ვინ არის სომელიე და რა დატვირთვა აქვს მას თანამედროვე გასტრონომიაში - კვირის პალიტრა

ვინ არის სომელიე და რა დატვირთვა აქვს მას თანამედროვე გასტრონომიაში

რუბრიკას წარმოგიდგენთ მედიაპორტალი და ღვინის ონლაინმაღაზია Allwine.ge, სადაც შეგიძლიათ ონლაინ მიიღოთ კონსულტაციაც და შეიძინოთ ხარისხიანი ღვინოც.

სომელიეს დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მაღალი სტანდარტების შექმნასა და განვითარებაში არა მარტო ღვინის ბარებსა თუ მაღაზიებში, არამედ ყველა იმ ობიექტზე, რომლებიც ღვინის სხვადასხვა სახეობას სთავაზობენ მომხმარებელს, მით უმეტეს, რომ სადილსა თუ ვახშამზე სწორად შერჩეული ღვინის დაგემოვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს

სიტყვა "სომელიე" არის ფრანგული წარმოშობის და პროფესიაც საფრანგეთიდან მოდის."სომერი" იყო უღელი ხარი, რომლითაც შუა საუკუნეებში გადაჰქონდათ ღვინის კასრები, სომელიე კი იყო პირი, რომელიც მეფისთვის განკუთვნილი ღვინის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, ის ყოველი ტრაპეზის წინ სინჯავდა ღვინოსა და საჭმელს, რათა მოწამლული პროდუქტი აერიდებინა მეფისთვის. ღვინის გასასინჯად იყენებდა სპეციალურ ვერცხლის თასს, რომელსაც, ძირითადად, ყელზე ჩამოკიდებულს ატარებდა.

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პარიზში გაჩნდა რესტორნები, რომლებშიც მაღალი კლასის მომსახურება იყო და ამ მომენტიდან სომელიე თანდათან რესტორნებშიც ემსახურება კლიენტებს.

თანამედროვე სამყაროში, რა თქმა უნდა, სომელიეს მოვალეობები წარსულთან შედარებით შეიცვალა, დაიხვეწა და გაცილებით საინტერესო გახდა. სომელიე აკავშირებს მწარმოებლებსა და ღვინით დაინტერესებულ კომპანიებსა თუ ცალკეულ პირებს ერთმანეთთან, შესაბამისად, რაც შეიძლება კარგად უნდა იცნობდეს თითოეულ ნაწარმს. ამისათვის სომელიე ხშირად სტუმრობს სხვადასხვა რეგიონს, აჭაშნიკებს ღვინოებს, ესაუბრება მწარმოებლებს, შეისწავლის ვენახს და ინტერესდება ყველა იმ დეტალით, რომლებიც გავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე: ნიადაგი, ადგილწარმოშობა, ჯიშები, კლიმატი, როგორ ტარდება რთველი, ფერმენტაცია და ტექნოლოგია, სად და როგორ ვარგდება ღვინო, შენახვის პოტენციალი და გასტრონომიული წყვილი.

სომელიეს პირდაპირი მოვალეობაა: ღვინის ასორტიმენტის მოძიება, შერჩევა-შესყიდვა, დასაწყობება და მარაგების მართვა, ღვინის ბარათის შექმნა და პერიოდულად განახლება, შეთავაზება და კერძებთან შეხამება, სწორი სერვირება. მას უნდა შეეძლოს დეგუსტაციების ჩატარება და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გადაცემა. უნდა აღმოაჩინოს ახალი მწარმოებლები, ჩაერთოს სხვადასხვა ღვინის ფესტივალსა თუ ღონისძიებაში. მაქსიმალურად ჰქონდეს ინფორმაცია მსოფლიოს ახალ ტენდენციებზე.

"სომელიეობა" საქართველოში ახალი მიმართულებაა, ამიტომაც დამსაქმებელს სომელიემ აუცილებლად კარგად უნდა აუხსნას და გააცნოს საკუთარი პროფესია: დაანახოს, რა შეიძლება გაუმჯობესდეს გასტრონომიული კუთხით საკვებ ობიექტებზე, როგორ შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაცია არა მარტო ღვინით, არამედ სწორი შეთავაზებითა და სწორი მომსახურებით.

გიორგი ქადაგიშვილი

Allwine.ge-ს უფროსი სომელიე