კრის დე ბურგის გამო არავის იჭერდნენ(!) - კვირის პალიტრა

კრის დე ბურგის გამო არავის იჭერდნენ(!)

"ეს რა თქვა ჩვენმა პრეზიდენტმა? - პირველ კურსზე ვიყავი, კრის დე ბურგის მოსმენისთვის კინაღამ რომ დამიჭირესო. იქნებ აგვიხსნათ, რომელ წელს იყო მიხეილ სააკაშვილი პირველ კურსზე და იკრძალებოდა თუ არა იმ წლებში კრის დე ბურგი? როგორც ვიცი, ეს მომღერალი აკრძალული არასდროს  ყოფილა და მიშა სად სწავლობდა ასეთ ქვეყანაში?

სოსო ი., თბილისი".

პრეზიდენტის ეს განცხადება საზოგადოებას გასულ კვირას თავსატეხად ექცა. ამოცანის თუ გამოცანის ამოხსნა პრეზიდენტის განათლების შესახებ ინფორმაციის მოძიებით დავიწყეთ. აი, ისიც: ვიკიპედიაზე საქართველოს პრეზიდენტის შესახებ ვკითხულობთ: მიხეილ სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, შემდგომ ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო სტრასბურგში.

მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში, ოსლოში, მოგვიანებით მცირე ხანს, საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად.

ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში Patterson, Belknap, Webb & Tyler-ი. 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა.

სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი განათლების მიღება 1985 წლის შემდეგ დაიწყო უკრაინაში, სადაც კრის დე ბურგი აკრძალული მომღერალი ნამდვილად არ ყოფილა.

ტყუილ-მართლის გადასამოწმებლად იმდროინდელ სპეცსამსახურების წარმომადგენლებსაც მივმართე, მაგრამ ამ საკითხზე ოფიციალურად საუბარი არავინ ისურვა, არაოფიციალურად კი განაცხადეს, რიგითი მოქალაქეები კი არა, სპეცსამსახურების მუშაკებიც კი ვუსმენდით მაგ დროს დასავლურ როკმუსიკასო. მეტიც, ისიც კი ვერ გაიხსენეს, მუსიკის მოსმენის გამო 60-იანი წლების შემდეგ ვინმე მსუბუქადაც თუ დაუსჯიათ.

ისე, პრეზიდენტის მოგონებებმა მეც დამაბრუნა წარსულში, ოქტომბრელისა და პიონერის ასაკში, როდესაც საბჭოთა ბავშვების გმირულ თავგადასავლებს ვკითხულობდი. მთელი გულით მინდოდა, მეც ისეთივე ვყოფილიყავი და... მოკლედ, საამისოდ ათას რამეს, ტყუილებსაც კი ვიგონებდი ხოლმე. რა მექნა? გმირობა მინდოდა. ოღონდ ამას ბავშვობაში ვაკეთებდი. იქნებ მიხეილ სააკაშვილსაც ჩემისთანა "ახირება" სჭირს? აკი თქვა კიდეც, ყველა პრეზიდენტში ბავშვი უნდა ცოცხლობდესო?!

მკითხველს ასევე აინტერესებს, დასაკვეხნია თუ არა 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის შემდეგ საქართველოში კრის დე ბურგის სტუმრობა? ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს იტორიაში პირველად ჩამოვიდა ასეთი რანგის მუსიკოსი. ჯერ კიდევ 1990 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, სტუმრობდა ლეგენდარული Deep Purple-ის სოლისტი იან გილანი.

მან თავის ბენდთან ერთად 5 კონცერტი გამართა სპორტის სასახლეში. ყველა კონცერტი ანშლაგით წარიმართა. ამასთან, გილანმა ტრადიციას არ უღალატა (სადაც კი ჩავიდოდა, ყველგან ჯვარი უნდა დაეწერა) და სვეტიცხოველში დაიწერა ჯვარი.

თავის დროზე არც კრის დე ბურგს აკლდა პოპულარობა, მაგრამ მუსიკათმცოდნეების აზრით, მისი რეიტინგი გილანთან მოსატანიც არ არის. 1986 წლამდე კრის დე ბურგი ცნობილიც კი არ იყო. მისი Lady In Red

სწორედ მაშინ გამოვიდა, როდესაც საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" იყო და ყველას გზა ხსნილი ჰქონდა თავისუფლებისკენ.

მოკლედ, კითხვა: ვინ, როდის, სად, რისთვის და როგორ იჭერდა მიხეილ სააკაშვილს, დაუდგენელი რჩება. არადა, მიკვირს, ვითომ პრეზიდენტი იგონებს?