"მოვიდნენ, ადგილი მიათვალიერ-მოათვალიერეს და უკვალოდ გაქრნენ" - კვირის პალიტრა

"მოვიდნენ, ადგილი მიათვალიერ-მოათვალიერეს და უკვალოდ გაქრნენ"

ბარისახო მაღალმთიანი ხევსურეთის ის სოფელი გახლავთ, რომელმაც ისეთ დროსაც კი შეინარჩუნა სიცოცხლე, როცა ხევსურეთი დაცლის პირას მივიდა. დღეს მთის დაცლის ამ მტკივნეულ თემას თითქოს გამოსავალი მოეძებნა - წლების წინ დაწყებულმა ტურიზმის განვითარებამ ხევსურეთსა და ბარისახოში მცირე ბიზნესის განვითარების იმედი გააღვივა, რასაც, ცხადია, გამართული ინფრასტრუქტურა სჭირდება, ბარისახოში შესასვლელი გზა კი ისე ინგრევა, შესაძლოა, იქაურობა დაიმეწყროს. შარშან დამეწყრილი მონაკვეთის გამაგრება დაიწყო და სოფელსაც იმედი მიეცა, თუმცა, როგორც ამ სოფლის მცხოვრები გოგი ჭინჭარაული გვწერს, იმედი მალევე ჩაქრა:

ბარისახოს შესასვლელთან, სადაც საავტომობილო გზა გადის, უკვე მეორე წელია, დამცავ კედელს აკეთებენ. მისი ერთი მონაკვეთის მშენებლობა შარშან დაიწყო და სწრაფადაც აშენდა, მაგრამ აშენდა ისეთ ადგილას, სადაც ისე საჭირო არ იყო, როგორც იმ მონაკვეთზე, სადაც ნიადაგი მეტად იმეწყრება. საქმე ის არის, რომ ეს დამეწყრილი მონაკვეთი არა მხოლოდ გზას უქმნის საშიშროებას, არამედ ამ მონაკვეთის მიმდებარე შენობებსაც. ვერ გავიგეთ, რა მოხდა - შარშანდლის შემდეგ მშენებლები წელს ისევ გამოჩნდნენ, მაგრამ ასაშენებელი ადგილი მხოლოდ მიათვალიერ-მოათვალიერეს და უკვალოდ გაქრნენ. რა ხდება? რესურსები ამოეწურათ თუ სხვა რამ მიზეზიაო, კითხულობენ სოფელში და პასუხის გამცემი არავინ არის. აქვე ერთი რამეც არის აღსანიშნავი: ამ უპასუხისმგებლობასთან ერთად, ის ქვამასალაც, რომლითაც სამაგრი კედელი ააშენეს, ძირითადად, აქვე მოიპოვეს, ლიცენზიის გარეშე და ნუთუ ეს ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვება არ არის? ბოლოს კი ქუდიც დაიხურეს და სტიქიის პირისპირ დაგვტოვეს. დრო გადის, მალე ზამთარიც მოვა, მშენებლობას კი საშველი არ ადგება. ჩვენ მოსალოდნელი საშიშროების გამო ვღელავთ და ამ წერილში დასმულ კითხვებზე პასუხს ვითხოვთ.

ამ პრობლემის გარკვევა არცთუ იოლი აღმოჩნდა. უპირველესად დუშეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამასახურის უფროსს, იოსებ ღარიბაშვილს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, ამ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებდა. ვინაიდან სამინისტროს მიერ ინფორმაციის მოკვლევას დრო დასჭირდა, პრობლემაზე ისევ ბარისახოელებს ვესაუბრეთ, მერე კი კვლავ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავუკავშირდით. სამსახურის განმარტებით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ ვადების დარღვევისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა.

"დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად სატენდერო დოკუმენტაცია უკვე დამუშავებულია და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც სამუშაოები ორ თვეში დასრულდება", - ასეთია სამინისტროს ოფიციალური პასუხი, რომელმაც ბარისახოელები არ დააკმაყოფილა. მეწყრის შემთხვევაში ეს მონაკვეთი ისე ჩამოიშალოს რომ სავალი გზა დიდი ხნით ჩაკეტოს.

იმედს ვიტოვებთ, რომ სანამ ბარისახოში ჩამოთოვს, პრობლემა მოგვარდება და ბარისახოელებიც შვებით ამოისუნთქავენ.

ეთერ ერაძე