"გიგზავნით სიყვარულს ქართველებს!" - კვირის პალიტრა

"გიგზავნით სიყვარულს ქართველებს!"

"სექსი დიდ ქალაქში" ძალიან მაგარი სერიალი იყო, არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით გადაღებებზე. მე და სარა ჯესიკა პარკერი სერიალამდე 10 წლის მეგობრები ვიყავით, ასე რომ, ყოველ დღეს ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ვატარებდი

უილი გარსონი, იგივე სტენფორდ ბლეჩი, ქართველ მაყურებელს ტელესერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში" ახსოვს. ამერიკელი მსახიობი ახლა 54 წლისაა. სარა ჯესიკა პარკერისა და უილი გარსონის მეგობრობა სერიალამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი სამსახიობო კარიერა 75 კინოროლსა და 300-მდე სატელევიზიო სერიალს ითვლის. ამჟამად ის თავის შვილთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს. სერიალი, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა, მრავალი "ოქროს გლობუსისა" და "ემის" მფლობელია. ბოლო წლებში ფილმის შემქმნელებმა მესამე ნაწილის გადაღება დააპირეს, თუმცა კიმ კეტროლის მტკიცე უარმა პოპულარული სერიალის გეგმები შეცვალა.

როგორ მიმდინარეობდა სერიალის გადაღება და როგორ ცხოვრობს დღეს უილი გარსონი, ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს.

უილი გარსონი: - როცა შინ ვარ, დილა იმით იწყება, რომ შვილს სკოლისთვის ვამზადებ, ის უკვე 17 წლისაა. შემდეგ მეილებს ვამოწმებ და სპორტულ დარბაზში მივდივარ. დილის პროცედურებს რომ დავასრულებ, სცენარზე მუშაობის დრო დგება, ახლა ჭარნერ Bროტჰერს-ის ახალ სატელევიზიო შოუზე ვმუშაობ. დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა მქონდეს და შემდეგ, სანამ ჩემი შვილი სკოლიდან დაბრუნდება, ისევ სცენარის კითხვას ვუბრუნდები.

საღამოებს ხშირად ნათენთან (შვილი) ერთად ვატარებ, როცა საშინაო დავალებების წერას მორჩება. ტელევიზორს ვუყურებთ, ჩოგბურთს ვთამაშობთ... ხშირად ლოს-ანჯელესიდან მოშორებით გადაღებებზე მიწევს წასვლა, მაშინ მხოლოდ სამუშაოზე ვფიქრობ და შვილზე, რომელიც იმ მომენტში ჩემგან შორს არის.

- სტენფორდ ბლეჩის ხსენებაზე ადამიანებს საუკეთესო მეგობრები ახსენდებათ. - "სექსი დიდ ქალაქში" ძალიან მაგარი სერიალი იყო, არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით გადაღებებზე. მე და სარა ჯესიკა პარკერი სერიალამდე 10 წლის მეგობრები ვიყავით, ასე რომ, ყოველ დღეს ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ვატარებდი. შემოქმედებითი ჯგუფის დანარჩენი წევრებიც, კრისტინ დევისი, სინთია ნიქსონი, კიმ კეტროლი და სხვებიც მუდამ ხალისობდნენ, ვმხიარულობდით. ჩვენთვის უძვირფასესია ის დრო და ყოველი წუთი, რომელიც ერთად გვაქვს გატარებული გადასაღებ მოედანზე, თუ მის მიღმა. იმდენად მიყვარს ამ სერიალის გადაღებების პერიოდი, რომ ძალიან მენატრება. სარა ჯესიკა ამბობდა, ჩვენ არასდროს გვექნება ცუდი დღე სამსახურშიო, და მართლაც არ გვქონია.

კადრი ფილმიდან: " სექსი დიდ ქალაქში"

- რადგან ასე გენატრებათ ეს სერიალი, ისევე როგორც ჩვენ, სერიალის ფანებს, იქნებ რომელიმე ეპიზოდის გადაღება გაიხსენოთ? - ბევრი კურიოზული სიტუაცია იქმნებოდა. მე პირადად მომწონს ის სცენები, სადაც მე და სარა ჯესიკა ვართ ერთად, მაგრამ მასობრივი სცენები იყო სრული სიგიჟე.

ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია მეოთხე სეზონის პირველი სერიები, პოდიუმის სცენა, სადაც ქერი მონაწილეობს. როდესაც წაიქცევა, სტენფორდი გაიძახის, ის არის "პოდიუმის მკვლელიო". ეს იყო სცენა, სადაც ნამდვილი მოდელები მონაწილეობდნენ, ჰეიდი კლუმი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი ედ კოჩი, ცნობილი ვიზაჟისტი ქევინ ოქუანი, ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი მარგარეტ ჩო, შოტლანდიელი მსახიობი ალან კამინგი.

- თქვენი გმირი მუდმივად აძლევს რჩევებს ქერის, მირანდას, სამანტასა და შარლოტს. დღეს რომ შეგეძლოთ მათთვის რაიმეს თქმა, რას ეტყოდით? - ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, იმავეს ვურჩევდი გოგონებს - სიყვარულს, ამაზე იყო აგებული მთლიანად სერიალი. ხალხს ჰგონია, რომ სტილის, იუმორის ან მოდის გამო მოსწონთ ეს სერიალი, არადა, ტყუილია. სიყვარული იყო მთავარი თემა და ამიტომაც მოსწონთ. ერთმანეთის სიყვარული, სიყვარულის ძიება, მეგობრების, გარშემო მყოფების სიყვარული - აი, ამის შესახებ არის ეს შოუ. ადამიანები ყოველთვის სიყვარულის ძიებაში ვართ. ყოველთვის ეძიეთ და შეინარჩუნეთ სიყვარული, ეს უმთავრესია.

- თქვენ კიდევ მრავალ სერიალში მონაწილეობთ. რამდენად რთულია მსახიობისთვის რამდენიმე სეზონის განმავლობაში საინტერესო პერსონაჟად დარჩენა? - ძალიან გამიმართლა, რომ მრავალსერიიან ფილმებში "NYPD BLUE", "SEX AND THE CITY" ვითამაშე, შემდეგ იყო "WHITE COLLAR" და ახლა "HAWAII 5-0". უფრო მარტივია ამ სერიებისთვის ისეთი პერსონაჟის შექმნა, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება მაყურებლისთვის. სერიალში იმის შანსი გეძლევა, რომ უფრო მეტი გაიგო შენს გმირზე, თანდათან ჩასწვდე მისი ხასიათის თავისებურებებს. შენი გმირი სერიების დასაწყისში შეიძლება იყო, მაგალითად, ექიმი, მაგრამ წინ კიდევ მრავალი ეპიზოდია და გაქვს დრო, რომ ამოხსნა მისი საიდუმლო, გაიგო, რომ ჰყავს ცოლი ან სულაც ავადაა. ყველა ეპიზოდი ინფორმაციას გაძლევს შენი გმირის შესახებ. ეს ძიების პროცესია, ხახვის გაფცქვნას ჰგავს, როცა გარეთა ფენებს აცლი და გულში გინდა ჩააღწიო.

ვცდილობ ყველა როლი განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან, იქნება დრამატული, კრიმინალური თუ კომედიური. ალბათ, ჩამოთვლილთაგან ყველა მითამაშია და იმედია, კიდევ დიდხანს ვითამაშებ.

- სინთია ნიქსონის ნიუ-იორკის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე რა აზრის ხართ? სამწუხაროდ, ის დამარცხდა ენდრიუ კუომოსთან. - არ ვცხოვრობ ნიუ-იორკში, მაგრამ იქ რომ მეცხოვრა, ხმას აუცილებლად მივცემდი სინთიას. მისი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ნაკლები კორუფცია და მეტი პატიოსნება ადამიანების საჭიროებებისთვის ბრძოლაში და მე მას სრულიად ვემხრობი.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. - გიგზავნით სიყვარულს ქართველებს!

როგორ შეიქმნა სერიალი "სექსი დიდ ქალაქში"

1994 წელს ფილმის სცენარისა და წიგნის ავტორმა ქენდის ბუშნელმა გაზეთ New York Observer-ისთვის შექმნა რუბრიკა სახელწოდებით: "სექსი დიდ ქალაქში", რომელმაც მალე გაითქვა სახელი. 1995 წელს სატელევიზიო კომპანია HBO-მ შეიძინა ქენდის ბუშნელის საავტორო ბლოკი და ასე შეიქმნა სერიალი "სექსი დიდ ქალაქში".

ქენდის ბუშნელი: - 4 მეგობრის ცხოვრება აქტუალურობას დღესაც არ კარგავს. "სექსი დიდ ქალაქში" დავწერე ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც წიგნსა და სერიალში აღწერილ მოვლენებს ძალიან ჰგავდა. მაშინ მარტო ვიყავი, თავისუფალი, მყავდა ჩემი ოცნების მამაკაცი და უამრავი დაქალი...