"ანასტასია უფლის სასწაულია" - კვირის პალიტრა

"ანასტასია უფლის სასწაულია"

"არ დამავიწყდება ის წუთები, პირველად რომ ბავშვის გულისცემა მოვისმინე ექოსკოპიის მეშვეობით. ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც, ხმა ვეღარ ამოვიღე, დავმუნჯდი სიხარულისგან, ამირანი კი იღიმებოდა და ცრემლები სდიოდა"

"ჩვენი ყველაზე ბედნიერი, ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე მშობლები დიდხანს ელოდნენ პატარა ანასტასიას და უფლის დიდი სასწაულითა და ბევრი კეთილი ადამიანის თავდაუზოგავი შრომით შედეგი სახეზე გვაქვს. უფალმა დიდხანს და ბედნიერად ამყოფოს თქვენი პატარა ოჯახი", - ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ფოტოები ფეისბუკგვერდზე მეან-გინეკოლოგმა ინდირა ბოლქვაძემ.

ჩვენ პატარა ანასტასიას მშობლებს, 50 წლის ზინა ჯიხაძესა და 60 წლის ამირან მგელაძეს, ბათუმში დავუკავშირდით.

ამირან მგელაძე: - მე და ზინა გვიან დავქორწინდით. 4 წელი შვილზე ოცნებაში გავლიეთ და როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღე. ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს.

ზინა: - 45 წლისა გავთხოვდი. ანასტასია საკეისრო კვეთით დაიბადა. ახლა უბედნიერესი ქალი ვარ...

- ქალი იჯდა, ბედს ელოდაო, თქვენზე ხომ არ არის ნათქვამი? - ძალიან გამიმართლა. არაჩვეულებრივი ქმარი შემხვდა, ქალი რომ ინატრებს, ისეთ ოჯახში შემოვედი, მაგრამ შვილი არ გვყავდა. ხან სად ვიმკურნალეთ, ხან სად და... ამავე კლინიკაში დაიბადა გასულ წელს პატარა ვაჟკაცი, 59 წლის დედასა და 61 წლის მამას რომ შეეძინათ.

თავდაპირველად, ტყუპზე ვიყავი ორსულად, თუმცა 7 კვირისას ერთი ნაყოფი მომწყდა. ამის შემდეგ მეტწილად ვიწექი. არ დამავიწყდება ის წუთები, პირველად რომ ბავშვის გულისცემა მოვისმინე ექოსკოპიის მეშვეობით. ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც, ხმა ვეღარ ამოვიღე, დავმუნჯდი სიხარულისგან, ამირანი კი იღიმებოდა და ცრემლები სდიოდა.

- სახელი ვინ შეურჩია ანასტასიას? ამირანი: - ზინას ვუთხარი, შენ იწვალე და სახელიც შენ უნდა შეურჩიო-მეთქი.

ზინა: - მეგობრის შვილიშვილია ანასტასია, ისეთი საყვარელი ბავშვია, სულ მუცელზე მეფერებოდა, გულო, სულოო, ეძახდა ბავშვს. ვისურვებდი ყველა ქალი გამხდარიყოს დედობის ღირსი და არც ერთი აბორტი აღარ გაკეთებულიყოს ქვეყანაზე.

- როგორი გოგოა ანასტასია მგელაძე? - 47 სმ და 2 და 750 კგ-ია. მამიკოს ჰგავს. ჯერჯერობით ჭამს და სძინავს.

- კიდევ გეგმავთ შვილის ყოლას? - თუ ღმერთი მოგვცემს...

- ბავშვის აყვანაზე არ გიფიქრიათ? ზინა: - ღმერთს რომ ჩვენთვის ამხელა ბედნიერება არ მოენიჭებინა, რა თქმა უნდა, ავიყვანდით. ანასტასია უფლის სასწაულია.

- დასაქმებული ბრძანდებით? ამირანი: - დღეს უმუშევრები ვართ. ძირითადად, მეურნეობითა და მიწის დამუშავებით გავდივართ ფონს. თუმცა მაინც იმედიანად ვუყურებ მომავალს, რადგან ეს წელი ჩვენი ოჯახისთვის ოცნების ასრულების წელია.

გიორგი მალე 2 წლის გახდება

გასულ წელს 61 წლის გურამ და 59 წლის ნათელა ლაზიშვილების ოჯახის სიხარული მთელმა საქართველომ გაიზიარა. მათ 33-წლიანი ლოდინის შემდეგ გაუჩნდათ გიორგი, რომელიც თებერვალში 2 წლის გახდება. "დედობა ყოფილა ყველაზე კარგი რამ ამ ქვეყანაზე! ამას ვერაფერს შევადარებდი..." - ამბობს ქალბატონი ნათელა. "61 წლამდე უაზროდ მიცხოვრია! ცხოვრებას სიხალისე, სიყვარული და ყველა სიკეთე მას შემდეგ მიეცა, როდესაც ღმერთმა გიორგი მაჩუქა!" - გვითხრა ბატონმა გურამმა.