"საქართველოში დაწყებულია ღამურების კვლევა და ჯერჯერობით არაფერი საშიში არ გამოვლენილა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში დაწყებულია ღამურების კვლევა და ჯერჯერობით არაფერი საშიში არ გამოვლენილა"

"ყველგან გაფართოვდა კვლევები ღამურებზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი დაავადების პოტენციური გადამტანები არიან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თბილისში ოთხდღიანი კონფერენცია გაიხსნა, სადაც დასავლეთ აზიაში ღამურის მიერ გამოწვეულ ზოონოზური დაავადებების რისკების ანალიზზე მსჯელობენ. პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში უკვე დაწყებულია ღამურების კვლევა და ჯერჯერობით განსაკუთრებული საფრთხე არ დაფიქსირებულა.

"უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ცხოველების, გარემო ფაქტორების და ადამიანის ჯანმრთელობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ყველგან გაფართოვდა კვლევები ღამურებზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი დაავადების პოტენციური გადამტანები არიან. საქართველო ძალიან აქტიურად გაწევრიანდა მსოფლიო კონსორციუმში, რომელიც აქტიურად შეისწავლის ღამურებს და იმ პათოგენებს, რომლებიც ამ ღამურების სხეულში შეიძლება იყოს.

ჩამოყალიბდა დასავლეთ აზიის ქსელი, სადაც საქართველო წამყვან პოზიციებზე დგას. სწორედ ამის მაჩვენებელია დღევანდელი კონფერენცია. ჩამოსულია 10 ქვეყნის წარმომადგენელი და განვიხილავთ სწორედ ამ მეთვალყურეობის ქსელს ღამურებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის ის, რომ კონფერენცია 2 დღის შემდეგ ლუგარის ცენტრში გაგრძელდება. სწორედ ლუგარის ლაბორატორიაზე რუსულ მასმედიაში გავრცელებული ისტერიული შეტევის ფონზე, ამდენი ქვეყნის მეცნიერი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენ იქ ვაკეთებთ ყველაფერს იმას, რაც საჭიროა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

ყველა ქვეყანაში, სადაც კი არის ღამურა, შეიძლება მას რამე დაავადება გადაჰქონდეს. საქართველოში ჩვენ დაწყებული გვაქვს ღამურების კვლევა და ჯერჯერობით არაფერი საშიში არ გამოვლენილა. არის შემთხვევები, როცა ზოგიერთ ქვეყანაში ღამურებს ცოფიც გადააქვთ. ჩვენთან ასეთი რამ არ ფიქსირდება. თუმცა ღამურების კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისათვის, რათა ვიცოდეთ ხომ არ არის რამე პოტენციური საფრთხე,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"