"საქართველოში ღმერთმა მოგვიყვანა" - მარტვილში დასახლებული ამერიკელი ოჯახის ისტორია - კვირის პალიტრა

"საქართველოში ღმერთმა მოგვიყვანა" - მარტვილში დასახლებული ამერიკელი ოჯახის ისტორია

ბროდი მაკლაინი: "კიწიაში ვიყიდე მიწა და ძროხები და ღორები მყავს. გეგმა ბევრი გვაქვს, იმედია, გამოვა. გავყიდით გოჭებს და საქონელს. სოფელში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ხალხმა კარგად იგრძნოს თავი"

ამერიკელი წყვილი საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და აქაურობა ისე მოეწონათ, რომ მარტვილში სახლის ყიდვა და დასახლება გადაწყვიტეს. მალე ადგილიც შეარჩიეს, ეზო იყიდეს, ლამაზი სახლი ჩადგეს და უკვე 4 წელია მარტვილში, სოფელ დიდი ჭყონში ცხოვრობენ. ლოს-ანჯელესიდან ჩამოსულ ქეით, მადალინ და ანაბელ მაკლაინებს დიდი ჭყონის ცენტრში მაშინ შევხვდი, როცა ბავშვებს გაკვეთილს უტარებდნენ. პატარები აღტაცებით უსმენდნენ პედაგოგს. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მოსწავლე პედაგოგმა მანქანაში ჩაისვა და სახლებში ჩამოარიგა, მე კი შინ მიმიპატიჟა. ყვავილებით მორთულ ულამაზეს ეზოში შევედით. ინტერვიუს ჩაწერის დროს თავისი ფერმიდან დაბრუნებული ოჯახის უფროსი, ბროდი მაკლაინიც შემოგვიერთდა.

ქეით მაკლაინი: - საქართველოში 5 წლის წინ ჩამოვედით, 6 თვე თბილისში ვცხოვრობდით. იქ დავიწყეთ ქართულის შესწავლა. ბევრს ვმოგზაურობდით საქართველოს კუთხეებში, ვეძებდით მშვიდ, კარგ ადგილს და საბოლოოდ სამეგრელო შევარჩიეთ. 2 თვე სოფელ მუხურში, ნაქირავებში ვცხოვრობდით, თან სხვადასხვა ადგილის სანახავად დავდიოდით და ასე აღმოვაჩინეთ დიდი ჭყონი.

აქ სულ თხილის ბაღი იყო, გავკაფეთ და ჩავდგით ეს სახლი, ეზო ლამაზად მოვაწყვეთ, ყვავილები დავრგეთ. ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთს ვეხმარებით და ასე ვაწყობთ ჩვენთვის თბილ კერას, სადაც სიმყუდროვე და კარგი გარემოა. სამი შვილი გვყავს, ვაჟი და 2 გოგონა. ბიჭი 17 წლის არის, წელს ამერიკაში დაბრუნდა, იქ ჩააბარა უნივერსიტეტში. იმედია, სწავლას რომ დაამთავრებს, საქართველოში დაბრუნდება.

ბროდი მაკლაინი: - როცა მეკითხებიან, აქ რატომ დასახლდიო, ყოველთვის ვპასუხობ, საქართველოში ღმერთმა მოგვიყვანა-მეთქი. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ. მორიგი მოგზაურობის დროს თურქეთი, ალბანეთი, კოსოვო და საქართველო მოვიარე, თან ვფიქრობდი, რომელი ამერჩია საცხოვრებლად. საქართველო რომ ვნახე, ძალიან მომეწონა და ვუთხარი მეუღლეს, შევთანხმდით და წამოვედით.

ქეით მაკლაინი: - ძალიან შემიყვარდა საქართველო, განსაკუთრებით სამეგრელო, კარგი ხალხი ცხოვრობს. მოსაწონია ისიც, რომ კლიმატი სხვადასხვანაირია, ლოს-ანჯელესი ხომ სულ მზიანია, აქ ხან წვიმს, ხან მზეა, ხან თოვლია და ეს მხიბლავს. ჩემს მშობლებს თავიდან გიჟები ვეგონეთ, როცა ჩვენი გადაწყვეტილება ვუამბეთ, ახლა არა მხოლოდ ისინი, ჩემი და და დისშვილებიც ჩამოდიან, ჩემი მეუღლის მშობლებიც იყვნენ.

- თქვენ თუ ჩადიხართ ამერიკაში? - ამ 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავით.

- საქართველოს მოქალაქეობაც გაქვთ? - დიახ, მოგვანიჭეს. პირველი 2 წელი ხალხი ხშირად გვეკითხებოდა, აქ რა გინდათო? ახლა ყველა გვიცნობს, ყველასთან მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა გვაქვს. ვლაპარაკობთ ქართულად, ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობთ. ძალიან მოგვწონს აქაური ურთიერთობები, რაც არ არის ამერიკაში. აქ კარგი მეზობლობა იციან, ლოს-ანჯელესში 15 მილიონი კაცი ცხოვრობს, ყველა მუშაობს და არ სცალიათ ერთმანეთისთვის. აქ მეზობლებთან ვმეგობრობთ და შეგვიძლია ერთმანეთთან ვიაროთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ვისაუბროთ. თბილისში ასე არ არის, იქაც არავინ იცნობს ერთმანეთს, სოფელში კი ყველა ყველას იცნობს.

ბროდი მაკლაინი: - დახმარებაც იციან, რჩევებსაც მოგცემენ. ვთქვათ, არ ვიცი, სად არის ტრაქტორი, ან საიდან უნდა მოვიტანო სამშენებლო მასალა, მეზობლები გვეხმარებიან. დღეს ღორის ფერმისთვის ავაშენეთ სახლი.

- რა ბიზნესი გაქვთ? - კიწიაში ვიყიდე მიწა და ძროხები და ღორები მყავს. ერთი ოჯახი გვეხმარება. უკვე ბიზნესის გაზრდაზე ვფიქრობ. გეგმა ბევრი გვაქვს, იმედია, გამოვა. გავყიდით გოჭებს, საქონელს და ასე უფრო განვითარდება ჩვენი ბიზნესი. ძირითადად, სოფლის მეურნეობას მივდევთ. სოფელში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ხალხმა კარგად იგრძნოს თავი.

- ინგლისურის სწავლის მსურველი ბევრია? ქეით მაკლაინი: - სოფელში ახალგაზრდებს უფრო კარგი განათლება სჭირდებათ და ამაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. შემოდგომაზე დაიწყება ჩვენი სკოლა, თუმცა საზაფხულო სკოლაც გვქონდა. როცა ბავშვები 3-4 საათს სწავლობენ ინგლისურად, ბევრ რამეს ისმენენ და უფრო მეტად ამახსოვრდებათ. ჩვენ ვასწავლით მათემატიკას, ისტორიას, რათა უფრო კარგად შეძლონ საუბარი გამართული ინგლისურით. გვინდა შევქმნათ ინგლისური სკოლა, სადაც ყველა საგანს ინგლისურად შეისწავლიან. ამჟამად 20 ბავშვის მიღება შეგვიძლია. აქ ხალხი სხვაგვარად ფიქრობს, თვლიან, რომ თავიდან ინგლისურის დაწყება არ არის მნიშვნელოვანი, ამბობენ, როცა წამოიზრდებიან, მერე ვასწავლითო. მათ ვეტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილებს საფუძვლიანი განათლება თავიდან მივცეთ.

- როგორც ვხედავ, შვილებიც გეხმარებიან სკოლაში, თავად გოგონები განათლებას სად იღებენ? მადალინი, 16 წლის: - განათლებას სახლში ვიღებთ. დღეში 4 საათი მე და ჩემი და ამერიკული პროგრამით ვსწავლობთ. ასე ისწავლა ჩემმა ძმამ და ჩააბარა ამერიკის უნივერსიტეტში. ალბათ, ჩვენც წავალთ სასწავლებლად.

- როგორია თქვენი ერთი დღე? - ვსწავლობთ, მერე სამი საათი მასწავლებლები ვართ და ბავშვებს ვასწავლით, დედას ვეხმარებით. შემდეგ ქათმებს ვუვლი, ჩემი და ანაბელი კი ღორებს. კარგი მეგობრები გვყავს და ფრენბურთს ვთამაშობთ ჩვენს მინდორში.

ანაბელი: - ჩემი ძმის წასვლის შემდეგ ღორების ფერმა მე გადმომაბარეს, მაგრამ მხოლოდ იმ ღორებს ვუვლი, რომლებიც სახლში გვყავს. ფერმა სხვა სოფელშიც არის. დედა ღორებს ვაჭმევ. ახლა გოჭებს ველოდები. მალე ჩემი დაბადების დღე მოდის, 15 წლის ვხვდები. ლოს-ანჯელესში როცა გოგო 15 წლის ხდება, განსაკუთრებულად აღნიშნავენ. დიდი, გრანდიოზული დაბადების დღე მექნება. გრიგოლეთში წავალ მეგობრებთან ერთად და იქ ვიზეიმებთ, ეს ძალიან მიხარია. ამერიკიდან ბებია და ბაბუაც ჩამოვლენ.

- შეყვარებული ხომ არ გყავთ? მადალინი: - არა, ამაზე არ ვფიქრობთ, თუმცა ბევრს მოვწონვართ და უფრო მეტად ბიჭების მშობლებს და ბებიებს. კვირაობით სოფელში ბაზრობაა და იქ დავდივართ. ერთი ქალი მოვიდა და გვეკითხება, რომელია თქვენგან გათხოვილიო. გაგვიკვირდა და ვუთხარი, რომ შეყვარებული არ მყავს. მაშინ მე შვილიშვილი მყავს, ძალიან კარგი ბიჭიო... ასე ხშირად გვეუბნებიან, ჩვენს მშობლებსაც, თქვენი გოგონები მოგვათხოვეთო.

ბროდი მაკლაინი: - ვისაც კარგი გული აქვს, ღმერთი უყვარს და ხალხის სიყვარული იცის, ის მინდა ჩემი სიძე იყოს. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველი იქნება თუ ამერიკელი. მთავარია, კარგი გული ჰქონდეს.

ქეით მაკლაინი: - ძალიან გვინდა ჩვენს სახლში იცხოვრონ ობოლმა ბავშვებმა. ამ თხოვნით მივმართეთ სახელმწიფოს, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებენ, გვითხრეს, მოქალაქეობა უნდა გქონდეთო, ახლა კი გვაქვს მოქალაქეობა და ვნახოთ. ასე რომ, შეიძლება მალე ოჯახში ახალი წევრები შემოგვემატონ.

- ქეით, რომელ ქართულ კერძებს ამზადებთ? - ძალიან მომწონს ხაჭაპური, ვინეგრეტი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კიტრ-პამიდვრის სალათი, მიყვარს ღომი და მჭადი. კიდევ, საცივი. ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავს, ეზოში. წელს 200 კილოგრამი პამიდორი მოვიდა, ნატურალური, შეუწამლავი, ქილებში ვხუფავთ და ზამთრისთვის ვინახავთ. ამომყავს ყველი და კვირაობით რძეს და ყველს ვყიდით ბაზარში. ჯერ სულგუნის გაკეთება ვერ ვისწავლე. გოგონებიც ამზადებენ საჭმელს, აცხობენ ნამცხვრებს. ჩვენს ოჯახში მთელი დღის განმავლობაში საქმეები განაწილებულია.

ბავშვები ქართულად კარგად საუბრობენ. ჩვენც ვსწავლობთ აქაურ ენას, კულტურას, ტრადიციებს. სტუმრებიც ხშირად მოდიან. ვუკრავთ საკრავებზე, ვმღერით და ბედნიერად გადის დღეები.

თეა ხურცილავა