"ეს ტბა თუ გასხვისდა, უჯარმა უდაბნოდ იქცევა" - კვირის პალიტრა

"ეს ტბა თუ გასხვისდა, უჯარმა უდაბნოდ იქცევა"

"ტერიტორია თანამესაკუთრესთან ერთად ემზარ კვიციანმა აუქციონის წესით შეიძინა. როცა კვიციანი დაიჭირეს, სააკაშვილის მთავრობამ ქონება ჩამოართვა და ტერიტორია მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადაიყვანა. ახლა თურმე ეკონომიკის სამინისტრო 99-წლიანი იჯარით მის გასხვისებას აპირებს"

სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე ულამაზესი ბუნებრივი მლაშე ტბაა, სადაც უძველესი დროიდან იოდიზებულ მარილს რეწავდნენ. ტბაში უამრავი სახეობის თევზი ბინადრობს. უჯარმის მოსახლეობის ინფორმაციით, მლაშე ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება იგეგმება. "ტბა რომ შემოიღობოს, სოფელი უდაბნოდ იქცევა. ჩვენ არ ვართ განებივრებული საძოვრებით, უჯარმა მესაქონლეობით ცხოვრობს და წყალს, მისასვლელ გზებსა და საძოვრებსაც თუ გადაგვიკეტავენ, რა გამოვა?! ხალხსაც ხომ უნდა გვკითხონ აზრი?! ტერიტორიის გასხვისებას არ დავუშვებთ!" - ამბობენ უჯარმელები.

ფრიდონ ფალიანი, უჯარმის მკვიდრი: - გამგეობაში წერილი შემოვიდა. გაირკვა, რომ ამ ქონების შეძენის სურვილი აქვს რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენ ყაჯრიშვილს. ვინ დგას მის უკან, არ ვიცით. 3 ჰექტარზე არა მარტო მლაშე ტბა, ყოფილი მეურნეობის ბაზა და შენობა-ნაგებობებია. ტბის მიმდებარედ დგას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიული შენობა, რომლის შეტანას, როგორც ვიცით, იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში აპირებენ.

მეურნეობის დაშლის შემდეგ ტბაც და მიმდებარე ტერიტორიაც თანამესაკუთრესთან ერთად ემზარ კვიციანმა აუქციონის წესით შეიძინა. როცა კვიციანი დაიჭირეს, სააკაშვილის მთავრობამ ქონება ჩამოართვა და ტერიტორია მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადაიყვანა. ახლა თურმე ეკონომიკის სამინისტრო 99-წლიანი იჯარით მის გასხვისებას აპირებს. მთელი სოფელი ტბაზე ვთევზაობთ, გარშემო საძოვრებია, ახლა მოვა ვიღაც მესაკუთრე, ტბასაც შემოღობავს, მიწასაც და იქ შესვლაზე ფასს დაგვიწესებს! მლაშე ტბაში ძველად იოდიზებული მარილი მოიპოვებოდა, მთელი კახეთი მარილისთვის აქ მოდიოდა. გარდა ამისა, ტბაში მოიპოვებოდა ჭიქური მასალა, რომელიც ჭურჭლის მოჭიქურებისთვის გამოიყენებოდა. სხვა საძოვრები და წყარო ჩვენ არ გაგვაჩნია. პირუტყვი წყალს მანდ სვამს. სხვა გზაც არ არსებობს - მხოლოდ ამ მეურნეობიდან არის მისასვლელი. ტბა რომ შემოიღობოს, სოფელი უდაბნოდ იქცევა. იმ დალოცვილმა სხვაგან ააშენოს სასტუმრო, არ არის ადგილები?

რამდენიმე თვის წინ იმ ბიზნესმენმა ჩვენი მაჟორიტარი კონსტანტინე ღოღელიანი, რომელიც ამ ტერიტორიის გასხვისების წინააღმდეგი იყო, გზიდან ჩამოიშორა - დააჭერინა. ყაჯრიშვილს რაღაც მეურნეობები და აგარაკები აქვს წალმიანში. როდესაც აქ გამოჩნდა, ჯერ დაუმეგობრდა ღოღელიანს, მერე ამ ტბით დაინტერესდა და ქრთამი შესთავაზა... ის არ ყიდდა და უჩივლა, ქრთამი აიღოო. სოფელს გვჯერა, ის არაფერს გაყიდდა. ფულის აღებას რომ ვერ უმტკიცებენ, ახლა თაღლითობას ედავებიან.

- რამდენი კომლია სოფელში? - უჯარმაში ადგილობრივი 200 კომლია. ამ სოფლის გულისთვის თავს დავდებთ. ჩვენმა შვილებმა ყაჯრიშვილს უნდა უყურონ ხელებში, დაგვასაქმე და გვაჭამეო? აქვე, უჯარმაში, სამკურნალო წყლებიც გვაქვს. ბალნეოლოგიურ სანატორიუმს აზერბაიჯანელი მესაკუთრე ჰყავს. კი ბატონო, აკეთონ ბიზნესი, მაგრამ არა სხვის ხარჯზე! ეს მიწა-წყალი სოფლისაა!

"კვირის პალიტრა" სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შპს "ნაგ"-ის მფლობელ გიორგი ყაჯრიშვილს, სურდა ამ ტერიტორიის იჯარით შესყიდვა, მაგრამ ვინაიდან სააგენტომ სამხარეო გუბერნიის პოზიცია არ იცის (საქმის წარმოებაში ადგილობრივი სამხარეო გუბერნიის პოზიცია არ დევს), ქონების იჯარით გასხვისება ამ ეტაპზე არ განიხილება. ამასთან, მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინების გარეშე ქონება იჯარით არ იყიდება: სამინისტრო ეკითხება გუბერნიას, გუბერნია - ხალხს და ობიექტი ამის შემდეგ გაიცემა იჯარით, თუმცა აქ ლაპარაკი არ არის საძოვარზე - ტბის მიმდებარე ტერიტორია საჯარო რეესტრში არასასოფლო-სამეურნეო მიწად არის დარეგისტრირებული.

P.S. ჩვენ ვეცადეთ გიორგი ყაჯრიშვილსაც დავკავშირებოდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისმა პარტნიორმა ალიკა კობიაშვილმა კი აგვიხსნა, რომ ბიზნესმენი რუსეთში იმყოფება და თავად დაგიკავშირდებათო. რამდენიმე დღის შემდეგ ბიზნესმენი მართლაც დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მოსახლეობა იმას კი არ აპროტესტებს, რომ"ტერიტორიას იჯარით იღებს, არამედ იცავს დეპუტატ კოტე ღოღელიანს, რომელიც ციხეში ზის.

შემდეგ ბატონმა გიორგიმ, მოუცლელობა მოიმიზეზა და დამპირდა, 10 წუთში ისევ დამირეკავდა და ყველა კითხვაზე პასუხს გასცემდა, თუმცა, აღარ დამკავშირებია.

ნანა ფიცხელაური