ხეზე მცხოვრები - კვირის პალიტრა

ხეზე მცხოვრები

"თუ ცხოვრებას არ დაუმეგობრდი, თავს ვერ გაიტან"

ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და ფოტოები ინდონეზიის ტყეებში მცხოვრებ ერთ-ერთ ტომ კოროვაისა, რომლის წარმომადგენლებიც ხეებზე ბინადრობენ. დღეს, 21-ე საუკუნეში ასეთ რამეს, ალბათ, არავინ დაიჯერებდა, მაგრამ რაღა ინდონეზიური ტომი, აგერ, თბილისში, კუს ტბაზე ყმაწვილი ხის ძირში ათევს ღამეს...

21 წლის დათო ქორიძეს კუს ტბაზე შევხვდით, სანაპიროზე იდგა და დამსვენებლებს ხმამაღლა აფრთხილებდა, არაფხიზელ მდგომარეობაში და საღამოს 8 საათის შემდეგ წყალში ჩასვლა აკრძალულიაო. უკვე კარგა ხანია, დათო ხეზე თუ ხის ძირში რობინზონ კრუზოსავით, უფრო სწორად კი ამერიკელი მწერლის ტრუმენ კეპოტის მოთხრობის "ხალხის ჩანგის" გმირებივით, დოლისა და კოლინივით ცხოვრობს.

- 6 წლამდე მშობლებთან ვიზრდებოდი, კახეთში, სოფელ ნაფარეულში. ერთ დღეს ჩემი მშობლები მანქანაში აფეთქდნენ. ნაფარეულშივე დაასაფლავეს... მამიდაშვილმა ბინა გამიყიდა და უკრაინაში წავიდა. მე კი ქუჩაში დავრჩი, ხან სად ვიძინებდი, ხან - სად, ვიდრე ვიღაცამ ბეისბოლის ჯოხით არ მცემა.

იმხანად 12 წლის ვიყავი. ერთი მეგობარი მყავდა, ჩემზე უფროსი იყო და იმან წამიყვანა სახლში, თუმცა მის მშობლებს ეს არ მოეწონათ და გამომიშვეს... ბოლოს ჩემმა მეგობარმა  იმდენი ქნა, თუშეთში წამიყვანა, სადაც ცხვარში დავიწყე მუშაობა. მას მერე ის აღარ მინახავს.

- თბილისში როგორ აღმოჩნდი?

- 15 წლის რომ გავხდი, შემთხვევით რუსთავში მოვხვდი, საიდანაც პატრულმა გლდანის ბავშვთა სახლში გადამიყვანა. ბავშვთა სახლი ძალიან კარგად მახსენდება, წერა-კითხვაც იქ მასწავლეს და ბევრი სხვა რამეც. იქ ერთი გოგო, ანა შემიყვარდა, ჩემზე უმცროსი იყო და მასაც ვუყვარდი. ერთხელ ანამ ქათმის ბარკალი მოიპარა და არასრულწლოვანთა კოლონიაში გადაიყვანეს. ძალიან ვინერვიულე, ვეღარც ვსწავლობდი და ვეღარც ვთამაშობდი... სრულწლოვანი რომ გავხდი, ბავშვთა სახლიდან გამომიშვეს.

- და კუს ტბაზე დასახლდი?

- ჰო, ერთი ხე ამოვირჩიე და იმის ქვეშ მძინავს. ჩემი სახლი ის არის. ტანსაცმელი არ მაქვს, წყალი და "ბოტასები" კი იქ მაქვს შენახული. როცა ქალაქში გავდივარ, "ბოტასებს" მაშინ ვიცვამ, ისე კი ხეზე ვძვრები და ფოთლებში ვმალავ, რომ არავინ მომპაროს.

- ზამთარში რას აპირებ, სიცივეში ხის ძირას ხომ ვერ დაიძინებ?

- რამეს მოვიფიქრებ, ჯერჯერობით კი თავს მშვენივრად ვგრძნობ, მეგობრულად მიმიღო აქ მომუშავე ხალხმა, რესტორნებში მორჩენილ საჭმელს მინახავენ.

- ხომ არავინ მოსულა და აუკრძალავს ტყეში ცხოვრება?

- დროდადრო მოდიან და ნერვებს მიშლიან, მაგრამ მყავს მეგობარი პატრული, რომელიც ხშირად ამოდის და ყურადღებას მაქცევს, როცა მოშივდება, აქ ამოაქვს სანოვაგე და ერთად მივირთმევთ.

- თავშესაფარი არავისთვის გითხოვია?

- მერიას გულისხმობ? როგორ მოვითხოვო, პირადობის მოწმობა არ მაქვს და საბუთი...

- დათო, მშობლების საფლავზე ჩასვლას ვერ ახერხებ?

- როგორ ჩავალ, აბა, იმ სოფელში ყველა მე მჩაგრავს.

- ღამით ტყეში არ გეშინია?

- ვიდრე ძილი ძალიან არ მომერევა, დავბორიალებ და ვფიქრობ ჩემს მომავალზე, ანაზე... იმ დღესაც 6 ლარი ავაგროვე და დელისის მეტროსთან ჩავედი თმის შესაჭრელად. მინდა, კარგად გამოვიყურებოდე. ცხოვრებას ისე ვყავარ მიღებული, როგორც ძმა და მეგობარი. ასეა, თუ ცხოვრებას არ დაუმეგობრდი, თავს ვერ გაიტან.

სოფო ყარალაშვილი

"ყველა სიახლე"