"კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება" - რას ამბობს მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე? - კვირის პალიტრა

"კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება" - რას ამბობს მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე?

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოში მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივას ერისთვის სამარცხვინოს უწოდებს.

აღნიშნულ საკითხს მეუფე იაკობი ქადაგებისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეღარ ცნობს.

"ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012 წელს, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი. ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ. 2016-დან ვერ ვცნობ ვინ არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან, შევარდნაძე იყო და უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო და უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა... ქართველი ერი სხვანაირია, შეითქმება ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს, როცა მანამდე თითქმის დამონებული ვყავდით, აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს. ეს რუსული ოკუპაცია მოვიშოროთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, მსოფლიოს თანამეგობრობაში ისეთი ადგილი დავიკავოთ, რაც ჩვენ ერს თავისი კულტურის და თავისი ისტორიის მიხედვით ეკუთვნის. სირცხვილი არ არის დასავლეთზე ვლაპარაკობთ, ამერიკაზე, თუნდაც ესენი რუსეთისკენ იყურებოდნენ - ვის რად უნდა ნარკობარონები? რომელიმეს გინდათ?", - მიმართა მეუფე იაკობმა მრევლს.

ამასთან, როგორც მეუფემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ამაში ცალკეული პირების ფინანსური ინეტრესები დევს.

"სახელმწიფოზე რომ ფიქრობდნენ, აქამდე სხვა რამეს მოიფიქრებდნენ. პირდაპირი ადამიანი ვარ, და როდესაც რაღაც არ მომწონს პირდაპირ ვამბობ...

შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში თუ ვერ გაიმარჯვა იმას ფიქრობს, რომ კანაფზე ერთ ლიცენზიაც ეგეც აიღებს, ვერ გეტყვით... როდესაც ახალგაზრდობაში ფეხბურთს ვთამაშობდით, იყვნენ ხოლმე ადამიანები, გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, ჩვენ კი ვეტყოდით ხოლმე კრამიტებს რაკა-რუკი არ აუტეხო თქო, არ ვიცი, რა უნდა ქნას ქალბატონმა სალომემ სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ, შეხვედრებზე სადაც დადის, ძირითადად მასწავლებლები მიჰყავთ, კარგად ვიცი რა ხდება და პიარტექნოლოგიაც კარგად ვიცი, თუ იმას ამბობს, რომ კანაფის საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგება, პრეზიდენტი არ ვიცი გახდება თუ არა, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო