"ყველა პრეზიდენტი დიდი ბავშვია" - კვირის პალიტრა

"ყველა პრეზიდენტი დიდი ბავშვია"

ჩვენს პოლიტიკაში ბავშვის თემა ყოველთვის აქტუალურია. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს თემა უფრო განავრცო და ანაკლიაში, სადაც ის და მოლდავეთის პირველი პირი მიხაი გიმპუ "პატრიოტებს" შეხვდნენ, განაცხადა: "ყველა ზრდასრულ ადამიანში ბავშვი ზის”და ყველა პრეზიდენტი დიდი ბავშვიაო".

შეუძლებელია, ჩვენი ქვეყნის პირველ პირს არ დავეთანხმოთ. საქართველო მართლაც დაემსგავსა დიდ საბავშვო ბაღს. მაგალითები გნებავთ? კი, ბატონო.

მაგალითად, ბავშვებს უყვართ გართობა და, რა თქმა უნდა, არ აინტერესებთ, რა ღირს კანფეტი”და აქვს თუ არა უფროსს იმის საშუალება, უყიდოს ის. არც ჩვენი "ბავშვები"”(ხელისუფლება) არიან გამონაკლისნი. მათაც უყვართ გრანდიოზული შოუების მოწყობა და ნაკლებად აინტერესებთ, რა უჯდება ეს "კანფეტი" სახელმწიფო ბიუჯეტს.

ბევრ ბავშვს ტყუილი უყვარს. ზოგიერთი მათგანი კი გამოგონილ რეალობაში თამაშობს და ვირტუალური მეგობრები ჰყავს. მოდი, ვაღიაროთ, დამოუკიდებელი საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას ტყუილები უყვარდა. ასევე, დღეს საქართველოში რამდენიმე ვირტუალური სამყარო არსებობს.

ერთ ასეთ სამყაროს სახელისუფლებო ტელევიზიები ქმნიან, მეორეს კი, პატარ-პატარა ოპოზიციური ტელევიზუნიები. რეალობა კი მათ შორისაა გაჭედილი.

KvirisPalitra.Geბავშვებს უყვართ სტუმრად სიარული და ხშირად შინ დაბრუნება არ სურთ. როგორც ჩანს, "ბავშვი" საქართველოს პრეზიდენტში მაშინ იღვიძებს, როდესაც ის საქართველოს საზღვრებს ტოვებს. მაგალითად, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი ამა და ამ ქვეყანას ამა და ამ დღეს ოფიციალური ვიზიტით უნდა ეწვიოს.

ის 2-3 დღე სწრაფად გარბის, მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში კი, ჟურნალისტებს მკითხაობა უხდებათ, თუ სად არის მიხეილ სააკაშვილი. პრესსამსახური დაახლოებით ასეთ პასუხს იძლევა:”"პრეზიდენტი არაოფიციალური ვიზიტითაა მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში".

ბავშვებს ძალიან უყვართ უფროსების საუბრების მოსმენა. ასეთი "ბავშვი" იმ მინისტრში ცხოვრობს, ახალაშენებულ შუშებიან შენობაში რომ მუშაობს.

ალბათ, ბავშვობაში ნებისმიერ თქვენგანს ათჯერ და ოცჯერ დაუწყია "კარგად მოქცევა" და “"ახალი ცხოვრება" ორშაბათიდან. ასეთი "ბავშვები" ოპოზიციონერები არიან, რომლებიც წელიწადში ერთხელ, გაზაფხულობით ან საშემოდგომოდ "ამთავრებენ მიშას" ერთხელ და სამუდამოდ. მერე კი ხდება ის, რაც ხდება ხოლმე და "მომავალ ორშაბათს" ელიან.

ზღაპრებში ზოგიერთ პატარას ბოროტი დედინაცვალი ჰყავს, რომელიც ფარისევლურად იფიცება, რომ გერი უყვარს, რეალურად კი, მისი ქონების დაპატრონებას ცდილობს. ამ ბოროტ დედინაცვალთან ჩვენ დიპლომატური ურთიერთობა გვაქვს გაწყვეტილი. კეთილი დედობილი შორს ცხოვრობს, ოკეანის გადაღმა. თუმცა, ერთი ძიძა მუდმივად გვყავს მომაგრებული.

ადრე ის მეთიუ ბრაიზა იყო, დღეს კი, თინა ქეიდენაუა. რა თქმა უნდა, გვყავს გაუბედავი, ნახევრად გულგრილი მეზობელი, რომელიც ჩვენს დაცვას ბოროტი დედინაცვლისგან მხოლოდ სიტყვიერად ცდილობს. ეს მეზობელი ბრიუსელში ცხოვრობს.

თუმცა, ყველაზე საინტერესო სხვა რამეა. გასაგებია, რომ ყველა ზრდასრულ ადამიანში ბავშვი ცხოვრობს. მაგრამ ვინ ცხოვრობს ზოგიერთ ბავშვ-მინისტრში? იმედია, მიხეილ სააკაშვილი ამ კითხვაზე ბოლოს და ბოლოს გვიპასუხებს.

გიორგი კვიტაშვილი