, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი.

გავხდი კიდეც მსახიობი, იმანაც იცის, რის გამო გავაკეთე ეს... მერე რაღაცები მოხდა, ერთმანეთს დავშორდით და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ გული მწყდება იმაზე, ერთად რომ არ ვართ... მგონი, იმასაც უნდა სწყდებოდეს გული.

მე და გია ფერაძე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მის ოჯახში დავდიოდი. მახსოვს, ჩვენს კურსელთან, ელისო გუდიაშვილთან ვიყავით, ღვინო რომ არ უნდოდა დაელია, ფანჯრიდან გადაასხა, რეზო ლაღიძემ დაინახა და ეწყინა, - თუ არ გინდა, ნუ დალევ, მაგრამ ნურც გადაასხამო... მერე გიას ცხოვრება ძალიან შეიცვალა... კეთილშობილი კაცი იყო და უბედურება რომ შეემთხვა, ძალიან დაისაჯა თავი.

არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ჩვენ, სხვათა შორის, სამედიცინო ინსტიტუტის სახელითაც გამოვდიოდით. მაშინ მიღებული იყო მონაწილეების სესხება და ჩვენც გვისესხეს.

ჩემი შუადღე

თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ქუთაისის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში წავედი სამუშაოდ. ჩემი გაშვება მოზარდ მაყურებელთა თეატრში უნდოდათ, მაგრამ ქუთაისი მოვინდომე. საოცარი პედაგოგი მყავდა - საშა მიქელაძე, იმან მირჩია. ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას. ამ კაცმა გადაარჩინა ილიას მკვლელობის სასამართლოს ოქმები - ერთხელ ბაზარში ხორცი უყიდია და ოქმების ქაღალდში გაუხვევიათ. დაუხედავს - თავზარი დასცემია და უყიდია დარჩენილი ოქმები იმ ყასბისაგან.

ქუთაისის თეატრში რომ მივედი, იქ უკვე აღარც იპოლიტე თამაშობდა, აღარც აკაკი ვასაძე... თეატრში დადიოდნენ და ჩვენს სპექტაკლებს ესწრებოდნენ. ერთხელ, აკაკი ვასაძე გეძახისო, მითხრეს. ბაღში მელოდებოდა. გავედი. გამიცნო, მომიკითხა, მომეფერა... ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ახალგაზრდებს...

გამოვიდოდი ბაღის კიდეზე, გამარჯობის თქმისაგან კისერი მტკიოდა... თბილისში რომ ჩამოვედი, სპეციალურად დავდიოდი ქუჩებში, თაობა იყო შეცვლილი, ძვირად ნახავდი ნაცნობ კაცს. ამის გამო ძალიან ვდარდობდი... ის "გამარჯობა" მენატრება!

თბილისში რომ გადმოვედი, ერთი წელი კინოსტუდიაში ვმუშაობდი. მერე თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში მომიყვანა.

23 წლისამ შევირთე ცოლი. ვმუშაობდი და ხელფასით ვარჩენდი ოჯახს. ხელმოკლედ ვცხოვრობდი. ავიღებდი ხელფასს, გავისტუმრებდი ვალებს, მერე ავიღებდი ვალებს, დაველოდებოდი ხელფასს და ვიყავი ასე. ფეხსაცმელი სანამ სულ არ დამეხეოდა, ახალს როგორ ვიყიდდი. მახსოვს, სველი ფეხებით მივდიოდი თეატრში, წყალი შემდიოდა. ერთი კაცი იყო კინოსტუდიაში, გასახმოვანებელ რგოლებს ატრიალებდა. რომ ჰკითხავდი, - რა ზომის ფეხი გაქვსო, თუ უნდა მაჩუქო ფეხსაცმელი, - ნებისმიერიო. ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება.

ჩემი საღამო

ამ ზაფხულს სულორში ვაპირებ წასვლას, მინდა სახლი გადავხურო...

ჩემი შვილები გერმანიაში ცხოვრობენ. უკვე 16 წელია იქ არიან... ძალიან მწყდება გული, ასე რომ მოგვიხდა ცხოვრება.

რაც სიგარეტს თავი დავანებე, 16 კილო მაინც მოვიმატე. დავდივარ და დავატარებ ჩემს ზედმეტ 16 კილოს. ვერ ვთქვი სუფრასა და მეგობრებზე უარი!

ძალიან მიყვარს ვაზის მოვლა. მაქვს კიდეც ვენახი ასურეთში. სახლიც რომ მქონდეს ბაღთან ახლოს, გავიდოდი ვენახში, ვაზის ძირში დავჯდებოდი, მოვიდგამდი დოქით ღვინოს, ცხადია, ჩემს დაწურულს და დაველოდებოდი სიკვდილს.

ცუდად რა მახსენდება? გაგეცინებათ, რომ გეტყვით: ერთი "ბორშჩის" სუნი საბავშვო ბაღიდან და მეორე - ერთი როლი ქუთაისის თეატრიდან. შოთა პირველმა მომცა სპექტაკლში "პლატონი". მახსოვს, როგორ მეზარებოდა ამ როლის თამაში...

დიდი ტკივილით მახსენდება მამაჩემის ჩაცვენილი თვალები, როცა სასაფლაოზე მიასვენებდნენ... დედა, რომელიც სამი წლის წინ გარდამეცვალა...

გზავნილები

ერთი ამბავი გამახსენდა: ამერიკაში მომიხდა ჩასვლა, მეგობარი ვნახე, ქუთაისში ერთად ვიყავით ხშირად. კარგა ხანი იყო, ამერიკაში ცხოვრობდა. მიამბო თავისი ამბები, დედა გარდამეცვალა და ისე დაკრძალეს, ვერ ჩავედიო. კაცს პანაშვიდზე მისვლა რომ მოენატრება, წარმოიდგენ? ისეთ დღეში ვარ, მენატრებაო.

რომელ საათზე დგები-მეთქი. უთენია, დილის ოთხ საათზეო. ეგრე ადრე კი არა, თორმეტზე მაინც რომ ავმდგარიყავით, ახლა საქართველოში ვიქნებოდით ყველა ერთად და ქვეყანასაც ავაშენებდით-მეთქი. ქართველები რასაც იქ მუშაობენ, იმის ნახევარი რომ აქ გვემუშავა, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით!

ნოე ჟორდანიაც და ლუარსაბ თათქარიძეც...

საქართველოს დამსახურებული არტისტი დავით დვალიშვილი 1980 წლიდან მარჯანიშვილისა და ახმეტელის თეატრებში მოღვაწეობს. ამჟამად შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარში" თეზევსს განასახიერებს, "ქაქუცა ჩოლოყაშვილში" - ნოე ჟორდანიას, "ლუარსაბ თათქარიძეში" - ლუარსაბს.

დავით დვალიშვილს ათეულობით მხატვრულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის, ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიც არის: "ზოგი ჭირი მარგებელია", "თეთრი ბაირაღები", "მონანიება", "ნეილონის ნაძვის ხე" და სხვ.