"თამაშის გამო სამი შვილი მივატოვე" - კვირის პალიტრა

"თამაშის გამო სამი შვილი მივატოვე"

ყველაფერი უწყინარი თამაშით დაიწყო. რეპეტიტორთან მყოფ შვილს დერეფანში ელოდებოდა და დროის გასაყვანად სოციალურ ქსელში იქექებოდა... სწორედ იქ ითამაშა რაღაც თამაში, ქულები დააგროვა და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ ახალ ლეველზე გადასასვლელად სიმბოლურად 1 ლარის ჩარიცხვამ მოუწია. იმ თანხით 17 ლარი მოიგო და ასე დაიწყო ტრაგედიაც...

ახლა სამი შვილი ქმრის ოჯახში დატოვა და 10.000 დოლარზე მეტი ვალით დის სახლს შეაფარა თავი. სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ანა, 32 წლის: - სამი გოგონა მყავს და 6 თვეზე მეტია, არ მინახავს. ჩემი შვილების გარეშე განვლილ ყოველ დღეს ვითვლიდი, შემდეგ კი დინებას მივყევი... ახლა ერთ რამეს ვნანობ, რატომ არ გავუმხილე მეუღლეს გასაჭირი. შემეშინდა, დავუმალე და მერე უკვე გვიან იყო...

თავდაპირველად, კვირაში 5 ლარს ვთხოვდი, მობილური ოპერატორები რაღაცას ურევენ, ასე სწრაფად ფული როგორ მეჭრება-მეთქი? შემდეგ - კვირაში ორჯერ, სამჯერ... მეუღლეს პატარა სურსათის მაღაზია აქვს და მის გამყიდველ გოგონას ვართმევდი ფულს, თან ხუმრობით ვაფრთხილებდი, ჩემს ქმარს არ უთხრა, მე თვითონ დაგიბრუნებ, ბოლო დროს გაწუწურაქდა, სამი შვილი რომ ჰყავს, არ ახსოვს-მეთქი. თავიდან ისიც ქალურ სოლიდარობას მიცხადებდა, მაგრამ როცა რამდენჯერმე მივადექი, კიდევ მომეცი ფული და ყველაფერს ერთად დაგიბრუნებ-მეთქი, შეყოყმანდა, მაგრამ უარი მაინც ვერ მითხრა. შემეშინდა, ქმარს არაფერი უთხრას-მეთქი, დაქალს გამოვართვი საჭირო თანხა და გამყიდველ გოგონას ვალი დავუბრუნე.

დაქალი მოვატყუე, თავი ხშირად მტკივა, რაღაც ცუდი სიმპტომები მაქვს და ტომოგრაფიისთვის 400 ლარი მჭირდება-მეთქი. მას ძალიან ვუყვარდი და შეშფოთდა, ამდენი ფული არა მაქვს, მაგრამ ოქროს სამკაულებს დავალომბარდებო... ვატყუებდი მამამთილს, შენი პენსია საფულესთან ერთად ჩანთიდან ამომაცალეს-მეთქი; დედამთილს - წამალი გაუძვირებიათ და თანხის დამატება მჭირდება-მეთქი...

ონლაინთამაშებში ერთი ბიჭი გავიცანი, ისიც მოთამაშე. მეფლირტავებოდა. მას ჩემზე მეტად ჰქონდა შეტოპილი, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევდი, დილა-საღამოს ვმესიჯობდით... ერთხელაც ვუთხარი, აღარ მომწერო-მეთქი, ის კი მუქარაზე გადავიდა, თანხას თუ არ ჩამირიცხავ, ჩვენს მიმოწერას შენს ქმარს სოციალური ქსელის გვერდზე საჯაროდ გამოვუქვეყნებო. 1.000 ლარი ვისესხე და მივეცი. შემდეგ შემეშვა, ეტყობა, სხვა იპოვა, უფრო ფულიანი, მე კი მისგან მიღებული "განათლება" სხვასთან გამოვიყენე - ცოლიან კაცებს ვწერდი და შემდეგ ვაშანტაჟებდი...

- ანუ ფულს სძალავდით?

- დიახ, ანგარიშზე ვარიცხვინებდი... ერთხელ ქმართან მორიგი სკანდალის შემდეგ დედასთან წავედი. ფერწასული დამხვდა, ბანკი სახლს გვართმევსო... ვალები მაქვს, ვერ ვიხდიდი, სახლი ჩავდე, საბერძნეთში უნდა წავეყვანე ერთ ქალს, მაგრამ დამსაქმებელს უთქვამს, ახალგაზრდა უნდა იყოს, 30 წლამდეო... სინამდვილეში, დედას არ ენდნენ... დედას უნდოდა მე გავეშვი, მაგრამ ვუთხარი, ბავშვებს ვერ დავტოვებ-მეთქი. ჩემი დაც ვერ დაიყოლია და რძალს, ჩემი ძმის ცოლს მიადგა. მასაც ორი შვილი ჰყავს, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვა... ჩემი რძალი რამდენიმე თვე გზავნიდა ფულს, მაგრამ დედას მევალეები მაინც აკითხავდნენ და ბანკის ოფიცერიც ხშირად ურეკავდა. ერთ დღეს ჩემს ძმას მეგობარმა უთხრა, დედაშენი კაზინოდან გამოსული რამდენჯერმე ვნახეო.

- დედაც თამაშობდა?

- დიახ, თავის მეგობრებთან ერთად.  მეც ვერ შევეშვი...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

ლალი პაპასკირი