"თუ გვინდა, რომ ჩვენი საგანძური სიმღერა გადავარჩინოთ, ის უნდა ვასწავლოთ ბავშვებს" - ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა - კვირის პალიტრა

"თუ გვინდა, რომ ჩვენი საგანძური სიმღერა გადავარჩინოთ, ის უნდა ვასწავლოთ ბავშვებს" - ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა. ის დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.

საზეიმო გახსნას დაესწრო კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და უამრავი სტუმარი.

როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ განაცხადა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთ მთავარი მიმართულება სალოტბარო სკოლებია, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს რეგიონში სალოტბარო სკოლების განვითარებას.

ამჟამად საქართველოში სულ 24 ასეთი სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 668 მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. პირველი სალოტბარო სკოლა, 2015 წელს გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის, დამატებით კიდევ 3 მსგავსი ტიპის სკოლის გახსნაა დაგემილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადების მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და მოეწყო ეზო.

"შემთხვევითი არ არის, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა ოზურგეთში გავხსენით. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია უნიკალური ქართული სიმღერა, როგორც ხელთუქმნელი ნიმუში. ის ხომ საქართველოს მსოფლიოში ყველაზე დადებითად და კარგად წარმოაჩენს. ამასთან, გურია განსაკუთრებული ადგილია, რადგანაც ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ოჯახი დღემდეა შემორჩენილი, რომლებიც სიმღერა-გალობის ტრადიციას აგრძელებს და ეს გურიაც ამიტომ შეირჩა. ამასთან, ტერიტორიულად ოზურგეთი დასავლეთ საქართველოში ექსპედიციების მოსაწყობად, სხვადასხვა მასალის მოძიების კუთხით ხელსაყრელი ადგილია.

ოზურგეთის ცენტრი მოემსახურება ფოლკლორის ყველა დარგს, - ზეპირსიტყვიერებას, ქორეოგრაფიას, ტრადიციულ გალობას, ხალხურ სიმღერას, ხალხურ საკრავებს, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. გვექნება მნიშვნელოვანი პროექტები, ფესტივალები. მათ შორის, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი გაისად ძირითადად ეს ცენტრი იქნება. ასე რომ, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. პროფესიონალი თანამშრომლები კი ძალისხმევას, ენერგიას, დროს არ დაზოგავენ, რომ ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ამოძრავდეს, ამუშავდეს და უფრო საინტერესო გახდეს ყელასთვის", - გვეუბნება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე.

ეთერ თათრაიძე, ფოლკლორისტი: - ვინც ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის გახსნას დაესწრო, დღევანდელი დღე კარგ მოგონებად დარჩება. მართლაც ჩვენი სულიერების ერთ-ერთი სფერო გაიხსნა. მთავარია, არ შეწყდეს ეს ენთუზიაზმი, რომელიც ამ წუთში არსებობს. მხოლოდ შენობა, შეღებილი კედლები არაფერს იზამს, შიგნით რა სულისკვეთება იქნება, ესაა მთავარი და ეს არ უნდა განელდეს. ამასთან, აქ ფოლკლორის ყველა დარგს თანაბრად უნდა ჰქონდეს გამოხატვის, მოვლის და მოპატრონების საშუალება.

როგორც ფოლკლორისტი, თავად, მართლა უბედნიერესი ვარ, ვისურვებდი, არა მხოლოდ ოზურგეთში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნას მსგავსი ცენტრი, რომ იღორძინოს ჩვენმა ყველაზე დიდმა სიმდიდრემ, რაც გაგვაჩნია და რასაც ფოლკლორი, საგანძური ჰქვია.

ანზორ ერქომაიშვილი, ხალხური სიმღერის სპეციალისტი: - გურიის ფოლკლორის ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოიცავს, სადაც ბევრი სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, კუთხიდან ჩამოვა, ჩაიწერება სიმღერები, ბევრი თაობა აღიზრდება, ეს ყველაფერი კი ძალიან მახარებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ცენტრის გახსნაში მონაწილეობდა. ფოლკლორი ხომ ჩემი ცხოვრების არსია! წარმოიდგინეთ, დღეს როგორი გახარებული ვარ.

ვახტანგ ფილფანი, მესტიის ფოლკლორული ანსამბლის "რიჰოს" ხელმძღვანელი, ლოტბართა სკოლის ლოტბარი: - ვასწავლი ბავშვებს, დაახლოებით 80-მდე მოსწავლეს, რომლებიც მესტიიდან და მიმდებარე სოფლებიდან არიან. ოზურგეთში ამ დღისთვის 20 ბავშვი ჩამოვიყვანეთ და ძალიან გახარებულები ვართ, რადგანაც კარგ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. საქართველოში ბევრი სალოტბარო სკოლაა, მათ შორის, ჩვენც ვართ. ახლა უკვე გურიაშიც გაიხსნა და ვულოცავთ გურულებსაც და მთელ საქართველოს ასეთი ღირებული ცენტრის გახსნას.

ჩემი ნათქვამი არ არის, ბატონი ანზორი ხშირად იმეორებს, - თუ გვინდა, რომ ჩვენი საგანძური სიმღერა გადავარჩინოთ, ის უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. მოკლედ, საგანძურის გადარჩენის სახლი შეიქმნა.

ეს საუკუნეებ გამოვლილი სიმღერები, რომლებმაც დღემდე მოაღწია, განცვიფრებაში მოჰყავს მთელი სამყარო. მას შენახვა, მოფრთხილება უნდა. აქ უამრავი ბავშვი გაივლის დიდ სკოლას და მერე უკვე დაგროვებულ ცოდნას, სხვებს გადასცემენ. ქართული ფოლკლორული სიმღერების ცხოვრება ასე გაგრძელდება. ეს არის ამ დაწესებულების მთავარი დანიშნულება. იმედია, ყველაფერი გაამართლებს, რადგანაც ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ აქ და მშვენიერი სამუშაო პირობებიც შეექმნათ. ეს ყველაფერი ბევრისთვის მისაბაძი მაგალითია.

ლალი ფაცია