ფოცხოში ჩაფარცხულები - კვირის პალიტრა

ფოცხოში ჩაფარცხულები

"მერამდენედ შეიძლება აგვყარონ, გაგვასახლონ, სულში ჩაგვაფურთხონ?!"

"მითხრეს, შენ შევარდნაძის დევნილი ხარ, სააკაშვილს საკუთარი დევნილებიც ბევრი ჰყავს მისახედიო"

თბილისიდან გაძევებული დევნილების ნაკვალევს სოფელ ფოცხოეწრამდე გავყევით, რომლის ადგილმდებარეობაც, შესაძლოა, ზოგიერთმა სახელმწიფო მოხელემ არც კი იცის. ყოველ შემთხვევაში, ფოცხოეწერი მათი სტუმრობით  განებივრებული ნამდვილად არ არის.

სოფელი ხალხის სიმრავლით ვერ დაიკვეხნის. სავაჭრო ცენტრი, სამედიცინო პუნქტი და სასწავლო დაწესებულებები დევნილების საცხოვრებელი ადგილებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის.

ადრე კომუნისტების აგებულ კოტეჯებში ენგურჰესის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ცხოვრობდნენ, ახლა - დევნილები. მათ ზამთრის მოახლოების ეშინიათ, მიზეზი შიმშილი და მკაცრი კლიმატური პირობებია. როგორც ამბობენ, ზამთრობით ენგურჰესის წყალსაცავთან  (სადაც დევნილთა საცხოვრებელი შენობები დგას) ძლიერი ქარი ქრის და 3-4 მეტრამდე თოვლი დევს.

KvirisPalitra.Geფოცხოეწერში რომ ჩააღწიოთ, ჯერ ზუგდიდში უნდა ჩახვიდეთ, შემდეგ ზუგდიდი-ჯვრის ავტობუსს გაჰყვეთ, მერე კი ღმერთმა უწყის, ფოცხოეწრამდე როდის ახვალთ ტრანსპორტით, რომელიც ახლახან დაინიშნა.

თბილისიდან აყრილ და გაძევებულ დევნილებს მგზავრობის სირთულეც და სიძვირეც კისერზე აწევთ.

საკუთარ მიწაზე ლტოლვილებად ქცეულებს ფოცხოეწერში მხოლოდ შენობების შეღებილი კედლები დახვდათ, არც ავეჯი, არც გაზქურა, არც ელექტროენერგია. ზოგიერთმა საწოლი მაინც ჩაიტანა, სხვებმა დახმარება პატრიოტთა ბანაკს სთხოვეს.

ნახირივით გარეკილები

კუკური გოგოხია, დევნილი ოჩამჩირიდან: "თბილისიდან ნახირივით გამოგვრეკეს. ისნის ჰოსპიტალში ვცხოვრობდი, სადაც თავის დროზე სუბელიანის მოადგილემ დამაბინავა. აბა, მე არსად შეჭრის თავი არ მქონდა, 73 წლის ავადმყოფი ქალი ვარ. ამას წინათ ჰოსპიტალში შემოცვივდნენ და გვიბრძანეს, აქაურობა სასწრაფოდ დატოვეთო.

ლამის მუხლებში ჩავუვარდი, შვილებო, ორიოდე დღე მაინც მადროვეთ, პენსია ავიღო-მეთქი. არაფერმა გაჭრა. დედაქალაქიდან 12 აგვისტოს გამოგვყარეს, 16-ში უნდა ამეღო პენსია.

არადა, თბილისის მისამართებზე ვართ რეგისტრირებული. ყვითელ ავტობუსებში შეგვყარეს. ვინც თქვა, ნათესავთან წავალო, გაუშვეს. აქ ცხელი ჩაიც კი გვენატრება, არც შუქია და არც გაზი. ყველაზე მეტად უწამლობა მაწუხებს, მაღალი წნევა ვერაფრით დავიგდე, თანაც დიაბეტი მაქვს. ნახევრად მშიერი ვარ, ნაწყალობევი პურით გამაქვს სული!

წინ მკაცრი ზამთარი გველის. ნუთუ ოთხ კედელში გამოსამწყვდევად ჩამოგვიყვანეს ფოცხოეწერში?! საარსებო საშუალება გვჭირდება.

არაერთ ჩვენგანს ოჯახის წევრი თბილისში ჰყავს დასაფლავებული. ჩემი მეუღლეც ზღვასთან ახლოს, სასაფლაოზეა დაკრძალული, 14 წლის ქალიშვილის საფლავი კი ოჩამჩირეშია. როგორც ვატყობ, მეუღლის საფლავზე ხელის შევლებაც სანატრელი მექნება, არათუ ქალიშვილის.

იყო დრო, როცა ოჩამჩირეში ბედნიერად ვცხოვრობდი. ომის შემდეგ ტანჯვით სავსე ცხოვრება დაიწყო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებისა და კომპენსაციის მისაღებად არაერთხელ მივმართე. მითხრეს, შენ შევარდნაძის დევნილი ხარ, სააკაშვილს საკუთარი დევნილებიც ბევრი ჰყავს მისახედიო".

მადონა ვეკუა, დევნილი გუდაუთიდან: "ჯერ ნაძალადევში ქირით ვცხოვრობდი, შემდეგ ჯანმრთელობა შემერყა და ოპერაცია გავიკეთე. სიმძიმის აწევაც კი აღარ შემეძლო, ფიზიკურად ვეღარ ვშრომობდი.

მეც თბილისში ვარ რეგისტრირებული. ამიერკავკასიის სამხედრო შტაბში ოთახი გამომიყვეს, თავი ბედნიერი მეგონა და თურმე სიზმარში ვყოფილვარ, რომელიც მაშინვე დამთავრდა, როცა შენობიდან გამომაძევეს. დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გადავინაცვლეთ, მაგრამ კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნეს, შენობაში შესვლის უფლებაც არ მოგვცეს. ამის გამო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლებთან  შეხლა-შემოხლა მოგვიხდა და პოლიცია გამოიძახეს.

ჩვენ შორის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ერთი 24 წლის გოგონა იყო. ჩვენსა და სამინისტროს თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლას იღებდა. საწყალს პოლიციელები მისცვივდნენ და აპარატი ხელიდან გამოგლიჯეს, ბავშვიც არ დაინდეს. საწყალი გოგო განყოფილებაში წაიყვანეს, საიდანაც 400 ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გამოგვიშვეს ფოცხოეწერში.

იცოდეს საქართველომ, თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, შიმშილით დავიხოცებით.

ბარემ გაგვითხარონ სამარე და ცოცხლად ჩაგვმარხონ! ალბათ, ფოცხოეწრელი დევნილების პირადობის მოწმობების ნომრებს პოლიტიკოსები მომავალ არჩევნებზე გამოიყენებენ. ვეჭვობ, დევნილთა სახელები და გვარები, ისევე როგორც საერთო რაოდენობა, გრანტების მისაღებად სჭირდებათ. ჩვენი ბედი მთავრობას სულ არ ანაღვლებს. დონორი ორგანიზაციების თანხები კი ჩვენამდე რატომღაც არ აღწევს".

კლარა კვაშილავა, დევნილი ოჩამჩირიდან: "აქ შვილსა და შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. ბავშვი შაქრიან წყალსა და პურზე გადამყავს. KvirisPalitra.Geომის დროს ბრმა ტყვიის მსხვერპლი გავხდი, მძიმედ დამჭრეს და 7 კილოგრამამდე ხორცი ამომკვეთეს.

მას შემდეგ კიდევ შვიდჯერ გავიკეთე ოპერაცია. ჩემი მეუღლე ტარიელ კვაშილავა რიკოთის უღელტეხილთან მდებარე რესტორან "თეთრი გედის" მფლობელი იყო, მაგრამ კონკურენტებმა, რომლებსაც გავლენიანი პირები უჭერდნენ მხარს, ქმარი მომიკლეს. საქმე დღემდე გამოუძიებელია და რესტორანიც დავკარგეთ.

უსახსრობისა და უბინაობის გამო ამიერკავკასიის ყოფილ სამხედრო შტაბს შევაფარეთ თავი…და იქიდანაც გამოგვყარეს. აქ კეთილი ადამიანების შემწეობით ვსულდგმულობთ. ახლახან ზუგდიდის გამგებელმა თავისი 24 ლარით გვიყიდა პური. სიკეთეს ვერავის დავუკარგავ, საკრებულოს წევრებიც დაგვეხმარნენ, მაგრამ ყოველდღიურად სხვისი მოწყალების მოლოდინში როდემდე ვიყოთ".

"მერამდენედ უნდა აგვყარონ!"

KvirisPalitra.Geდევნილებისთვის განკუთვნილი მრავალი ოთახი ცარიელი და დაკეტილია. კარებზე ცარცით მინაწერებს ვკითხულობთ: "პაჭკორია, ჯომიდავა, გოგოხია - დაკავებულია!"

წარწერები დევნილებს უსახლკაროდ დარჩენის შიშით გაუკეთებიათ და ისევ თბილისში გაბრუნებულან.

ჟურნალისტ მამუკა მანიას, რომელიც 35 წლის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობდა აფხაზეთში, მოულოდნელად ფოცხოეწერში შევხვდი. "კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ 2008 წლის 24- 30 მარტის ნომერში წერდა მის თავდადებულ საქმიანობაზე აფხაზეთის ომში. მაშინ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს ვთხოვეთ, ყურადღება გამოეჩინა ჟურნალისტ მამუკა მანიას მიმართ.

შემდეგ გაჩნდა იმედისმომცემი ინფორმაცია, მას საცხოვრებელს სთავაზობდნენ(?!), მაგრამ ეს თურმე მხოლოდ პიარისთვის გამიზნული დაპირება იყო, ჟურნალისტმა აფხაზეთის ომის შემდეგ ადგილსამყოფელი იძულებით არაერთხელ გამოიცვალა.

მამუკა მანია: "თავიდან თბილისის რკინიგზის სადგურზე, დედათა და ბავშვთა ოთახში დაგვაბინავეს, შემდეგ ცხვარიჭამიაში გვიკრეს თავი. მერე ზუგდიდში, ეს მამაჩემმაც მოისურვა, მძიმედ იყო დაავადებული და მითხრა, მალე მოვკვდები და აფხაზეთთან ახლოს დამმარხე, თუ დაბრუნება გიწერია, მეც ადვილად გადამასვენებო. ჩემი გამზრდელი ბებიაც ზუგდიდის სასაფლაოზე დავკრძალე.

KvirisPalitra.Geძალიან მიჭირდა და 1995 წელს მეუღლესთან ერთად მოსკოვში წავედი. იქ ბევრი ვიმუშავე, ცოტაოდენი ფულიც დავაგროვე, მაგრამ გამოგვყარეს ქართველები. ვლადიკავკაზით წამოვედი და იქ სულ წამართვეს, რაც კი გამაჩნდა. მე და ჩემი მეუღლე აქაურ ნათესავებს შევეკედლეთ, შემდეგ კი სასტუმრო "აფხაზეთში" გადავედით.

მოგვიანებით იქიდანაც გამოგვყარეს და ისევ ქუჩაში აღმოვჩნდით. 2008 წლის მარტში "კვირის პალიტრამ" დაწერა ჩემი გაჭირვების შესახებ და თითქოს გამიჩნდა დახმარების იმედი. მინისტრის მოადგილე კობა გორგოძემ ტყუილებით ამავსო, შენთვის ოთახს ვარემონტებთო. თურმე რა ოთახი, რის რემონტი. 2008 წელს გორის კარვების ქალაქში მოვხვდი, სადაც ოლეგ პანფილოვმაც მინახულა. გამამხნევა, მამუკა, ცოტაც მოითმინე და მალე ყველაფერს ეშველებაო...

კარვების ქალაქიდან გორის მე-12 საბავშვო ბაღში გადაგვიყვანეს, სადაც შედარებით უკეთესი პირობები იყო, მაგრამ 2008 წლის მოვლენების გამო დევნილად ქცეულმა ხალხმა რატომღაც არ მიგვიღო. შევარდნაძის და სააკაშვილის ლტოლვილები ერთმანეთისგან გაგვმიჯნეს, ვითომ ერთი ქვეყნის შვილები არ ვიყოთ(!), მერე გორიდანაც კინწისკვრით გამოგვყარეს და ასე აღმოვჩნდით ფოცხოეწერში.

KvirisPalitra.Geამ მთავრობის ვერაფერი გავიგე. მინდა გულწრფელად ვუერთგულო, მაგრამ არაფერი გამომდის. ამ ტანჯვა-ვაებაში ლექსების პოეტური ციკლი შევქმენი, თუ ოდესმე საშუალება მომეცა, წიგნადაც გამოვცემ.

"ჩემი გულის სინათლევ,

სიტკბოვ ჩემი ჩეროსი,

თავს მოვიკლავ, არ გჯერათ?!

ჩემი საქართველოსთვის!"

აფხაზეთის ომის ტრაგედიათა უმრავლესობამ ჩემ თვალწინ ჩაიარა. რუსულადაც კარგად ვწერდი სტატიებს და სოხუმში, "რესპუბლიკა აბხაზიის" რედაქციაშიც ვმუშაობდი. თავის დროზე, "საქართველოს რესპუბლიკის", "სოფლის ცხოვრების", "მალადიოჟ გრუზიისა" და "ახალგაზრდა ივერიელის" კორესპონდენტიც ვიყავი. ომის დროს რადიო "აფხაზეთის" ჟურნალისტიც გახლდით, თავდაცვის სამინისტროს გაზეთშიც ვმუშაობდი კობა ლიკლიკაძესთან ერთად.

24-ე ბრიგადის შტაბის გაზეთს თითქმის მარტო ვაკეთებდი. ვცდილობდი, როგორმე აფხაზისა და ქართველისთვის ხმა მიმეწვდინა და მეთქვა: "ძმებო, ამ პროვოკაციას რუსეთი აწყობს! ერთმანეთის სისხლის ჭაობში ნუ ჩავეფლობით!".

1993 წლის 1-ელ ივლისს ტამიშთან ზღვის სანაპიროდან დესანტი გადმოსხეს, 150 კაცი. იქ იბრძოდნენ ადგილობრივი ძალებით დაკომპლექტებული 24-ე ბრიგადა, თბილისის დივიზია, დუშეთისა და ჩოლოყაშვილის ბატალიონები.

ბიჭები საომრად გვიან ღამით გავიდნენ. კიტოვანმა ჟურნალისტები წინ არ გაგვიშვა. სოფელ ცაგერის შტაბს შევაფარეთ თავი. დუშეთის ბატალიონის 80 მეომრიდან 20 თუ 14 მებრძოლი გადარჩა. არასოდეს დამავიწყდება 20-ოდე წლის ბიჭის სიკვდილის წინ ნათქვამი, - აწი, უჩემოდ გაგიმარჯოს საქართველოო და სულიც განუტევა. მაშინ გაზეთ "თბილისს" ჰქონდა სამხედრო გვერდი, სადაც სტატია სწორედ ამ სათაურით გამოვაქვეყნე: "რატომ, ბიჭებო, უთქვენოდ?!"

ომის დროს 10 წლის ერთადერთი ვაჟი დავკარგე, მეტი შვილი არ მყავს. ჩემს დათუნას სულს ვფიცავ, ამ გამწარებას არავის შევარჩენ. მთელი ცხოვრება სამშობლოს ვუერთგულე და ბოლოს არარაობად ვიქეცი! ეს განსაკუთრებით ამ შენობაში შემოსვლისას ვიგრძენი.

კარის გაღება დავაპირე და ჩამოვარდა. ყველაფერი იატაკზე გვიყრია, არც საწოლი გვაქვს და არც სხვა ავეჯი. საკუთარი თავი შემზიზღდა. საყანე - არა, საბოსტნე - არა, არც შუქი და არც გაზი! მერამდენედ შეიძლება აგვყარონ, გაგვასახლონ, სულში ჩაგვაფურთხონ?! ორიოდე დღეა, რაც აქ ვარ და მაღაზიის ვალი უკვე დამედო. ერთი პერანგი მაჩუქეს და ისიც იმ მაღაზიაში დავდე გასაყიდად. სამწუხაროდ, არავინ შეიძინა, რადგან აქაურებსაც ძალიან უჭირთ. აქეთ გვკითხეს, ასეთი რა დააშავეთ, რომ ამ სოფელში ჩამოგყარესო.

ხელისუფლებას ვთხოვ, მოგვხედოს, დაგვეხმაროს ან საკომპენსაციო თანხა მოგვცეს! წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მივმართავ. დევნილებმა ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. ჩემი შვილის საფლავს ვფიცავ, მივალ ენგურთან, ხელებს ავწევ და "პასპორტის" მთავარი პერსონაჟივით დავიძახებ: "ნე სტრელიატე, ბრატცი, ეტა ია!". ბოდიშს მოვუხდი აფხაზეთის მთავრობას და დაბრუნებას მოვთხოვ. ამას ღალატად ნურავინ ჩამითვლის, რადგან სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს. როგორც ჩანს, საქართველო უUჩვენოდ უნდათ!"

(გაგრძელება იქნება)