ქვეყანა იწვის, ბახმაროში კი თოვლია... - კვირის პალიტრა

ქვეყანა იწვის, ბახმაროში კი თოვლია...

"ბახმაროს მთები დაუთოვია, ჩემს შეყვარებულს სხვა უთხოვია"... სიყვარულით დამწვარი გურულის ეს სიმღერა მაშინ გამახსენდა, როცა ჩოხატაურში ნაბეღლავის წყალზე თხების დარწყულებას ვუცდიდი. კი მეჩქარებოდა, ბახმაროში მივდიოდი, მაგრამ თხებსაც ძალიან ჰყვარებიათ ნაბეღლავი და რა მექნა, - რიგი რიგია.

ლოდინში პირველად დავფიქრდი იმაზე, ამ სიმღერაში რამ დააკავშირა შეყვარებულის ღალატი და  თოვლი, - ბახმაროში ოქტომბრის დასაწყისში, გაქანებული ქორწილების თვეში, თოვს და მოღალატე შეყვარებულიც ალბათ ამ დროს გაუხეთქავდა გულს ქალს. ზოგადად კი, ბახმაროს თოვლი კარგი რამეა, გლობალური დათბობით შეშინებული კაცის იმედი ნამდვილად არის, - რა დათბობა, რის დათბობა, - გაისად რომ ბახმაროში დამსვენებელი ავა, თოვლი იქვე დახვდება, სადაც დატოვა.

KvirisPalitra.Geსექტემბერში ბახმარო ხალხისგან იცლება. უკვალავ თოვლში, ისე როგორც დიდი ხნის წინ გურიელის ჯარისკაცები, მხოლოდ ისინი რჩებიან, ვისაც სიკვდილზე მეტად თავისი ფილტვების ეშინია და... მომავალ ზაფხულს კაჟივით ხვდებიან. გურიელის ჯარისკაცების ამბავი კი ლეგენდებმა შემოინახეს, - თურქებთან ნაომარი გურიელი სამცხე-ჯავახეთიდან ბახმაროს მთებით ბრუნდებოდა თავისი დაჭრილი მეომრებითურთ. გზაში თოვლი წამოსწევიათ.

დაოსებულ და   სასოწარკვეთილ გურიელს განწირულები გამოქვაბულში დაუტოვებია თავისი სარჩოთი - რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად დაიხოცებოდნენ საცოდავები, გზაში თუ გამოქვაბულში. ახლა იფიქრეთ, გაზაფხულზე რა სახე ექნებოდა გურიის მთავარს, როცა თავისი დაჩეხილი მეომრები საღ-სალამათნი მიადგნენ თურმე კარზე. დაჩოქილმა პირჯვარი გადაიწერა და ბახმაროს მთებში სააგარაკო სახლის აშენება ბრძანა.

გურიელს მთელი გურია (მერე აჭარაც) მიჰყვა და ბახმაროს ალპური მთები ხის ოდებით დაიჭორფლა. გაიხედავ - მწვერვალზე ბუჩქიც არ არის და ოდა კია წამოსკუპული.

KvirisPalitra.Geთანაც მარტო დამსვენებლისა კი არა, - ჭკვიანი გლეხები იქ უკვე გაზაფხულზე ადიან, პირუტყვს ზრდიან, კარტოფილს თესავენ და თაფლს იღებენ - აქ მოყვანილ პროდუქტზე გემრიელს ვერაფერს შეჭამ, დამიჯერეთ.

ხომ ასე გასაცოდავებულია იქაურობა, მაგრამ მინჯღრეულ-მონჯღრეულ ოდებში ადგილს ხალხი წამლად ეძებს!.. არ გჯერათ? კედლებში ქარი ქშუტუნით მიქრი-მოქრის, მაგრამ მოაგარაკე მაინც არის. არის და იქნება კიდეც!

განა ბევრია დედამიწის ზურგზე ადგილი, სადაც ზღვისა და მთის ჰაერია შეზავებული? ბახმაროზეა ასეთი, დავითიანის ველი - 2050 მეტრიდან ამოსული ზღვის ნიავი და ბახმაროს ქარი იქ ხვდებიან ერთმანეთს. რამდენიმე მეტრში ყველაფერი სიცხისგან იწვის, შეირბენ დავითიანზე და ქარი წაგიღებს. ამ ველის, ფიჭვნარისა და მთების ხათრით ყველაფერს აიტან - ცელოფანით გადახურულ ტუალეტებს, წითელი მიწის მტვერს, უწყლობას და აბანოში შეშის ტარებასაც.

KvirisPalitra.Geჰო, ასეა, ჩააწყობ ჩანთაში შეშას და წაიღებ აბანოში, საკუთარი წყლის გასათბობად. მართალია, მეაბანოეს სულ უნდა ეძახო, - შალვა, წყალი გამიცივდა, ბაკს შეუნთეო, მაგრამ რა უჭირს, - აბანოც ჩვეულებრივი ღრიჭოიანი სახლია და ხმა კარგად გადის.

მიირბენს ჰაერზე გასული შალვა ბაკთან, შეუნთებს ხელად და წყალიც გაცხელდება. მანამდე კი იყურე ღრიჭოებში და ათვალიერე ბახმაროს მთები - ამაზე ლამაზს რას ნახავ.

თანაც მათი ყურებისას გულზე მოგეშვება - რაც აქამდე ბახმაროს ტყეები თურქეთში გაიტანეს, მართალია, ყველას შერჩა, მაგრამ ახლა ამას მართლა ვეღარავინ ბედავს. სასწაულია მომხდარი, - წამოსულა თავისით ტყე და შიგ თუ შეხვალ, წელამდე მოგადგება ფიჭვნარი. ამითაც ჩანს, რომ ღმერთს მართლა არ უნდა ჩვენი დაღუპვა.

ჰოდა, რახან დაღუპვა არ უნდა, ალბათ, ამიტომ გვაძლევს ამისთანა სიმდიდრეებს, - ხალხი უდაბნოში წყურვილით იხრჩობა, ჩვენში კი ყინულივით წყაროები დიან - დალევ მაცივრის წყალს, მაგრამ კბილებს მისი სიცივე ვერ მოგკვეთს ისე, როგორც ბახმაროს "ცხრა წყაროსი".

რა ვიცი, ცხრა მთა და ცხრა ზღვა რომ გადაიარო ასეთის საძებნელად, სადმე შეგხვდება კი? ჩვენ კი მაინც ვეძებთ და ვეძებთ, რას - ჩვენც არ ვიცით!

მაგრამ ამ მიწაზე, რახან ღმერთმა მოგვცა, მაინც აუცილებლად დარჩება ვინმე, ვისაც ქუდი რომ გადაუგდო, სხვისი მიწა ვერ მიიტყუებს, ისე დარჩებიან, როგორც ბახმაროს ცხენებზე შემომჯდარი პატარა ბიჭები და მათი ბაბუები, შინ დაქსოვილი წინდებით ხელში. იმ დღესაც ჩამოიარეს ბახმაროში...

- ბიძია, რა ღირს წინდები? - შეეხმიანენ მოაგარაკე ქალები.

- ორი ლარი, ბიძია.

- უიმე, ასე იაფი?

- კარგი, ბიძია, ვიყიდი, - თქვეს მათ და შეხვეული წინდა ღრიჭოებიან ფიცრულში წაიღეს.

...რაო, რა თქვით, გლობალური დათბობა მოდის და აწი შეიძლება ზამთარიც აღარ იყოსო?! მაგას თქვენ ვინ გეკითხებათ, ღმერთმა თვითონ იცის თავისი საქმე. ასე რომ ნდომოდა, ბახმაროს მთებში აგვისტოში თოვლს რა უნდა?!