ბედნიერება ერთი მუჭა თხილით - კვირის პალიტრა

ბედნიერება ერთი მუჭა თხილით

"თხილნარი ჩემი სიამაყეა. კითხვა-კითხვით და ინტერნეტში ძებნით თხილის მოშენების ყველა წესი ვისწავლე. მოვზიდე ნერგები და წინასწარ მომზადებულ მიწაზე დავრგე. შვიდასივემ გაიხარა და წელს პირველი ნიშანიც მომცა, თითო მუჭა თხილი"

"გიორგი კაჭარავასთან ქორწინებას უიღბლოს ვერ დავარქმევ. ჩვენ საოცარი წლები გავატარეთ. თავიდან, როცა წავიდა, გაბრაზებული ვიყავი გიაზე, როცა ოჯახის სიყვარულით უნდა დამტკბარიყო, დაესვენა, მთელი ცხოვრების დათესილი მოსავალი აეღო, სულ სხვა გზა, ახალი ცხოვრების დაწყების გზა აირჩია"

კინორეჟისორ მანანა ორბელიანისთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. მისი მეგობრები, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს, დამემოწმებიან, რომ მანანა ის ქალია, რომელსაც მხოლოდ ნიჭიერი, ერთგული, წესიერი და კიდევ უამრავი საქებარი ეპითეტით დასამშვენებელი ადამიანები ახვევია გარს. არ იფიქროთ, რომ ეს იმის გამოა, რომ ასეთებს ირჩევს სამეგობროდ... არა, მანანასთან ვალდებული ხარ, რომ ასეთი იყო, რადგან ის შენში მხოლოდ ნათელ მხარეს ხედავს.

- მანანა, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" საუკეთესო წლებში იმუშავე. "დათა თუთაშხია", "კარიერი", "თბილისი-პარიზი-თბილისი", "ცხელი ზაფხულის სამი დღე", "თვითმფრინავის ბიჭები"... კიდევ შეიძლება გაგრძელება...

- რეზო ჩხეიძე, ნოდარ მანაგაძე, გიგა ლორთქიფანიძე, გიზო გაბესკირია... ეს იმ რეჟისორების არასრული სიაა, რომლებთანაც ვიმუშავე. იმედია, ისევ მომეცემა ამისი შესაძლებლობა. ფილმის მეორე რეჟისორს ჯგუფის მომზადება, მსახიობების შერჩევა, ოპერატორთან, მხატვართან, გრიმიორთან, ჯგუფის სხვა წევრებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების მოგვარება ევალება. ფაქტობრივად, მთავარი რეჟისორის მარჯვენა ხელი ხარ. როცა "დათა თუთაშხიაზე" დავიწყე მუშაობა, ვერ ვიფიქრებდი, რომ იმ კინოსტუდიიდან მხოლოდ ისტორია დარჩებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, შეუძლებელია ამ ისტორიის ნაწილი იყო და სხვანაირად ფიქრობდე.

- მაგრამ ახლა შენი სულ სხვა სახე მინდა ვაჩვენო მკითხველს - ქართველი ქალის სახე, რომელსაც უმოქმედობა არ შეუძლია. მოდი, მივყვეთ მოვლენებს... სამი შვილი გყავს. - სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი. კიდევ ველი ნამატს, ჩემი უმცროსი ქალიშვილი, ლიკა კაჭარავაც, უკვე ქმრიანი ქალია.

- ორი ქმარი გყავდა. - თამუნას მამას უხსოვარ დროს გავშორდი.

ყოფილ მეუღლესთან, გია კაჭარავასთან ერთად - მეორე ქორწინებაც უიღბლო იყო? - არა, გიორგი კაჭარავასთან ქორწინებას უიღბლოს ვერ დავარქმევ. ჩვენ საოცარი წლები გავატარეთ. მართალია, გავიყარეთ, მაგრამ ის ჩემი სამივე შვილის მამაა, რადგან თამუნაც მისი გაზრდილია და მამას ეძახის. თავიდან, როცა წავიდა, გაბრაზებული ვიყავი გიაზე, როცა ოჯახის სიყვარულით უნდა დამტკბარიყო, დაესვენა, მთელი ცხოვრების დათესილი მოსავალი აეღო, სულ სხვა გზა, ახალი ცხოვრების დაწყების გზა აირჩია.

- შენც სხვა გზა აირჩიე, რადგან ოჯახის მთლიანობაც დაირღვა და აღარც ფილმებით იყავი ძალიან დაკავებული, სოფლისკენ დაიწყე ყურება. - ჩემი დედულეთი, აბაშის რაიონის სოფელი მაიდანი, ჩემთვის ყოველთვის ბედნიერების წყარო იყო. აქ უამრავი ნათესავი და მოკეთე მყავს, ამიტომ ყოველთვის მექაჩებოდა გული აქეთ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე, რომ დედაჩემის სოფელში პატარა სახლი და მიწა მეყიდა. იმ დროს "ყავა და ლუდის" მეორე რეჟისორად ვმუშაობდი. სერიალი ექვსი წელი გადიოდა. ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა ამ პროექტს, ჰოდა, როცა მითხრეს, რომ ჩემს დედულეთში ეს ძალიან მისახედი სახლ-კარი იყიდებოდა, შევიძინე. სახლი მყარად იდგა ფეხზე, მაგრამ სხვა უამრავი პრობლემა იყო - წყალი ჩამოდიოდა სახურავიდან, ოთახებში ბათქაში ცვიოდა, ჭერი და იატაკი გასამაგრებელი იყო. სამაგიეროდ, ეზოში უმშვენიერესი ბაღი დამხვდა - წყავი, კაკალი, მსხალი, ვაშლი, ტყემალი, ქლიავი, თხილი, კარალიოკი, ხურმა... მერე მეზობლები და ნათესავები?! ახლა ჩემი მეგობარი უნდა მესტუმროს მეუღლესთან ერთად. ბაზარში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ვინ გაგიშვა? გაიგეს ჩემებმა, რომ სტუმრებს ველი და აავსეს ჩემი სახლი სოფლის სიკეთით - ერთმა ქათამი მომიყვანა, მეორემ ყველი, ფქვილი გადმომიტანა ხონჩით, ბაღჩეულიც მომართვეს... ბევრი რამე მე თავად მაქვს ჩემს სამფლობელოში, ჰოდა, დიდებულ სუფრას გავშლი.

- სოფელი ძლიერია, მაგრამ ბევრი მაინც გაურბის სოფელში ცხოვრებას. - ჰო, გარბიან. მაიდანიც დაცარიელებულია, უამრავი სახლია გამოკეტილი. დღეს თუ ევროპისკენ ვიყურებით, სირცხვილია იმის თქმა, რომ ელემენტარულ პირობებსაც ვერ უქმნის სახელმწიფო სოფელს. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ სოფელი ქვეყნის სიძლიერეა, ეს არაფერს შეცვლის. ჩემნაირ ენთუზიასტობას ვერ მოვთხოვ ყველას, მაგრამ აი, სახლამდე მოასფალტებული გზა, ჭიშკრამდე მიყვანილი წყალი და გაზი თუ ექნებათ, დაფიქრდება ხალხი სოფელში დაბრუნებაზე.

- ენთუზიასტის გაშენებულ თხილის ხეივანზეც გვიამბე. - თხილნარი ჩემი სიამაყეა. კითხვა-კითხვით და ინტერნეტში ძებნით თხილის მოშენების ყველა წესი ვისწავლე. მოვზიდე ნერგები და წინასწარ მომზადებულ მიწაზე დავრგე. შვიდასივემ გაიხარა და წელს პირველი ნიშანიც მომცა, თითო მუჭა თხილი.

- შვილიშვილები აქ ატარებენ ზაფხულს? - უკეთეს ადგილზე სად წავიყვანთ? მდინარე ცხენისწყალზე დამყავს, ხან ნოღელაზე. შარშან ფრანგულ ჯგუფთან ვიმუშავე ფილმის ქასთინგზე და აღებული ჰონორარით და საბანკო კრედიტით პატარა მანქანაც შევიძინე, ბავშვებს ძალიან ეამაყებათ მძღოლი ბებია.

- ვიცი, რომ დიდებული მზარეული ხარ. - მერე როგორი გემრიელი გამოდის ყველაფერი შენი მოწეულით? კეთებაც მიყვარს და ჭამაც, განსაკუთრებით მეგობრების, ოჯახის წევრების გარემოცვაში.

- შენი ძირითადი შემოსავალი პენსიაა? - ძალიან გამიხარდა, როცა საპენსიო ასაკს მივაღწიე. უკვირდათ, პირველად ვხედავთ ადამიანს ასაკის მომატება რომ ახარებსო, მაგრამ ელემენტარული სტაბილურობის განცდა გააჩინა პენსიამ. "ყავა და ლუდის" შემდეგ ორ პროექტზე ვიმუშავე. ერთი რეზო გიგინეიშვილის "თვითმფრინავის ბიჭები" იყო. ეს ფილმი ბერლინალეზე ქართულ დროშასავით ფრიალებს, ძალიან მაგარი გამოვიდა. შემდეგ ფრანგი რეჟისორის, ემა ჰუსონის პროექტი იყო. ჰოდა, ამ პენსიით და კანტიკუნტად გამოჩენილი პროექტებით ვახერხებ სოფლის მიხედვას. ყოველთვის, როცა გვიან შემოდგომაზე მოსავალს დავაბინავებ და თბილისში წასვლის წინ მანქანას ათასგვარი სიკეთით დავტვირთავ, ვხვდები, მართალია, სოფელში ბევრი ვიშრომე, მაგრამ სოფელმა კიდევ უფრო მეტი მომცა - ჩემს შვილიშვილებს არაჩვეულებრივი ზაფხული, ჩემს სტუმრებს დაუვიწყარი დღეები, ჩემს ოჯახს კი ხვავი და ბარაქა. გაზაფხულზე ეზოში ჩანჩქერის გაკეთება მაქვს დაგეგმილი. ლამაზი ქვების მოგროვება უკვე დავიწყე ცხენისწყალზე.

რა ვქნა, ახალი პროექტის მოლოდინში უსაქმურობის სევდას ვერ მივეცემი - იქნება პროექტი? ამას რა ჯობს. თუ არადა, ვიცხოვრებ როგორც შეეფერება ქალს, რომელსაც ძალა ერჩის - ოჯახის სიყვარულით, ჩემს ანგელოზებთან ერთად, რომლებიც ამ ყველაფრის სტიმულს მაძლევენ.

დეა ცუცქირიძე