ნანიკოს ცხოვრებისეული უცნაურობები - კვირის პალიტრა

ნანიკოს ცხოვრებისეული უცნაურობები

ყოველთვის ენერგიული, მხიარული და მოღიმარი, ამავე დროს სერიოზული და დაფიქრებულიც. ექსპერიმენტების მოყვარული და თავისებური. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაღვიძარა და ტოროლა, ზოგჯერ ტოქშოუსა თუ "დილის შოუს" წამყვანი, თბილისის განუყოფელი ნაწილი და ციხესიმაგრეების დამპყრობელიც კი...

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე, ერთ ჩვეულებრივ სახლში არაჩვეულებრივი გოგონა დაიბადა. სწორედ იმ სახლში გაიარა მისმა ბავშვობამაც. ბარნოვზე, სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა, ყველას ახსოვს ნანიკოს ფანჯარა, სწორედ ამ ფანჯრის მეშვეობით აგვარებდნენ საქმეებს. თუ ვიღაცას დარეკვა უნდოდა, აკაკუნებდა, თუ ვიღაცას ჩაი ან წყალი - აკაკუნებდა, თუ ვიღაცას ახალი ამბის მოსმენა ან გაზიარება, აკაკუნებდა.

ბოლოს ნანიკომ ამ ყველაფრისგან მოგების ნახვაც მოინდომა და ყოველგვარ დაკაკუნებას დანიშნულების მიხედვით ტარიფი შეუდგინა - ერთ კვირაში კარგი თანხაც მოაგროვა. მართალია, ის თანხა კარგად მოიხმარა, მაგრამ შემდეგ რომ დაფიქრდა, მიხვდა - ასეთი საქციელი სირცხვილიც კი იყო და გადასახადები გააუქმა. უყვებიან, რომ წყნარი და მშვიდი ბავშვი იყო, სულ პატარას სადმე სტუმრად თუ წაიყვანდნენ, შეეძლო საათობით გაუნძრევლად მჯდარიყო.

უკვე მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად, შეეპარა ხასიათში ეშმაკობა, სიცელქე... ახსოვს, ეზოში ბევრი ავტოფარეხი იყო, ერთ-ერთი მათგანი დახრილი და სასრიალოდ იყენებდნენ, დანარჩენებში ხან სახლობანას თამაშობდნენ, ხან სკოლობანას, იყო რეზინობანაც, კლასობანაც... ორ ფარეხს შორის ე.წ. შტაბი მოაწყვეს, მოკლედ, ის ადგილი წარმოადგენდა უბნის ბავშვების მთავარ გასართობ ადგილს.

გათამამებული არასდროს ყოფილა, უფრო პირიქით, ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა - მეცადინეობასაც, თამაშსაც და დასვენებასაც. კვირის დღეები ასე ნაწილდებოდა: პარასკევამდე დედასთან, ხოლო შაბათ-კვირა მამასთან. მამა სულ ეუბნებოდა, აუცილებელი არ არის, მაღალ ნიშნებზე ისწავლო, "სამიანი და ჯანმრთელობაო". კარგად სწავლობდა, მაგრამ ზოგიერთ საგანს ვერ ითვისებდა, მაგალითად არ ეხერხებოდა თემის წერა...

საკმაოდ უცნაური ხასიათი ჰქონდა, მაგალითად, სამი ადამიანი ამოჩემებული ჰყავდა და რომელიმე მათგანის სტუმრად მოსვლა მისთვის ტრაგედია იყო. ამ დროს შეეძლო მთელი დღე საწოლქვეშ გაეტარებინა, ოღონდ რომელიმე არ ენახა. კარგად ახსოვს პირველი დღე სკოლაში, ეზოში როგორ ჩაამწკრივეს ბავშვები და შემდეგ როგორ გააცნეს მასწავლებელი. სწორედ ამის მერე დადგა მშობლებთან განშორების წუთი, არ უტირია! ვერა მასწავლებელზე გიჟდებოდა.

სკოლაში მისვლიდან დაახლოებით ორ თვეში ვერა მასწავლებელმა სთხოვა, საათი გამისწორეო, გულის ფანცქალით მიეკარა მის ხელს... დღეს კი მისი შვილია მასწავლებლებთან ჩახუტებული, კალთაში ისვამენ და ეს ბუნებრივია. დრონი მეფობენ... სკოლაში ნანიკო გათამამდა და დაახლოებით VI-VII კლასში გაცელქდა. სულ "შატალოზე" იყო და სულ რაღაცას აშავებდა, შემდეგ ყოველ შაბათს ეწყობოდა პედსაბჭო და სამი მშობელი მუდმივად დაბარებულთა სიაში იყო, სამიდან ერთი, ბუნებრივია, ნანიკოს დედა გახლდათ, რომელიც იხვეწებოდა, მისი შვილი არ გაერიცხათ სკოლიდან.

KvirisPalitra.Ge"შატალოზე" სიარულიც უყვარდათ და სკოლაში წაუსვლელობისთვისაც პოულობდნენ მიზეზს. ერთხელ, ისტორია არ იცოდა და, რა თქმა უნდა, გაკვეთილი გააცდინა, სკოლიდან გასული მეგობრები ტროლეიბუსში ავიდნენ, როდესაც ერთი წრე დაარტყეს და ისევ სკოლასთან მივიდნენ, მიხვდნენ, რომ ტროლეიბუსის ერთ წრეს ზუსტად ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა სჭირდებოდა. ამის გამო ნანიკოს ტროლეიბუსში საკმაოდ დიდი დრო აქვს გატარებული.

ერთხელაც "შატალოზე" იყო კლასელებთან ერთად, ამჯერად ავტობუსში ავიდნენ და ერთი ქალბატონი შენიშნეს, - იჯდა და გაზეთით სახეს იფარავდა.

შემდეგ ჩამოსწია გაზეთი, აღმოჩნდა, რომ ნახევარი კლასი და ისტორიის მასწავლებელი "შატალოზე" იყვნენ... ავტობუსში. მერვე კლასიდან ხატვაზე დადიოდა. შემდეგ ოჯახში გადაწყდა, რომ ნანიკო მხატვარი უნდა გამოსულიყო - ნიკოლაძეში უნდა ჩააბაროს, ასეთი იყო მშობლების გადაწყვეტილება. ბედი სცადა, ეგონა მოხვდა კიდეც, თუმცა როდესაც სექტემბერში სასწავლებელში მივიდა... ბოდიში მოუხადეს და შინ გაუშვეს ის და კიდევ ერთი გოგონა.

გულდაწყვეტილი ნანიკო დაბრუნდა სკოლაში, ისევ იარა ხატვაზე და ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში. თუმცა აკადემიის დამთავრების შემდეგ არაფერი დაუხატავს. შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტს მიადგა და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.

თეატრალურში სრულიად შემთხვევით მოხვდა, რეჟისორი კოტე სურმავა დგამდა სპექტაკლს "კაროჟნა" და სჭირდებოდათ ვინმე, ვინც კულისებში იმღერებდა. მაშინ ნანიკო ეკა ანდრონიკაშვილთან და ირაკლი ჩოლოყაშვილთან მეგობრობდა, სწორედ მათ მიიყვანეს თეატრალურში. ასე მოხვდა კულისებში, შემდეგ სცენაზეც გაიყვანეს და იქიდან მღეროდა, შესაბამისად, მთელი 2 წელი აკადემიაში სწავლობდა და თეატრალურში დადიოდა, ყველას ეგონა, რომ იქ სწავლობდა, მაგრამ...

ეკამ და ირაკლიმ დაამთავრეს თეატრალური, ნანიკოც დიპლომზე მუშაობდა აკადემიაში და ერთ მშვენიერ დღეს რუსთაველის გამზირზე ფეხით მოსეირნემ თეატრალური უნივერსიტეტის კარზე განცხადება წაიკითხა, - საბუთების მიღება იწყებოდა. აკადემიიდან გამოიტანა საბუთები და მივიდა თეატრალურში, სამწუხაროდ, იქ უთხრეს, რომ გოგონებისთვის ზღვარი 22 წელი იყო.

ბევრი ეხვეწა, ემუდარა, ტირილიც კი დაიწყო და როგორც იქნა, მიიღეს. გამოცდებზე სრულიად მოუმზადებელი გავიდა, გამომცდელებს გულწრფელად ეუბნებოდა, რომ მომზადებული არაფერში იყო, მაგრამ ჩაირიცხა.

სექტემბერში ნანიკომ გაარკვია, რომ გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვდა. არაჩვეულებრივი იყო თეატრალურში სწავლის წლები. მეორე კურსიდან სწორედ გიზო ჟორდანიას ჯგუფი მარჯანიშვილის თეატრში თამაშობდა სპექტაკლს "მაუგლი", სადაც ნანიკომ ერთ-ერთი აქტიური მაიმუნის როლი მოირგო.

შემდეგ, თეატრის ნაცვლად ტელევიზიაში აღმოჩნდა. ყველაფერი მეორე არხით დაიწყო, რეჟისორი მიშა მრევლიშვილი ამზადებდა გადაცემა "დუბლიორს", რომლის წამყვანიც ნანიკო ხაზარაძე გახდა, შემდეგ აღმოჩნდა გადაცემა "ტოტო ლოტოში", თავიდან ტირაჟს აცხადებდა, ხოლო შემდეგ წამყვანიც გახდა.

შემდეგ იყო "ტერმინალი 72", მაშინ ეს იყო გადაცემა ახალგაზრდებსა და მათთვის საინტერესო თემებზე. შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები ერთ-ერთ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიაში გამოცადა, მუშაობა მსხვილ გადამხდელთა განყოფილებაში დაიწყო, თუმცა ყოველთვის გრძნობდა, მისი საქმე ტელევიზია იყო. ამის შემდეგ გადავიდა ტელეკომპანია "მაესტროში" და გახდა ლეგენდარული "ტოროლა"...

ნანიკოს ნიკა ლომიძისნაირი მეწყვილე არ ჰყოლია და ალბათ ყველაფერი ამანაც განაპირობა. ეგონათ, რომ ისინი არა მხოლოდ სატელევიზიო წყვილი იყო, არამედ მათ შორის სასიყვარულო ძაფებიც გაიბა, ბოლოს თვითონ ნიკა და ნანიკოც აჰყვნენ საზოგადოებას, ამბობდნენ, რომ შეუღლდნენ. ახსოვს, როგორ რეკავდნენ მის სახლში გოგონები და ნიკას კითხულობდნენ, როგორ აჩერებდნენ ქუჩაში, ულოცავდნენ და სამახსოვრო ნივთებს ჩუქნიდნენ.

ერთხელ, როცა ნამდვილად გათხოვდა და ლევანიკოს ცოლი გახდა, სუფრასთან ახალშეუღლებულ წყვილს - ნიკას და ნანიკოს ადღეგრძელებდნენ. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო - უთქვამს ბრძენ ხალხს... ამ ყველაფერს ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებამ ჩამოაშორა, გათხოვდა და საქართველოდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.

საქართველოში დაბრუნებული ისევ "მაესტროში", ხოლო იქიდან კი "რუსთავი 2"-ში მუშაობდა. ყველაზე მეტად "ნანიკოს შოუზე" მუშაობა გაუჭირდა, იქ საკუთარი თავი ნამდვილად აღმოაჩინა, მუშაობის პროცესიც სიამოვნებდა, უბრალოდ ძალიან რთული იყო რესპონდენტების პოვნა.

პირველი გადაცემის პირველი რესპონდენტი მარიკა ვერულაშვილი იყო, რომელმაც ისე გულწრფელად ისაუბრა, რომ თვითონ ამას ვერასდროს შეძლებს. თვითონ სჭირდება დრო, რომ მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია თუ დეპრესიის პერიოდი დაილექოს და ამაზე საჯაროდ საუბარი შეძლოს.

დილის გადაცემაში ყველაზე დასამახსოვრებელი პირდაპირი ეთერი მაშინ ჰქონდა, როცა მან და მისმა მეუღლემ სტუდიაში მოაწერეს ხელი. წინადღეს, როცა გადაცემა იგეგმებოდა, ბევრს ფიქრობდნენ, 15 აპრილისთვის რა სიურპრიზის შეთავაზება შეეძლოთ მაყურებლისთვის. ნანიკომ მოიფიქრა ის, რაც მეორე დღეს მთელმა საქართველომ ნახა, საინტერესო იყო და კარგად მოსაგონარიც...

ნანიკოს გაუმართლა, მოხვდა იმ ადგილას, სადაც უბრალო გასეირნებაზეც ბევრი ოცნებობს - "ფორტ ბოიარდი", ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა შეიძინა ეს პროექტი, რომლის წამყვანი ნანიკო გახდა. ეს იყო წარუშლელი შთაბეჭდილება - შუა ოკეანეში დგას ციხესიმაგრე ასეთი სილამაზე, ასეთი თავგადასავლები...

ახსოვს მცირე შესვენება ჰქონდა, ტურისტები მოიყვანეს... ყველა მას უღებდა ფოტოებს. იქიდან ტრანზიტით ჩაფრინდნენ საფრანგეთში, პარიზის აეროპორტში ჩანთის ჩხრეკისას ბოიარდიდან წამოღებული მონეტა უპოვეს და შემდეგ მთელი აეროპორტის თანამშრომლები ხელს მისკენ იშვერდნენ: "ის ნამდვილად ნამყოფია იქ"... მას მერე იყო რადიო "უცნობი" და ახლა უკვე ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა, სადაც სამი ქალბატონი საუბრობს ყველაფერზე, რაც საინტერესოა...

ქეთი მიქანაძე

ჟურნალი "ბომონდი"