"რომან გვენცაძეს სიცილით უთქვამს, ერთი ჩამოვიდეს და "გაბოზებას" ვანახებ მაგასო" - როგორ გახდა სტაჟიანი პოლიციელი "ყაჩაღი" ილო მებურიშვილი? - კვირის პალიტრა

"რომან გვენცაძეს სიცილით უთქვამს, ერთი ჩამოვიდეს და "გაბოზებას" ვანახებ მაგასო" - როგორ გახდა სტაჟიანი პოლიციელი "ყაჩაღი" ილო მებურიშვილი?

"კაცობას თავი დაანებე და ბოზობა დაიწყეო". სცენარი რომ წავიკითხე, გიორგი შენგელაიას ვუთხარი, ბატონო გიორგი, მაგ სიტყვებს ნუ მათქმევინებთ-მეთქი. სხვაგვარად არ გამოდისო, მიპასუხა. სხვათა შორის, ბატონ რომან გვენცაძეს რომ უნახავს ეს ეპიზოდი, სიცილით უთქვამს, ერთი ჩამოვიდეს გადაღებიდან, "გაბოზებას" ვანახებ მაგასო

ცნობილი ქართველი მოჭიდავე მიხეილ სალაძე კინოში გარეგნობისა და ფიზიკური მონაცემების წყალობით მოხვდა. ჯერ ფილმში "ჭიდაობას რა უნდა", მოჭიდავე კოსტა მაისურაძე განასახიერა, მოგვიანებით კი "ხარება და გოგიაში" ყაჩაღი ილო მებურიშვილი. ამბობს, რომ არ გასჭირვებია სტაჟიან პოლიციელს ყაჩაღის განსახიერება.

- ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში დავიბადე. დედაჩემი თამარ კობაიძე მოხევის ქალი გახლდათ, ჩვენი პატრიარქის ბიძაშვილი. მამა ფეროშენადნობ ქარხანაში მუშაობდა, 47 წლისა ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. დედამ სამი ობოლი გაგვზარდა.

მე-8 კლასში ვიყავი, როდესაც ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სწავლა და ვარჯიში კლასიკურ ჭიდაობაში სპორტულ სკოლაში გავაგრძელე. სკოლის დასრულების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე, 1983 წელს, როდესაც ვამთავრებდი სპორტულ კარიერას, თსუ-ში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. ერთხანს თბილისის პოლიციის სამმართველოში, მერე კი კრწანისის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე ვიყავი. 2014 წლამდე, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ ვიმუშავე. საბჭოთა კავშირის 5-გზის ჩემპიონი ვარ, სხვა საერთაშორისო შეჯიბრებაშიც არაერთხელ გავიმარჯვე. 1976-79 წლებში საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი ვიყავი.

კადრი ფილმიდან: "ხარება და გოგია"

- საბჭოთა წლებში ხშირად გიწევდათ რკინის ფარდის მიღმა ასპარეზობა. - ეს სოფლელი კაცი პირველად რომ ჩავედი რომში, გავხევდი. იტალიიდან გამარჯვებული დავბრუნდი, შემდეგ იყო იუგოსლავია, აშშ-ში, ფლორიდაში რომ ჩავფრინდით, თავი ზღაპარში მეგონა. საბჭოეთში რომ გვასწავლიდნენ, სულაც არ ყოფილან ამერიკელები საწყლები. მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და პატივი მერგო ფლორიდის მერისთვის თავისუფალი და კლასიკური სტილის მოჭიდავეთა სახელით გადამეცა საბჭოთა კავშირის დროშა.

ერთ დღეს სასტუმროში ბელორუსიული წარმოშობის ებრაელმა მოგვაკითხა და საჩუქრები მომართვა. უშიშროების თანამშრომლის თვალთახედვის არეში ვიყავით, ამიტომ საჩუქრების ამბავი არ დამიმალავს. ეს ებრაელი ლამის ყოველდღე გვსტუმრობდა და მთავაზობდა, ამერიკაში დარჩი, ისე იცხოვრებ, სიტყვა "პრობლემა" დაგავიწყდებაო. სად უნდა დავრჩენილიყავი?..

- კინოში როგორ მოხვდით? - თბილისის პოლიციის სამმართველოში მუშაობის დროს სამმართველოს უფროსმა დამიბარა, კინოსტუდიაში წადი, გიორგი შენგელაიას საქმე აქვს შენთანო. შენგელაიამ რომ დამინახა, ეს არისო, წამოიძახა. სინჯები გადამიღეს და 4 დღის შემდეგ მაცნობეს, ყაჩაღი უნდა ითამაშოო. ასე აღმოვჩნდი ფილმ "ხარება და გოგიაში" მედუქნე ილო მებურიშვილის როლზე.

- გახსოვთ თქვენი პერსონაჟის ყველაზე ცნობილი ფრაზა? - "კაცობას თავი დაანებე და ბოზობა დაიწყეო". სცენარი რომ წავიკითხე, გიორგი შენგელაიას ვუთხარი, ბატონო გიორგი, მაგ სიტყვებს ნუ მათქმევინებთ-მეთქი. სხვაგვარად არ გამოდისო, მიპასუხა. სხვათა შორის, ბატონ რომან გვენცაძეს რომ უნახავს ეს ეპიზოდი, სიცილით უთქვამს, ერთი ჩამოვიდეს გადაღებიდან,"გაბოზებას" ვანახებ მაგასო. საოცარ მოგონებად დამრჩა ამ ფილმზე მუშაობის პერიოდი.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- მყავს მეუღლე და სამი შვილი. ამჟამად საპატრულო დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწედ ვმუშაობ. მალე 65 წლის გავხდები. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, დაბრკოლებები ისე უნდა გადალახო, ისეთი არჩევანი უნდა გააკეთო, რომ უკან მოხედვის არასდროს შეგრცხვეს.

იხილეთ ასევე: აბრაგთაგან ცოცხალი მხოლოდ უტრუხუნე გადარჩა, რომელმაც ძმადნაფიცების სისხლი აიღო - ხარება, გოგია და მათი "ტყის საძმო"