"კლავიატურის ლომებო", არ გრცხვენიათ?! - კვირის პალიტრა

"კლავიატურის ლომებო", არ გრცხვენიათ?!

სამაჩაბლო, ახალგორის რაიონი, სოფელი ავნევი - კონფლიქტის ზონასთან სიახლოვის მიუხედავად, გაუტეხელი ხალხი და ძლიერი, წელგამართული ოჯახი... გურამ დავითიძე, როგორც ყველა ჩვენგანი, მომავლის გეგმებს აწყობს და თავდაუზოგავად მუშაობს, მეუღლე სკოლაში მასწავლებლობს, ქალიშვილი ლელა, სტუდენტობისთვის ემზადება... მერე კი, 2008 წლის აგვისტო მოვიდა...

საგურამოს შეაფარეს თავი - მასწავლებელი იქაურ სკოლასაც დასჭირდა, ახალი მეზობლები გულიანად, ქართლურად ამოუდგნენ მხარში.

ჰო, მძიმე დრო უდგას საქართველოს და კიდევ უფრო მოგვიმრავლდა საკუთარი სამკვიდრებლიდან აყრილი ოჯახები, მაგრამ მერე რაო - იკითხავთ, მაინცდამაინც დავითიძეებით რატომ დაინტერესდითო?

...ლელა გადატანილმა სტრესმა მძიმედ დააავადა. დაიწყო ახალი ეპოპეა - ისევ მეზობელ-მოკეთეთა მხარში დგომა: საგურამოს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ავნევიდან დევნილები, სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგის" თანამშრომლები, სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მთელი პერსონალი - მთავარი ექიმიდან სანიტრამდე, ეს ის ხალხია, ვისაც გურამ დავითიძე გულწრფელ მადლობას ეუბნება ყველაფრისთვის და ძალიან გვთხოვა, რომ ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან გადაგვეცა მათთვის ეს მადლობა...

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" განცხადება გამოჩნდა, ახალგაზრდა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება დიდი რაოდენობით მეორე ჯგუფის უარყოფითრეზუსიანი სისხლიო.

მეც ამ იშვიათი ჯგუფის სისხლი მაქვს და მაშინვე დავრეკე, ავადმყოფის დედამ მიპასუხა, გულწრფელი მადლობა გადამიხადა და მითხრა:

- რომ იცოდეთ, რამდენმა დარეკა, როგორ გულთან მიიტანეს ჩვენი გასაჭირი. სისხლი ყოველდღე გვჭირდება, მაგრამ ხვალ ვინც უნდა მოვიდეს, უკვე გაფრთხილებულია, თქვენამდე დარეკეს, თქვენ ზეგისთვის შეგაწუხებთ თუ შეიძლება, ყველას დიდი მადლობა...

მეორე დღის პირველ საათზე ჩემმა ტელეფონმა დარეკა და ქალბატონის მორიდებული ხმა გაისმა:

- ბოდიშს გიხდით, მაგრამ სისხლის ჩაბარებას რომ დაგვპირდით ხვალისთვის, იქნებ ახლა მოახერხოთ... ორ საათამდე მუშაობს სისხლის გადასხმის სადგური... დღეისთვის ვინც ჩაეწერა, არ... ვერ მოვიდა... (!!!!!)

რა არის ეს, ბატონებო?! რა ჰქვია ამას?! ვის უნდა ვკითხოთ ასეთი საქციელის ახსნა?! ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს თუ ყველა ჩვეულებრივ ადამიანს, ვინც ოჯახში ისწავლა მიცემული სიტყვისა და მოყვასისთვის გაწეული უანგარო დახმარების ფასი?!

სამი დღე გავიდა და ვერაფრით გადამიარა გაბრაზებამ - ძალიან მთხოვა ლელას მამამ, ბატონმა გურამმა, არავისთვის საყვედური არ მეთქვა და პირიქით - მადლობა გადამეხადა ყველა უანგარო დონორისთვის, მაგრამ ბოდიშს ვუხდი და ვერ ვუსრულებ ამ თხოვნას:

თქვენ მოგმართავთ - ყველას, ვინც კომპიუტერთან მიმჯდარი გულზე მჯიღს იბრაგუნებთ და ათასგვარი "სიბრძნეების" გავრცელებით ირთობთ თავს; "კლავიატურის ლომებო" - რბილი სავარძლიდან ერთი ადგილის წამოუწევლად რომ გინდათ ომის მოგებაც და ქვეყნის აშენებაც; ყველას, ვინც ე.წ. "ნიკს" ამოფარებული "ვირტუალურ კუნთებს" ათამაშებს, არ გრცხვენიათ, ადამიანს სისხლს შეჰპირდით და გადააგდეთ?!

KvirisPalitra.GeP.S. ამ ამბავს ერთი "კარგი სიახლეც" ახლდა: სისხლის გადასხმის სადგურში მომილოცეს - ჩვენი პრეზიდენტის ჯგუფის სისხლი გქონიათო!.. საიდან იცით, თავი მომიკვდეს, რამე ხომ არ შეემთხვა, სისხლი ხომ არ დასჭირდა-მეთქი? არა, აქ ყოველთვის გვაქვს "საპრეზიდენტო რეზერვი", რამდენი-მეთქი და - "ბევრი ლიტრიო"...

ბატონო მიხეილ, მესმის რომ "საპრეზიდენტო რეზერვი" აუცილებელია, მაგრამ გთხოვთ, გაეცით განკარგულება, რომ თუკი აუცილებელი გახდა, "თქვენი სისხლი" გასაჭირში მყოფს "ასესხონ", გაძლევთ პირობას, რომ მეორე დღესვე მე ჩაგასესხებთ!

მკითხველს კი ვეტყვი, რომ სანამ ბატონი პრეზიდენტი "გვასესხებს", ლელას მუდმივად სჭირდება სისხლი. გულისხმიერი ადამიანები მის ოჯახს დაუკავშირდნენ ტელეფონზე:

(8 99) 67 55 63

ზვიად გურული