როგორ ვნახე ბათუმელმა კაცმა ზღვა პირველად საბერძნეთში - კვირის პალიტრა

როგორ ვნახე ბათუმელმა კაცმა ზღვა პირველად საბერძნეთში

ვზივარ ახლა ათენთან ახლოს, პატარა ქალაქ ლუტრაკის (ქართული ყურისთვის უცნაური სახელი კი აქვს!) ერთ-ერთი სასტუმროს აივანზე და კორინთოს ყურეს გავცქერი.

ზღვიდან მონაბერი ბრიზი სასიამოვნოდ მაგრილებს. სანაპიროზე რომელიღაც ადგილობრივი კოლექტივი დამსვენებლებისთვის კონცერტს მართავს, ასე რომ, ბერძნული ჰანგებიც მატკბობს და ვფიქრობ... ვფიქრობ, "მინდა ახლა მე მუშაობა და "კვირის ფიქრები"? მაგრამ რას იზამ, მოვალეობა მოვალეობაა და რედაქტორის დავალება - დავალება, თუნდაც ოფიციალურად იყო შვებულებაში. თანაც, რომ არა "კვირის ფიქრები", აქ ნამდვილად ვერ მოვხვდებოდი (აქ როგორ მოვხვდი, ეს სხვა ამბავია და იმედია, ოდესმე მოგიყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ის, ვისი წყალობითაც აქ მოვხვდი, ამის წინააღმდეგია).

თავიდან ეს ზღვა რომ ვნახე, მეგონა, ზღვას პირველად ვხედავ-მეთქი. ნუ დაგავიწყდებათ, ბათუმელი ვარ და ზღვის პირას გავიზარდე, მაგრამ რა ვქნა, ამ შეგრძნებას ჩამოსვლის დღიდან ვერ ვიშორებ.

ასეთი სუფთა წყალი მე ჩვენთან მდინარეებშიც არ მინახავს, შავ ზღვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შორიდან ზღვა ლურჯად ლივლივებს, ახლოს რომ მიხვალ, იფიქრებ, ფერი სულ არ აქვსო, ისეთი გამჭვირვალეა. წყალი თითქმის არ მოძრაობს და რა გასაკვირია, იქიდან ამოსვლა რომ არ მინდა. რომ არა საბერძნეთის მცხუნვარე მზე, რომელმაც შეიძლება დაგხრუკოს, ალბათ, მთელი დღე არც ამოვიდოდი.

ეს პატარა ქალაქიც, მიუხედავად უცნაური სახელისა, ისეთი კარგია... ქობულეთივით ერთი მთავარი ქუჩა აქვს, რომელიც სანაპიროს მიუყვება. მის ორივე მხარეს სასტუმროებია ჩარიგებული, მათი რიგი არ მთავრდება. ყველა თითქმის ერთი ზომისაა, ხუთი ან ექვსსართულიანი და საოცარ ჰარმონიას ქმნის.

ქობულეთი ვახსენე და, მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაცით ჰგავს ამ ქალაქს, მასთან ახლოსაც ვერ მოვა, - უპირველესად სისუფთავით. ვიდრე აქ წამოვიდოდი, რამდენიმე დღე მშობლიურ აჭარაში გავატარე, ქობულეთშიც გახლდით და შემძრა იქაურმა სიბინძურემ. არაფერს ვიტყვი გადათხრილ ქუჩებზე, ალბათ, მოაწესრიგებენ, მე სიბინძურემ შემაშფოთა, პლაჟზე და ფიჭვნარში რომ არის გამეფებული.

მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების სამსახური, ალბათ, ოდნავ უკეთ უნდა მუშაობდეს, ამ ვითარებას მარტო ხელისუფლებას მაინც ვერ დავაბრალებ. ეს ჩვენს კულტურაზეც მეტყველებს.

ამ პატარა ქალაქის ხალხის კულტურა კიდევ სხვა თემაა. ყველა გიცინის - დიდი, პატარა, მომსახურე პერსონალი თუ დამსვენებელი, ჩვენთან კი რესტორანში ოფიციანტი ისეთი სახით გემსახურება, გეგონება, მისი ვალი გაქვს. ქუჩაზე ფეხი შედგმული არა გაქვს, რომ მანქანა გაჩერდება და აუცილებლად გაგატარებს, ჩვენთან კი ვიდრე ვინმეს არ აგინებ, გზას როგორ დაგითმობს?! მერე კი ქართველი ხალხი ზის და ტირის, რა უბედურებაა, აჭარაში ქართულ ლაპარაკს ვერ გაიგონებ, სულ სომხური ისმისო.

ქართველი საზოგადოების ქსენოფობია კიდევ ერთი პრობლემაა. ნაცვლად იმისა, მადლობა თქვან, ასეთ პირობებში ვინმე რომ ჩამოდის, დგანან და სომხებს ლანძღავენ. სხვაგან, ყველგან, ტურისტს თავზე ევლებიან, რომ მას კიდევ მოუნდეს ჩამოსვლა. ყველაფერი ზემოთქმულის შემდეგ სინანულით ვფიქრობ: "უშველის კი ჩვენი ტურიზმის განვითარებას მდგრადი ვერასა და დაუდგრომელი მიშას მონდომება?!"