"ყველა შოკში იყო, ვერავინ მეკარებოდა. როცა დახმარებას ვითხოვდი, ვერ მიახლოვდებოდნენ" - ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
20-09-2018
"ყველა შოკში იყო, ვერავინ მეკარებოდა. როცა დახმარებას ვითხოვდი, ვერ მიახლოვდებოდნენ" - ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"

"40 წუთი ველოდებოდით ამწეებს, რომ ტრამვაის ქვემოდან გამოვეყვანე. როცა მოვიდნენ, კიდევ ვერ შეძლო ხალხმა დახმარება. მწარედ მახსოვს ეგ წუთები. ისევ მე და ჩემმა მეუღლემ ვიმარჯვეთ. როგორც იქნა, საკაცეზე გადამიყვანეს და "სასწრაფოს" მანქანაში ენით უთქმელი ტკივილი დამეწყო"

სექტემბერში ერთი წელი ხდება, რაც 27 წლის ბათუმელი ხატია თებიძე უბედურ შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა მას შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახ
და. თვითონ ამბობს, რომ მეორედ დაიბადა და რადგან სიცოცხლის შანსი კვლავ მიეცა, ცდილობს, თითოეული წამი სიყვარულს მიუძღვნას...

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. მშვიდი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მე და ჩემი დეიდაშვილები სულ ერთად ვიყავით. ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს ემოციებს. მომწონს ხალხთან ურთიერთობა. სკოლის დამთავრების შემდეგ მხატვარ-დიზაინერის პროფესიას დავეუფლე, თუმცა ეს უფრო გატაცება
აღმოჩნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხდი, რომ ძალიან მაინტერესებდა კულინარია.

- შენს ოჯახზე მიამბე.
- 2014 წელს დავოჯახდი. მე და ჩემი მეუღლე დაწყებით კლასში ერთად ვსწავლობდით, ისიც ბათუმელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ჩემი მეგობარია, შემიძლია ველაპარაკო ყველა თემაზე, შემიძლია ვენდო. როგორც იტყვიან, თვალებით, ერთი შეხედვითაც კი გვესმის ერთმანეთის. იმაზე დიდი ბედნიერება და სიმშვიდე არ არსებობს, როცა მართლა ასე მძაფრად გრძნობ ამ ყველაფერს. მეხუთე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ. 2017 წელს ოდესაში წავედით მე და ჩემი მეუღლე, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ვგეგმავდით. მე ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალე ეს ამბავი შემემთხვა...

- ვიცი, ძნელი და მტკივნეულია შენთვის იმ ამბის გახსენება...
- რომ გითხრა, უემოციოდ შემიძლია იმ დღის გახსენება-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ არც ის მომენტი მაქვს, რომ ამაზე ვერ ვლაპარაკობდე. დილით სამსახურში მივდიოდი. უკრაინაში ჩასვლის დღიდან, როცა დავინახე ტრამვაი, ზიზღი გამიჩნდა, მაგრამ ვერ ვხდებოდი, რატომ. რელსების დანახვაზეც კი ვიძაბებოდი. რატომღაც მეგონა, თუ რელსზე ფეხს დავადგამდი ან ტრამვაიში ჩავჯდებოდი, რაღაც შემემთხვეოდა და ეს რაღაც სიკვდილი იყო... შიში და ზიზღი ტყუილად არ მქონია. ტაქსიში ვჯდებოდი, უკვე კარს ვაღებდი, სიგნალის ხმა რომ გავიგონე. მოვბრუნდი და გავიფიქრე, ოღონდაც არ დამარტყას-მეთქი და იმავე წამებში მარჯვენა მხრიდან დამეჯახა. უფრო სწორად, სიგნალზე ისე შემეშინდა, რომ ფაქტობრივად, მე თვითონ შევუვარდი. არ ვიცი, როგორ მოვახერხე და როგორ შევძელი, რომ დავარდნის დროს თავი ზემოთ ამეწია. არ მინდოდა, თავი მომყოლოდა ბორბლებში. წავიქეცი და ორი ბრუნი გავაკეთე. ფეხები ბორბლებში გამეჭედა. ხალხი ჩამოიცალა ტრამვაიდან. ყველა შოკში იყო, ვერავინ მეკარებოდა. როცა დახმარებას ვითხოვდი, ვერ მიახლოვდებოდნენ. მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია.

ერთმა ქალმა ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ტრამვაის ქვეშ მოვყევი და სასწრაფოდ უნდა მოსულიყო. ამ წუთიდან უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოვსულიყავი, როგორ დამეხსნა თავი ბორბლებიდან. არანაირი ტკივილის გრძნობა არ მქონდა, თვალი წამითაც არ დამიხუჭავს. იქიდან თავის დასახსნელად ვიბრძოდი. ფეხს რომ შევხედე, ჩახვეული იყო და ჯინსის შარვალს ეჭირა ნაფლეთები. გადავწყვიტე, ეს ჯინსი გამომეყენებინა, ზედვე შემომეხვია და ფეხი გადმომეღო. როგორც იქნა, შევძელი და მარცხენა ფეხი გადმოვიღე. მოწყვეტილი არ მქონია და მიწაზე დავდე. აი, მარჯვენა კი არ ჩანდა. აღმოჩნდა, რომ მუხრუჭს ეჭირა ტერფი და ისე ვაწვალე საკუთარი თავი, რომ შიდა მყესები და კუნთები დავიზიანე. ამ დროს მოვიდა ჩემი მეუღლე, უკვე სისხლისგან ვიცლებოდი. ვეხვეწებოდი, ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გადავრჩე. მელაპარაკე, რომ თვალები არ დავხუჭო და გონება არ დავკარგო-მეთქი. 40 წუთი ველოდებოდით ამწეებს, რომ ტრამვაის ქვემოდან გამოვეყვანე. როცა მოვიდნენ, კიდევ ვერ შეძლო ხალხმა დახმარება. მწარედ მახსოვს ეგ წუთები. ისევ მე და ჩემმა მეუღლემ ვიმარჯვეთ. როგორც იქნა, საკაცეზე გადამიყვანეს და "სასწრაფოს" მანქანაში ენით უთქმელი ტკივილი დამეწყო. საავადმყოფოში მისვლისთანავე გავითიშე. როცა მიმიყვანეს, დაკარგული მქონდა 5 ლიტრამდე სისხლი ანუ საერთოდ აღარ მქონდა. პირველ დღეს გამიკეთეს მარცხენა ფეხის ამპუტაცია, მეორე დღეს კი - მარჯვენის. ცდილობდნენ შენარჩუნებას, მაგრამ არ მოხერხდა, დაგლეჯილი მქონდა.  გაგრძელება

ნინო ჯავახიშვილი
mmm
22 სექტემბერი 2018 14:47
მარცხენა კარიდან რომ არ შეიძლება ჩაჯდომა-გადმოსვლა მანქანიდან, არ მიუთითა იმ მძღოლმა? მეც მიცხოვრია იმავე ოდესაში და მკაცრად მისაყვედურა ტაქსის მძღოლმა ანალოგიური ქმედებისთვის. მაშინ კი გავბრაზდი, მაგრამ იმ დროს მართვის მოწმობაც არ მქონდა და არ ვიცოდი მოძრაობის წესები. სამწუხარო ამბავია და მართლაც ღვთის სასწაული, რომ ცოცხალი დარჩა. იმედია, დიდ ბედნიერებას უმზადებს ღმერთი და ჯერ ეს განსაცდელი მოუვლინა.
nnn
21 სექტემბერი 2018 13:17
აჩუქოს ვინმემ პროთეზების ფული რა მოხდება :*
მელი
21 სექტემბერი 2018 12:04
მაგარი გოგო ხარ :* :* ჯანმრთელობას გისურვებ :* :*

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები