"ჰაერში კადმიუმი არ აღმოჩნდა, თუმცა აღმოჩნდა ტყვია..." - რას ვსუნთქავთ? - კვირის პალიტრა

"ჰაერში კადმიუმი არ აღმოჩნდა, თუმცა აღმოჩნდა ტყვია..." - რას ვსუნთქავთ?

რას ვსუნთქავთ, რამდენად ხარისხიანი ჰაერია დედაქალაქში? - ეს თემა მუდმივად არის ადამიანების აღელვებისა და ინტერესის საგანი.

ორგანიზაცია "ეკოხედვამ" კვლევა ჩაატარა, თბილისის სხვადასხვა უბანში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი შეამოწმა.

მოკვლევა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში შედგა, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი მტვერს აქვს. ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, როგორც ჯამური მტვრის მონიტორინგის, ასევე მტვერში არსებული მცირე დისპერსიული ნაწილაკების (PM2.5 და PM10) ანალიზის შედეგად. ცნობილია, რომ PM2.5 განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ღრმად აღწევს ორგანიმში, უჯრედის დონეზე ილექება და მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.

მტვრის განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაცია ქალაქის სამშენებლო მოედნებზე ფიქსირდება. გარდა სამშენებლო მოედნებისა, ქალაქში მტვრის მნიშვნელოვან კერებს ტერიტორიები ღია გრუნტით წარმოადგენენ. მდგომარეობას ასევე ართულებს ივრის ზეგნიდან მონაბერი მტვრიანი ქარების ქალაქში დაუბრკოლებლად შემოღწევა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მხოლოდ ავტოტრანსპორტი არ ყოფილა ატმოსფეროს დამაბინძურებელი, არამედ ის სამშენებლო ობიექტები, რომლებიც მრავლად არის ჩვენს ქალაქში, - ამის შესახებ ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში ნუგზარ ბუაჩიძემ განაცხადა.

"მტვერში გავზომეთ PM2,5 PM10, ანუ მტვრის მცირე ზომის ნაწილაკები, რომლებიც სამწუხაროდ, ადვილად ხვდება ადამიანის ორგანიზმში, რომელმაც შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს, ამ ნაწილაკების შედარებით მაღალი კონცენტრაციები აღმოჩნდა გმირთა მოედანზე და სამშენებლო ობიექტებთან... ჩვენთვის საინტერესო იყო ამ მტვერში მძიმე მეტალების: ტყვიისა და კადმიუმის შემცველობის განსაზღვრაც. საბედნიეროდ, კადმიუმი არ აღმოჩნდა, თუმცა აღმოჩნდა ტყვია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე 10-ჯერ ნაკლები. ეს არ ნიშნავს, რომ მტვერში ტყვია არ არის. სამწუხაროდ, ისეთი ელემენტია, რომელიც ორგანიზმიდან ძნელად გამოდის და შესაძლებელია ორგანიზმში მისი კონცენტრაცია თანდათან გაიზარდოს", - აღნიშნავს ბუაჩიძე.

კვლევის ავტორების რეკომენდაციაა გაუმჯობესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობა, საწვავის ხარისხი, ქალაქში მოხდეს სამშენებლო ობიექტების შემცირება და ასევე რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარიანი და მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირი იყოს.

ასევე, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უკეთ შესასწავლად უფრო ფართომასშტაბიანი და მრავალწლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს.

ნინო სულხანიშვილი, კომპანია "ეკოხედვის" დამფუძნებელი: - საბოლოო შედეგები გვაქვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ იყო მასშტაბური კვლევა, რომელიც თბილისის მთელ ტერიტორიას მოიცავდა. მონაცემები მხოლოდ რამდენიმე წერტილში შემოწმდა.

რადგან გარემოს დაბინძურებას ავტოტრანსპორტს უკავშირებენ, გავზომეთ ნახშირჟანგი და აზოტის დიოქსიდი, რომელიც პიკის საათებში დასაშვებ კონცენტრაციას აჭარბებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მტვერთან დაკავშირებით უფრო რთული მდგომარეობაა, რადგანაც მტვრის კონცენტრაცია დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალია, თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში (დილას ადრე, პიკი საათში და შუა ღამისას).

რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, სწორად არის შემუშავებული და ეს არის: სამშენებლო სტანდარტის შექმნა და დანერგვა, ტექნიკური რეგლამენტი, რომ არ მოხდეს მაგალითად, ავტოტრანსპორტის გამოსვლა სამშენებლო ობიექტიდან ისე, თუ არ გაირეცხება, შენობა არ იქნება სათანადოდ შეფუთული, ნარჩენის ტრანსპორტირება არ მოხდება ღია ძარით, არ მოხდება მყარი მასალების დაჭრა მშრალი წესით და ა.შ. რეკომენდაციები ასევე ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებითაც გაიცა, - ავტოპარკის მდგომარეობა უნდა მოწესრიგდეს. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ბუნებრივი განიავება, ასევე ფარდობითი ტენიანობის შექმნა, რომელიც ჰაერის ხარისხზე და ზოგადად კლიმატის ფორმირების პროცესზე იმოქმედებს.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)