"ქართული პროზის ლომი - დიდი კონსტანტინე" - კვირის პალიტრა

"ქართული პროზის ლომი - დიდი კონსტანტინე"

წიგნების კითხვა ძალიან პატარას დაუწყია. "ქართლის ცხოვრების" კითხვისას ბევრჯერ აუტირებია, თურმე, ვახტანგ გორგასლის, გიორგი პირველის, ბაგრატ მეოთხის, დავით აღმაშენებლის, თამარ-მეფის, გიორგი ბრწყინვალის, სიმონ მეფისა და ერეკლე მეორის გარდაცვალების ეპიზოდებს.

7 წლისას დაუქადია, წამოვიზრდები და ჩვენი ქვეყნის მტრებს გავჟუჟავო. ოცნებობდა, დიდი გენერალი გამხდარიყო, ლაშქარი შეედგინა და საქართველოს მტრები შეემუსრა... მას შემდეგ ბევრჯერ "იქუხა და იწვიმა საქართველოს თავზე". მეოცნებე ლაშქრის გენერალი ვერ გახდა, ხუროთმოძღვარი - კი.

"ქვაში ჩაკირული საიდუმლო" გააცხადა სიტყვაში და ახლა სხვას, მისეული "ქართლის ცხოვრების" მკითხველს აოცნებებს გენერლობაზე. აოცნებებს და... ეგებ აცრემლებს კიდეც.

"ქართული პროზის საგანძურის" 26-ე ტომით სრულდება კონსტანტინე გამსახურდიას შესანიშნავი რომანი "მთვარის მოტაცება" - ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად ტრილოგიის მესამე ნაწილს მიიღებთ.

დიდოსტატ მწერალზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა მისი ცხოვრება და შემოქმედება სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. დღეს რამდენიმე ეპიზოდს გიამბობთ მწერლის ცხოვრებიდან -  მისსა თუ სხვების მოგონებასაც და ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის, ბატონი ჟანი სიხარულიძის შეკრებილსაც, რაც მეტ-ნაკლებად წარმოაჩენს დიდოსტატის ბუნებას.

"კონსტანტინეს გალაკტიონ ტაბიძისთვის უთქვამს: ჩვენ დიდი ხალხი ვართ და შესაბამისადაც უნდა მივმართოთ ერთმანეთს სხვათა დასანახადო. მე გეტყვი მისალმებისას: საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოს-მეთქი, შენ კი მიპასუხე: ქართული პროზის ლომს, დიდ კონსტანტინეს გაუმარჯოსო. ჰოდა, შეთანხმებულან და ხელიც დაურტყამთ ერთმანეთისთვის. ცოტა ხნის მერე, ვიღაცის დაკრძალვისას კონსტანტინეს გალაკტიონის დანახვაზე უთქვამს: საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, რაზედაც გალას უპასუხია, - ვააააა, კოწიას ვახლავარო!"

"დიმიტრი გულიას უთქვამს: მე აფხაზი ვარ, რადგან აფხაზეთში დავიბადეო, რაზეც კონსტანტინეს უპასუხია, - თავლაში რომ დაბადებულიყავი, ცხენი იქნებოდიო?"

"ერთს უთქვამს: ბატონო კონსტანტინე, გვერდწითელმა გაგაკრიტიკათო. - სულ წითლებმა რა დამაკლეს და გვერდ წითელმა რა უნდა მავნოსო, - უპასუხია".

"ცნობილია, რომ კოწია საკმაოდ ხელმოჭერილი კაცი იყო. ერთხელაც ერთმა ტაქსისტმა, რომელსაც კონსტანტინემ ზედმეტი არ გადაუხადა, ვითომ მისი შერცხვენა გადაწყვიტა და ასე უთხრა: აქ, ამ სახლში ერთი ახალგაზრდა კაცი (ე.ი.ზვიადი) მომყავს ხოლმე და ყოველთვის კარგად მიხდისო. - იმას მამა აკადემიკოსი ჰყავს და მე საწყალი კი ობოლი ვარო, მიახალა კონსტანტინემ ტაქსის მძღოლს".

"გამომცემლობა "სახელგამის" შენობაში ბატონი კონსტანტინე შეხვდა ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" მთავარ რედაქტორს, ოთარ კაციტაძეს. მიესალმა და მოიკითხა: ამჟამად სად მოღვაწეობ, რას აკეთებო. ოთარმა უპასუხა, რომ იგი გახლდათ ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" მთავარი რედაქტორი. კონსტანტინემ ორივე ხელი გაასავსავა და შესძახა: საოცარი ხალხი ხართ კომუნისტები, სამართალი არ გაქვთ და ჟურნალი კი გაქვთო!"

"ეროვნული ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იყო. როგორც იმდროინდელი თანამშრომლები იხსენებენ, დარბაზში ერთსა და იმავე მაგიდასთან იჯდა... ომის მძიმე დღეებში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გახლდათ სანდრო ეული (ქურიძე). მის კაბინეტშიც ხშირად იჯდა ბატონი კონსტანტინე. პოეტი იოსებ გრიშაშვილი სწორედ იმ დროს შევიდა დირექტორთან და რომელიღაც ჟურნალი სთხოვა სახლში წასაღებად. სანდრო ეულმა სასტიკი უარი უთხრა.

განაწყენებულმა პოეტმა კაბინეტი დატოვა. - რატომ უთხარი უარი ასეთ საყვარელ კაცს, ხომ იცი, როგორ უყვარს წიგნებიო? – ჰკითხა ბატონმა კონსტანტინემ. - ზუსტად მაგ მიზეზით. შეეცდება, აღარ დამიბრუნოს ჟურნალი. გარდა ამისა, არ მიყვარს, როგორც პოეტი.

ის რა პოეზიაა, სადაც ავტორი საქვეყნოდ ყვირის, რომ უყვარს ქალის ფეხის თითების კოცნაო. - მეც ვარჩევდი, ქალის ფეხის თითები დამეკოცნა, ვიდრე კომუნისტების ერთი ბინძური ადგილი, როგორც ამას ზოგი პოეტი სჩადისო, - ირონიით შენიშნა ბატონმა კონსტანტინემ. მას მხედველობაში ჰქონდა კომუნისტური ლექსები ეგრეთ წოდებული პროლეტარული პოეტებისა, რომელთა რიგებსაც თავად სანდრო ეული მიეკუთვნებოდა"...

რეზიუმედ კი ისევ კონსტანტინე გამსახურდიას ნათქვამს მოვიშველიებ: "განა მე სადმე გამომიცხადებია უცოდველი პაპი ვარ და ადამიანური ზადი არ გამაჩნია-მეთქი? ჩემი ადამიანური ნაკლი ხომ არავისთვისაა საინტერესო? მწერლისაგან მხოლოდ ის რჩება, რაც ტილოზე გადააქვს, სხვა ყოველივე ქვიშაზე გავლილი ქარის ნაკვალევია, რადგან მის სიკვდილთან ერთად სხვა ყოველივე წარიხოცება!"

ირმა ხარშილაძემ