"ქართულად რაღაცას მიყვიროდა და მეუბნებოდა, ქვეყნიდან სწრაფად წავსულიყავი" - რა შეემთხვა ინდოელ მსახიობს საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ქართულად რაღაცას მიყვიროდა და მეუბნებოდა, ქვეყნიდან სწრაფად წავსულიყავი" - რა შეემთხვა ინდოელ მსახიობს საქართველოში?

ინდური გამოცემა «National Herald» აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით "ინდოელი მსახიობი ქალი საქართველოში საპასპორტო კონტროლის დროს რასიზმის გამოვლენის წინაშე აღმოჩნდა".

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ინდოეთის ბოლივუდის მსახიობმა რიჩა ჩადჰამ, როცა მან საქართველოში გადაღებებები დაასრულა, ქვეყნიდან გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ ქართველმა ჩინოვნიკმა რასისტული დამოკიდებულება გამოავლინა. "მან ჩემი პასპორტი მაგიდაზე დააგდო, ქართულად რაღაცას მიყვიროდა და მეუბნებოდა, ქვეყნიდან სწრაფად წავსულიყავი. სამწუხაროა, რომ ქვეყნიდან წასვლის დროს ასეთ ადამიანებთან გვიხდება ურთიერთობა", - დაწერა მსახიობმა "ტვიტერში" ხუთშაბათს, 20 სექტემბერს.

მსახიობმა ასევე გაიხსენა თბილისში "ყველაზე კეთილ ტაქსისტთან" შეხვედრაც: "იგი ძალიან გულთბილი და კეთილი კაცი იყო. მან საქართველოს დედაქალაქზე კარგი წარმოდგენა შემიქმნა: უარი თქვა დამატებით, ზედმეტ გასამრჯელოზე და სულ იღიმებოდა. ცხადია, ჩვენ მხოლოდ ჟესტებით ვუხსნიდით ერთმანეთს, მაგრამ მივხვდი, რომ კეთილი გული ჰქონდა", - წერს რიჩა ჩადჰა.

მსახიობი პასუხობს "ტვიტერის" ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას: "ფანატიზმი, სექსიზმი, რასიზმი, კლასობრივი დისკრიმინაცია - ეს უკვე წარსულის გადმონაშთებია და თუ მათ გამოვლინებას დავინახავთ, ის არ უნდა დავმალოთ. რასაკვირველია, ადამიანები ძირითადად კარგები არიან, მაგრამ ის ქალი ურჩხული აღმოჩნდა".

რიჩა ჩადჰა საქართველოში ფილმ Inside Edge-ს მეორე ნაწილის გადაღებებზე იმყოფებოდა. (წყარო)

შენიშვნა: იგივე მასალა გამოქვეყნებულია ინდური მასმედიის სხვა საშუალებებშიც.

მოამზადა სიმონ კილაძემ