რელიგიური დივერსია ამანათებით... - კვირის პალიტრა

რელიგიური დივერსია ამანათებით...

საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული სიტყვისა და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება, ამიტომაც ყველა საკუთარი მოძღვრების ჭიას ახარებს. თუ ხმის ამოღებას გაბედავ, მაშინვე რელიგიური შუღლის გაღვივებას ან, უკეთეს შემთხვევაში, ჩამორჩენილობას დაგწამებენ. ამის შიშით ჩვენი საზოგადოება გვარიანად დაზარალდა, - ქვეყანა საეჭვო წარმოშობის რელიგიებად მონათლული მოძღვრებების მორევშია ჩათრეული.

სახელმწიფოში რელიგიური დივერსიებისგან თავდაცვის მექანიზმი არ არსებობს, სამაგიეროდ, სხვადასხვა  ორგანიზაციას კარგად აქვს დამუშავებული სტრატეგია და გეგმები საქართველოში სამოქმედოდ.

ამჯერად ახალ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას გვთავაზობენ. მისი პოპულარიზაციის სტრატეგია ისე ზედმიწევნით არის დაგეგმილი, რომ ჩანს, ამ საქმეზე გულმოდგინედ და დიდხანს იმუშავეს და გამოუვიდათ კიდეც.

ჩემმა რესპონდენტმა სამსახურიდან დათხოვნის შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის ერთ-ერთი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია: "ცოტა ხნის წინ ბიბლიოთეკის იურიდიულ მისამართზე წერილი მივიღეთ, - საქართველოს საერთაშორისო ფოსტამტიდან გვატყობინებდნენ, თქვენს სახელზე დანიიდან ამანათი მოვიდა და თბილისის საბაჟოს ტერმინალს მიაკითხეთო.

KvirisPalitra.Geთუ გადავაცილებდით განბაჟების 20-დღიან ვადას, ჯარიმა დაგვეკისრებოდა. გამიკვირდა, ვის უნდა გამოეგზავნა ჩვენი მიყრუებული რაიონის ბიბლიოთეკისთვის დანიიდან საჩუქარი. წერილში ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული და დავრეკე. მაინტერესებდა, რა საჩუქარზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე. მიპასუხეს, ჩამობრძანდით თბილისში და აქ გაარკვევთ ყველაფერსო. დაჯარიმების შიშით იძულებული გავხდი წავსულიყავი.

ახლა ადვილი მოსაყოლია, თორემ რაც იქ ვნახე, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ტერმინალში გავიგე, რომ დანიიდან საჩუქარი არა მხოლოდ ჩემი ბიბლიოთეკის, არამედ საქართველოს ყველა ბიბლიოთეკისთვის გამოუგზავნიათ, გადაჭედილი იყო იქაურობა. მე საჩუქრის მიმღებთა რიგში სამასრაღაცმერამდენე ვიყავი.

თანაც, ვერაფრით გავარკვიე, რა საჩუქარი იყო. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ თქვა, სექტანტური ლიტერატურააო. ვის რაში სჭირდებოდა სექტანტური ლიტერატურა? თანაც, მისი განბაჟების თანხა ჩვენ უნდა გადაგვეხადა. უარის თქმა დავაპირე, მაგრამ ნურას უკაცრავად. გვითხრეს, აუცილებლად უნდა განაბაჟოთ და წაიღოთ, თორემ ჯარიმა დაგეკისრებათო. უკან დააბრუნეთ, არ მჭირდება ეს უბედურება-მეთქი. კი ბატონოო, მითხრეს, ოღონდ ჯერ უნდა განაბაჟო და ამაში ფული გადაიხადოო. სად აქვთ გაძვალტყავებულ ბიბლიოთეკებს ამდენი ფული? იძულებული გავხდი, გამომეტანა "საჩუქარი".

აეროპორტის ტერმინალსა და დადიანის ქუჩას შორის 5-6 გზა გავაკეთე. ხან აქეთ გაგვიშვეს, ხან იქით. გადამახდევინეს ბაჟი, ორი ქვითარი გამომიწერეს 28-ლარიანი და 13-ლარიანი. მერე საბაჟო დეკლარაცია იყო შესავსები, ამასაც თანხა დასჭირდა, წინ და უკან სირბილის ხარჯებიც დაერთო და კი დაგვიჯდა ეს "სიამოვნება" 150 ლარი! გაგიგიათ, საჩუქარი არ გინდოდეს და ძალიც გტენიდნენ?

მოკლედ, "სანუკვარი საჩუქარი" დანიიდან ჩვენი ბიბლიოთეკებისთვის გამოგზავნილი საიენტოლოგიური ლიტერატურა აღმოჩნდა. ამანათში 10 წიგნი იდო. ლიტერატურას თან ახლავს ინსტრუქცია, გამომგზავნი კატეგორიულად მოითხოვს, შევავსოთ კითხვარი და სასწრაფოდ უკან გავგზავნოთ.

კითხვარში მითითებულია, თუ ჩავუტარეთ ინვენტარიზაცია "საჩუქარს", თუ შევიტანეთ კარტოთეკაში, როგორ მოეწონა მკითხველს, რამდენმა ადამიანმა და დროის რა მონაკვეთში გამოხატა ამ ლიტერატურით დაინტერესება და ა.შ. ძალიან არ მინდა ამ წიგნების კარტოთეკაში გატარება, მაგრამ საბაჟოში ბიუჯეტის თანხა გადავიხადე და რომ მომკითხავენ, რაში დავხარჯე ეს თანხა და წიგნები კი არ მექნება ადგილზე, რა ვქნა? არადა, რაში გვჭირდება სექტანტური ლიტერატურა?

ამის გამომგზავნმა ძალიან კარგად იცოდა ჩვენი საბაჟო კანონმდებლობის ამბავი. თუ ვინმე არ მოისურვებდა მის გატანას და უარს იტყოდა, მაინც არ გაუვიდოდა ჯარიმის შიშით. ეს ხომ რელიგიური დივერსიაა?!"

ჩვენი რესპონდენტის ნაამბობი, სამწუხაროდ, სიმართლეა. საქმე ის არის, რომ მართალია, საქართველოს საგადასახადო კოდექსით წიგნები გათავისუფლებულია საგადასახადო ვალდებულებისაგან, მაგრამ კანონი მხოლოდ ქაღალდზე წერია და როცა საქმე საქმეზე მიდგება, გადასახადი ათჯერ მაინც აღემატება  წიგნის ღირებულებას.

თითქოს გამოსავალი მარტივია: თუ წიგნი არ მოგწონს და არც გჭირდება, შეგიძლია უკან დააბრუნო ან სულაც უარი თქვა მის წამოღებაზე, მაგრამ სიყვარულისა არ იყოს, ჩვენს კანონსა და სამართალს რას გაუგებ კაცი! ერთი სიტყვით, უსარგებლო ამანათის დაბრუნება მხოლოდ მაშინ შეგიძლია, თუ ჯერ განაბაჟებ, 100 ლარს გადაიხდი და მერე უკან გაგზავნი. უკან გაგზავნა კი დამატებით 100 დოლარზე მეტი ჯდება! ახლა ისიც ვნახოთ, თუ უარი თქვი ამანათზე, რამდენს იზარალებ.

თუ ამანათს 20 დღის განმავლობაში არ მიაკითხავ და არ განაბაჟებ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასლარიანი ჯარიმა გერიცხება (მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა); თუ მაინც გაჯიუტდი და ამ აბსურდს არ შეეგუე, უარესი გელის: სპეციალურ მონაცემთა ბაზაში შეგიყვანენ და შენს მისამართზე მოსულ ყველა ტვირთს დააკავებენ! ერთი სიტყვით, გინდა თუ არა, გჭირდება თუ არა, მაინც უნდა გადაიხადო, თან არცთუ პატარა თანხა.

მართალია, კანონში მითითებული საბაჟო მოსაკრებელი 3.000 ლარზე ნაკლებად ღირებულ ტვირთზე მხოლოდ 5 ევროა, სამაგიეროდ, საბაჟო დეკლარაციის შევსება ღირს 50 ლარი, ამას ემატება საწყობის თანხაც და... ეს კანონი ფიზიკურ პირებზე, ანუ რიგით მოქალაქეებზე, არ ვრცელდება, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის არის განკუთვნილი და ამასთან, კარგი საშუალებაა რელიგიური დივერსიებისთვის.

ჩვენ დანიური "საჩუქარი" ქვეყნის სხვადასხვა რაიონის ბიბლიოთეკებში მოვიკითხეთ. თურმე, ბევრს უარი უთქვამს მის გამოტანაზე და ახლა "ბეგარას" ელოდება - სულ ცოტა, 500-ლარიან ჯარიმას. ზოგიერთი ბიბლიოთეკის კოლექტივმა კი ამანათის უკან დასაბრუნებლად თავისი ფული გადაიხადა.

როგორც შევიტყვეთ, ბიბლიოთეკების უმრავლესობამ, განსაკუთრებით რაიონებში, საიენტოლოგიური ლიტერატურა იძულებით მიიღო და ამიტომაც კარტოთეკაში შეტანასაც აპირებს...

სხვათა შორის, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ საიენტოლოგია რელიგიად არც აღიარა, რამდენიმე ქვეყანაში კი მისი მიმდევრობა კანონით ისჯება.

KvirisPalitra.Geსაიენტოლოგია

საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც ამერიკელმა მწერალ-ფანტასტმა რონ ჰაბარდმა შექმნა. მისი მიზანი თითქოს კეთილშობილურია, - ადამიანური შესაძლებლობების სრულყოფასა და სულიერად ამაღლებას ემსახურება. საიენტოლოგია აერთიანებს ფილოსოფიისა და სულიერი სრულყოფილების ტექნიკის ფლობასა და ისეთ სფეროებს, როგორიცაა მორალი, ეთიკა, განათლება, მართვის ტექნოლოგიები და სხვ.

საიენტოლოგიაში ორ მიმდინარეობას გამოყოფენ: საიენტოლოგიურ ეკლესიასა და ე.წ. "თავისუფალ ზონას". საიენტოლოგიური ეკლესია 1953 წელს დაარსდა და ჰაბარდის ქონების დიდი ნაწილის მემკვიდრეც გახდა. "თავისუფალი ზონა" მას გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოეყო განხეთქილების გამო.

თავის მხრივ, საიენტოლოგიური ეკლესია "თავისუფალ ზონას" არ ცნობს. ამ ფილოსოფიურ-რელიგიურ სწავლებას მსოფლიოს 100 ქვეყანაში ჰყავს მიმდევრები. მის მიმდევართა შორის არიან კულტურის ცნობილი მოღვაწეები. ის განსაკუთრებით მოდური და პოპულარულია ჰოლივუდში.

ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი (ნიკოლ კიდმანი, ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა, ჯინა ელფმანი, კელი პრესტონი, კერსტი ელი, მიშელ ფაირმანი, ჯეისონ ლი, უილ სმიტი, დასტინ ჰოფმანი, რობი უილიამსი, პრისცილა პრესლი, კეიტ ჰოლმსი და სხვები) მისი მიმდევარია.

ადამიანს ამ ეგრეთ წოდებული რელიგიით თავგზას ასეთი მითებით უბნევენ: თითქოს საიენტოლოგია ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, განივითაროს ნებისმიერი უნარი, აიმაღლოს ინტელექტი, განიკურნოს დაავადებებისგან და სრულ ბედნიერებასა და სულიერ თავისუფლებას ეზიაროს.

მიუხედავად ასეთი კეთილშობილური დოქტრინისა, საიენტოლოგია მსოფლიოში ყველაზე კონფლიქტურ კონფესიად ითვლება, რადგან მისი მიმდევრები მუდმივად სკანდალებში არიან გახვეული, ხშირია სასამართლო პროცესებიც.

კრიტიკოსების აზრით, ამ მიმდინარეობას საერთო არაფერი აქვს ჰუმანიტარულ, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიზნებთან, ეს არის წმინდა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეგრეთ წოდებული თავისი ლიდერების გამდიდრებას ემსახურება.

საიენტოლოგიას არ ცნობენ - საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, მექსიკა. გერმანელები მას კომერციულ, ბელგიელები კი დანაშაულებრივ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ბელგიაში მისი მიმდევრობა კანონით ისჯება.

საიენტოლოგიურ "ეკლესიას" ბრალი ედება სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობაში ან სამედიცინო დახმარების თავისებურ აღმოჩენაში, რომელიც არაერთხელ დამთავრებულა სავალალო შედეგით. თავის დროზე მსოფლიოში გახმაურდა ლაიზა მაკფერსონის ამბავი. ის 18 წლისა გახდა საიენტოლოგიური ეკლესიის მრევლის წევრი. ერთხელ ავტოავარიაში მოყვა და ფსიქიატრების დახმარება დასჭირდა.

საიენტოლოგებმა ის თავიანთ ცენტრში გამოამწყვდიეს, რომ ფსიქიატრების ჩარევა არ დაეშვათ. 17 დღის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა. 1988 წელს კი ფრანგი პატრის ვიკი ფანჯრიდან მხოლოდ იმიტომ გადმოხტა, რომ საიენტოლოგიური კურსის დასახურავად საჭირო ფული ვერ იშოვა. სასამართლომ ამ ტრაგედიაში საიენტოლოგიური ეკლესიის ყოფილი ხელმძღვანელი დაადანაშაულა და ბრალად თაღლითობა და ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა დასდო.