"ახლა ვიღა უგდებს ყურს ხევისბერებს..." - კვირის პალიტრა

"ახლა ვიღა უგდებს ყურს ხევისბერებს..."

"საკლავის დაკვლას თავისი ტრადიცია ჰქონდა - გააჩნია, რისთვის იკვლებოდა. ახლაც ასეა განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევაში, საკლავი ჰაერში ჰყავთ აწეული, სისხლი ჭიქაში ჩაიწურება, რომლის წვეთებს შემდეგ დასტურებს ხელებზე, მხარსა და შუბლზე წაუსვამენ. ამას "მხარის დანათვლა" ჰქვია"

წლების წინ, როდესაც მთას თავისი კანონები ჰქონდა, გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა ხევისბერი - ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების წესით, თვისებებით და სამართლიანობით გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ახლა ხევისბერი მხოლოდ ხატობასა და დღეობებზე ასრულებს თავის მოვალეობებს. როგორია თანამედროვე ხევისბრის ცხოვრება, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" თიანელ ხევისბერ მირზა ფაშურიშვილს ესაუბრა:

- უკანა ფშავში ჯერ კიდევ შემორჩა ტრადიციები, თუმცა ბევრიც დაიკარგა... ადრე კვირაცხოვლობას კვირის სწორობას ეძახდნენ და აღდგომიდან ორი კვირის შემდეგ აღნიშნავდნენ. 12 თემი მონაწილეობდა, მათგან 11 ფშავიდან იყო, ერთიც ხევსურეთიდან. დროშებით გამოდიოდნენ ხევისბერები და დასტურები, ანუ ის ადამიანები, ვინც ხევისბერებს ეხმარებიან - ლუდს ხარშავდნენ, საკლავს კლავდნენ. მელუდე დასტურს სოფელში მორიგეობით ირჩევდნენ, ლუდის მოხარშვა, ანუ მელუდეობა, ყველას არ შეეძლო, ადამიანს თავისი ცხოვრების წესით უნდა დაემსახურებინა.

საკლავის დაკვლას თავისი ტრადიცია ჰქონდა - გააჩნია, რისთვის იკვლებოდა. ახლაც ასეა განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევაში, საკლავი ჰაერში ჰყავთ აწეული, სისხლი ჭიქაში ჩაიწურება, რომლის წვეთებს შემდეგ დასტურებს ხელებზე, მხარსა და შუბლზე წაუსვამენ. ამას "მხარის დანათვლა" ჰქვია. ეს ადამიანები აღდგომას, პეტრეპავლობას, მარიამობას, შობის დღესასწაულებზე, რომელსაც ადრე ქრისტეს დღეობას ეძახდნენ და ახალ წელს, "წელწადს" - ერთი წლის განმავლობაში ემსახურებიან. ეს მადლია და ამიტომაც, ამ საქმეს მორიგეობით ინაწილებენ. ყველა წმინდანს თავისი დროშა აქვს და ის 12 თემი, რომელსაც თავისი გვარის მლოცველი მიჰყვება, დროშებს აიტანს სალოცავში და როდესაც ყველა მოგროვდება, იწყება სადღესასწაულო რიტუალი.

ჩვენთან წმინდა გიორგი ლამის უფალთან არის გათანაბრებული და ძალიან ბევრი წმინდა გიორგის სალოცავიც გვაქვს. იმ ადგილს, სადაც ხატობას დროშა უნდა დაბრძანდეს, "მკვრივი" ჰქვია. ჯერ ლაშარის ჯვარის შესაწირი დაიკვლება და შემდეგ მიჰყვება დანარჩენი 12 თემის წარმომადგენელი, ყველას თავისი საკლავი ჰყავს... ახლა ეს ტრადიცია გარკვეულწილად შეიცვალა, რადგან ხევისბერები ცოტანი არიან. არ უნდა ხალხს ხევისბერობა, წესები აღარ სრულდება. ამიტომ ზოგჯერ წესებს თავად მლოცველი ასრულებს, რომ ტრადიცია არ დაიკარგოს.

ხევისბერი ხატმა უნდა აირჩიოს, წესისა და ადათის თანახმად, ზოგს კი შთამომავლობით გადაეცემა. ისეც მომხდარა, რომ შენაცოდვარზეც ირჩევენ.

- ეს რას ნიშნავს?

- ხატში თუ რამეს დააშავებდა, შემდეგ ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებდა, ან თავად უნდა გამოესყიდა. ზოგმა ასეთი შეცოდების გამო საკუთარ თავს მთელი ცხოვრება ხორცის ჭამა აუკრძალა, მეტიც, ხელსაც აღარ ჰკიდებდა...

- თქვენ სად მსახურობთ? - მე ლაშარის ხევისბერი ვარ... გადმოცემით, თამარ მეფე ფშავში წასულა და ღელესთან ერთი ადგილი მოსწონებია სალოცავად და აუშენებია ეკლესია. აქედან მოდის ლოცვა, რომელსაც საჭირო ჟამს ვამბობთ: "თამარ დედოფალო, აქ იმკურნალო, სნეულთ მშველელეო, ღელის ანგელოზო, დიდო თამარო, შენამც გაგემარჯვებაო..." მას ხევისბერი ამბობს... ხანდახან არის, რომ თუ ანგელოზის წყალობა არ მოდის, ლოცვას ვერ წარმოთქვამ, სიტყვებსა და აზრს თავს ვერ უყრი. შეიძლება სანთელი გეჭიროს ხელში და ვერ დაილოცო, თუმცა ხანდახან თავადაც გამკვირვებია, ისეთი სიტყვები წარმომითქვამს ლოცვად.

- ხევისბრის ცხოვრების წესი ჩვეულებრივისგან განსხვავებულია?

- დიახ, ბევრად. ადრე სხვის სახლში შესვლის უფლებაც არ ჰქონდა. ახლა ყველაფერი გაიოლებულია, თორემ წესით, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა სარგებლობდეს, იქ, სადაც ბევრი ხალხი და ქალია, არ უნდა ჩნდებოდეს. ადრე 40 დღის განმავლობაში მიცვალებულთან მისვლის უფლება არ ჰქონდა, არც მანამდე, სანამ სული სახლში ტრიალებს. ჩვენი წინაპრები ამას "ნაციებს" ეძახდნენ. გასვენებასა და ქორწილებში არ დადიოდა. წლების წინ ბავშვი რომ დაიბადებოდა, იმ ეზო-კარში არ შევიდოდა, 7 კვირა, 40 დღე მაინც უნდა გარიდებოდა იქაურობას, სანამ დედა-შვილი განიწმინდებოდა. საერთოდ, სახევისბერო ცალკე იყო, მას ქალებთან ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, მათთან ერთად არ ჭამდა და სვამდა.

- თქვენ როგორც ცხოვრობთ, ამ დროების ხევისბერი? - მე ხევისბერობა, შთამომავლობით გადმომეცა, დედაჩემის პაპა იყო ხევისბერი, ფშავში. ვცდილობ ძველი ტრადიციებიდან ბევრი რამ არ დავკარგო. რასაც ჩვენი წინაპარი აკეთებდა, იმას ვერ შევძლებ, მაგრამ ვცდილობ, ძველი წესები დავიცვა.

ლოცვა წინასწარ ნასწავლი და დაზეპირებული არ გვაქვს, იმ სიტყვებით ვლოცულობთ, რომლებიც მაშინ მოდის, თუმცა, ზოგი წინაპრისგან შემორჩენილი ლოცვაც მახსოვს. პირველად ღვთის სადიდებელი ითქმება, მერე უფლის საბოდიშო - გვაპატიეთ, თუ ადამიანები ჩვენი ხორცეულობით თქვენ წინაშე რამეს ვცოდავდეთო... შემდეგ ვამბობთ, "არ არსებობენ ყმანი შაუცოდველნი და ბატონნი შაუვედრელნი..."

- როდესაც შთამომავლობით არ გადადის, მაშინ რა თვისებებით გამოარჩევს თემი ხევისბერს? - ცხოვრების წესით, რწმენით, სამართლიანობით, მიმტევებლობით... ადრე დალოცვილ უფალს თავისი ქადაგები ჰყოლია და მათ დღეობაში ალაპარაკებდა იმას, რაც სახატო საქმეებში რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. თავხევისბერი და ხევისბერები უკანა ფშავში ან ლაშარზე იკრიბებოდნენ და ამა თუ იმ სადავო საქმეს რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ, მაგრამ ეს ადრე იყო. ახლა ვიღა უგდებს ყურს ხევისბერებს...

ლალი პაპასკირი