"ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ბავშვის ძვლებზე სათამაშოდ მოვიდნენ და პანკისობის გამართვა უნდათ" - კვირის პალიტრა

"ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ბავშვის ძვლებზე სათამაშოდ მოვიდნენ და პანკისობის გამართვა უნდათ"

კანონით გავისტუმრებ ამ ხელისუფლებას, მე ამას შევძლებ, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობლები და ადგილობრივები სოფელ დუისის სასაფლაოსთან შეიკრიბნენ და პანკისობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პანკისობა დღეს არ ჩატარდება.

"კანონით გავისტუმრებ ამ ხელისუფლებას, მე ამას შევძლებ. პანკისობა არანაირი ტრადიციული დღესასწაული არ არის და არც ყოფილა! რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს არც ჩატარდება. თუნდაც ტრადიციული ყოფილიყო და ორ საუკუნეს ითვლიდეს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომაზე მთელი მსოფლიო საუბრობს.

"პირადად გიორგი კვირიკაშვილმა გამოაცხადა, რომ ეს არის სახელმწიფოს შეცდომა. ეს სამძიმარის გამოთქმას ნიშნავდა, სახელმწიფოს შეცდომის აღიარებას, ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს. "ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ადამიანები არ ხართ?" - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

იგი დამნაშავე პირების დასჯას მითხოვს, მათ შორის თანამდებობის პირებისა და სპეცრაზმის თანამშრომლების.

"აქედან ორ მეტრში წევს დახვრეტილი მძინარე ბავშვი და დღეს მოვიდნენ მის ძვლებზე და სისხლზე სათამაშოდ. თუ ამდენი ადამიანობა გაქვთ, დამიდექით გვერდით, დაისაჯონ ის ნაძირლები, რომ მეც დამასვენონ, ჩემი შვილიც საფლავში დაასვენონ და საქართველომაც დაისვენოს. დასაჯონ გომელაური, დასაჯოს გახარია, დაისაჯონ დამნაშავე სპეცრაზმელები", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო