"137 წლის ქალმა ოჯახის წევრებს სუფრის გაშლა უბრძანა, იაპონელები გაოცებით შეჰყურებდნენ ლამის საუკუნე-ნახევარს მიღწეულ ქალბატონს" - კვირის პალიტრა

"137 წლის ქალმა ოჯახის წევრებს სუფრის გაშლა უბრძანა, იაპონელები გაოცებით შეჰყურებდნენ ლამის საუკუნე-ნახევარს მიღწეულ ქალბატონს"

2014 წლის აღწერით საქართველოში 95-99 წლამდე ასაკის სულ 1171 კაცია, საუკუნეგადაშორებული კი მხოლოდ 287

ამას წინათ სოციალურ ქსელში გადავაწყდი ფოტოხელოვან სერგო ედიშერაშვილის ფოტოს, სადაც 137 წლის აფხაზი ქალი საუკუნემიღწეულ შვილთან ერთად არის გამოსახული და გამახსენდა ის აჟიოტაჟი, რაც 30-40 წლის წინ სიცოცხლის ხანგრძლივობას უკავშირდებოდა - მაშინ მთელი კავკასია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა. საუკუნემიღწეულ თუ საუკუნეგადაცილებულ ხალხს მიყრუებულ სოფლებშიც კი დაეძებდნენ. თავად უხუცესებიც ხარობდნენ, სტუმრებს სუფრას უშლიდნენ და ცეკვა-სიმღერას არ აკლებდნენ! ასე იქმნებოდა ლეგენდები ხანგრძლივ სიცოცხლეზე, რომელიც თითქოს იმ ხანდაზმულებთან ერთად გაუჩინარდა.

დღეს ხანგრძლივი სიცოცხლის მაგალითებს იშვიათად შეხვდებით. ორიოდე წლის წინ მაღალმთიან აჭარაში იპოვეს რამდენიმე მოხუცი და სიხარულით ცას ეწივნენ... როდესაც მეოცე საუკუნის საქართველოს სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკა დღევანდელს შევადარეთ, კატასტროფულად დაცოტავებული ხანდაზმულები აღმოვაჩინეთ. მონაცემების მოპოვებაში დაგვეხმარა საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახური, რომელმაც შედარებისთვის 1959 წლის (პირველი სრულყოფილი აღწერა გასულ საუკუნეში) და 2014 წლის აღწერის ასაკობრივი ჯგუფების სტატისტიკა მოგვაწოდა. 1959 წლის აღწერით 95-99 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 8231 კაცი ირიცხებოდა, საუკუნეგადაცილებულებში კი - 2080. 2014 წლის აღწერით საქართველოში 95-99 წლამდე ასაკის სულ 1171 კაცია, საუკუნეგადაშორებული კი მხოლოდ 287. მართალია, ამ დროისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე ოკუპირებული იყო, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობის მსგავსი ვარდნა მაინც საგანგაშოა.

"იაპონელებმა აჭარა-აფხაზეთიდან 12 საუკუნეგადაცილებული წაიყვანეს თავიანთ ქვეყანაში..."

ისტორიკოს ომარ ხოჭოლავას თქმით, იყო დრო, როცა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის ფენომენით ლამის მთელი მსოფლიოს მეცნიერება ინტერესდებოდა.

- 30-40 წლის წინათ არა მხოლოდ საქართველო, მთელი კავკასია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა, თუმცა საქართველოში კიდევ სხვა ფენომენი მოქმედებდა - ჩვენი საუკუნეგადაცილებულები აფხაზეთში, აჭარასა თუ კახეთში, ყველას აოცებდნენ სიცოცხლის ხალისით, - ისე იცეკვებდნენ, რომ ახალგაზრდას შეშურდებოდა. სხვათა შორის, ამ ფენომენის შესწავლაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მაშინდელმა ქართველმა მეცნიერებმა. ყველგან დადიოდნენ, უხუცესებს ხვდებოდნენ და მათი ცხოვრების წესს იკვლევდნენ. სპეციალური პროგრამაც კი იყო შექმნილი, რომელსაც "დღეგრძელობის შესწავლის კომპლექსური პროგრამა" ერქვა. სხვათა შორის, კვლევაში ჩართული იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი, რუსი და განსაკუთრებით, იაპონელი მეცნიერები... იაპონია ძალიან საინტერესო ქვეყანა იმითაც არის, რომ ტექნოლოგიების შექმნის პარალელურად, ბუნებასთან საოცარ ჰარმონიაშია, რაც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, რომელმაც რობოტი-მონსტრები შექმნა, "ციცინათელების საზოგადოებაც" არსებობს. მისი წევრები მთაში ელექტრომავლით ადიან, რომ უქმეები ციცინათელებთან ერთად გაატარონ.

იაპონელები 80-იან წლებში სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობის ფენომენის შესასწავლად. აჭარა-აფხაზეთი მოიარეს და 12 საუკუნეგადაცილებული წაიყვანეს იაპონიაში, რათა თავიანთ ქვეყანაში მათი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გაეწიათ. სხვათა შორის, ჩვენმა ხანდაზმულებმა იმის დამტკიცება მართლაც მოახერხეს, რომ ღირსეული ცხოვრება 100 წლის ასაკის გადაბიჯების შემდეგაც შეიძლება. უცხოური პრესა ამ თემაზე ხშირად წერდა.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იაპონელებს მართლაც დაეხმარა. ითვლება, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა იაპონიაშია, საშუალო ასაკით - 83,7 წელი. - მათ ჩვენი ხანდაზმულების რაციონიც გულდასმით შეისწავლეს, განსაკუთრებით მაწვნით მოიხიბლნენ. Gგაოცებული იყვნენ, თუ როგორ გადაიქცევა რძიდან ცოცხალი მიკროელემენტების "დედა" მაწონი სულ სხვა თვისებების საკვებად ისე, რომ ადუღება არ სჭირდება... ხანდაზმულობის ფენომენის შესწავლის პარალელურად, ზოგიერთმა მეცნიერმა თავადაც დაიწყო მაწვნის რეგულარულად მირთმევა. არის სხვა ქართული კერძებიც, რომლებიც პირდაპირ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე "მუშაობს". თუმცა კვებასთან ერთად გარემო პირობები უპირველესია სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის.

"ჩვენი ცხოვრება სარეკლამო კლიპს დაემსგავსა"

გარემოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების უარყოფით კვალს სიცოცხლის უპირველეს მოწინააღმდეგედ თვლის ექიმი ლადო კახაძე:

- ხანგრძლივი სიცოცხლე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: კვებაზე, გენეტიკაზე, კლიმატზე, მაგრამ მის შემოკლებაში, მერწმუნეთ, არაფერს ისეთი ლომის წილი არ უძევს, როგორც გარემოს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რომელიც ადამიანს თრგუნავს. აბა, დავაკვირდეთ, რამდენად ააჩქარა ტემპი ჩვენმა დრომ. ჩვენი ცხოვრება სარეკლამო კლიპს დაემსგავსა, სულ აქეთ-იქით გავრბი-გამოვრბივართ, გაღიზიანებული და ძალაგამოცლილი ვართ, რის გამოც ხეირიანად ვერაფერს ვასწრებთ, მათ შორის, ძილსაც კი. მოვლენებში ღრმად ჩაწვდომის თავი აღარ გვაქვს, ყოველივეს ზედაპირულად ვაკეთებთ. ამის გამო ჩვენ ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვა იღებს. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ მიწა გამოიფიტა და ამიტომ ბევრი ქიმიური სასუქი უნდა შევიტანოთ; რომ ისედაც მცირე მოსავალი სწრაფად ლპება და გენმოდიფიცირებული პროდუქტით უნდა ჩავანაცვლოთ. გვეუბნებიან, რომ ჩვენ ნაცვლად თანამედროვე ტექნოლოგიები იშრომებენ. ეს მაშინ, როცა ადამიანი უზენაესის შექმნილი უზენაესი სქემაა, სადაც თავშია მოქცეული ტვინი, მერე გრძნობა და ბოლოს სტომაქი და ყველაფერს ტვინი განაგებს. როდესაც ტვინი აღარ განსჯის და იმ ვიღაცას ემორჩილება, რომელიც გვეუბნება, რომ მარიხუანა უნდა მოვიყვანოთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ, ბუნებრივი გამრავლება შევწყვიტოთ და ხელოვნურად გავმრავლდეთ, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის შემოკლებისთვის ვემზადებით? ადამიანი სოკო ხომ არ არის, სპორებით გამრავლდეს, მის ცხოვრებას საკუთარი კანონები აქვს.

- რა არის საჭირო, რომ ხანგრძლივად ვიცოცხლოთ და თანაც ღირსეულად? - სულიერი წონასწორობის აღდგენა, რაც საკუთარ აზროვნებასა და ბუნებასთან ჰარმონიას გულისხმობს. სხვათა შორის, ამის გაკეთება უკვე ძალიან რთულია, მაგრამ თუ გვინდა, რომ ვიცოცხლოთ, ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. როდესაც ლაპარაკია აფხაზი ან აჭარელი მოხუცების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ხალხი სიტყვასაც არ იტყოდა ისე, რომ საკუთარ ტვინში "არ ჩაეხედა" პასუხის გასაცემად. არც იმის ფიქრით იყვნენ შეპყრობილი, ვის დაჰპირისპირებოდნენ ან ვისთვის რა წაერთმიათ, ან შური ვისზე ეძიათ. პირიქით, ისინი სიკეთის დონორები იყვნენ, რის პასუხსაც გარკვეული დროის შემდეგ კვლავ სიკეთის სახით იღებდნენ და სიცოცხლეს იხანგრძლივებდნენ.

აფხაზი დღეგრძელის, ხფაფ ლაზურიას ეს ფოტო 1985 წელს გუდაუთაში გადაიღო ფოტოხელოვანმა სერგო ედიშერაშვილმა. ის იქ იმ იაპონელებს ახლდა, რომლებიც დედამიწის დღეგრძელობის საიდუმლოს გასაგებად ჩავიდნენ. ხფაფი მაშინ 137 წლის იყო, მისი შვილი ძუკური კი 95-ის. ქალმა სტუმრების დანახვისთანავე ოჯახის წევრებს სუფრის გაშლა უბრძანა და სტუმარმასპინძლობის არც ერთი ტრადიცია არ დაურღვევია. გაოცებულ იაპონელებთან ერთად ბატონი სერგოც ინტერესით შეჰყურებდა თითქმის საუკუნე-ნახევარს მიღწეულ ქალბატონს, რომელსაც დაღლა არ ეტყობოდა...

"უნდა გენახათ, როგორ ეწეოდა სიგარეტს ქალბატონი ხფაფი. თანაც მითხრა, 16 წლიდან ვეწევიო... მაშინ იაპონელებმა ერთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს - 95 წლის ძუკური ლაზურიას "შეყვარებული" მიუჩინეს, რომელიც ერთი თვის მანძილზე სულ "სუპერ", "სუპერო", გაიძახოდა..." - იხსენებს ბატონი სერგო.

ბატონი სერგო შემდეგ 110-120 წელს მიღწეულების გადასაღებადაც გაჰყვა იაპონელებს და საუკუნეგადაბიჯებულთა ცეკვებიც იხილა; თუმცა, ხფაფისგან მიღებული შთაბეჭდილება მაინც უპირველესი იყო...